LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუქარები იყო, სიტყვიერიც და ფიზიკურიც, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს – დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩატარდება“ – ადვოკატი დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე

338
ნათია მეზვრიშვილი დავით ბუავა

გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბუავას ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

გარდაცვლილი ბლოგერის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება, საიდანაც მას თბილისშივე, მეგობრის სახლში გადაასვენებენ.

ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან ერთად აქტიურად მუშაობს სიმართლის და ყველა გარემოების დასადგენად.

შსს-მ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

„ვიდრე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარდება, გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ და ვერავინ იტყვის, გარდაცვალება რამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გარემოებას მოვიკვლევთ, ჩვენც და გამოძიებაც ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, რათა სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება საეჭვო გარემოებებს, ამ ეტაპზე, როგორც იცით, გამოძიება მუშაობს, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ გამოძიებასთან და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ გავაჟღერებთ“, – აცხადებს მეზვრიშვილი.

კითხვაზე, თუ ვინ არის დაკავებული ქალი, ან ჰქონდა თუ არა ადვოკატს დაურ ბუავას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ მას ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძიებასთან აქვს კონტაქტი.

„ჩვენ გამოძიებასთან გვაქვს კომუნიკაცია და როგორც გამოძიებისგან გვაქვს ინფორმაცია, დაკავებული არის მისი მეგობარი, თუმცა, ეს არის გამოძიების ვერსია, სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სარწმუნოა მისთვის შსს-ს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილმა და დაკავებულმა ნარკოტიკი მოიხმარეს, რის შემდეგაც ის მეგობარმა განსაცდელში, ცუდად მყოფი მიატოვა, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ვერსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალს მოვიკვლევთ, ვაპირებთ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩავატაროთ“, – აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, მოითხოვს თუ არა ის განსაცდელში მიტოვების მუხლით დაწყებული გამოძიების სხვა მიმართულებით წასვლას, ან აქვს თუ არა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა, მკვლელობა იყოს, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ეს გამოძიების დასადგენია. გამოძიების და ჩვენი მოკვლევის შედეგად რაც დადგინდება, ამის შემდეგ აქტიურად ვიმუშავებთ გამოძიებასთან ამ მუხლის კვალიფიკაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუავა გარდაცვალებამდე მუქარებს იღებდა, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული მუქარები იყო, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მისი გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. დაურ ბუავა ბლოგერი იყო, ის აქტიურად წერდა ვიდეოებს საქართველოზე და აფხაზებთან ურთიერთობებზე, ეს რა თქმა უნდა, აფხაზებს არ მოსწონდათ“, – აცხადებს ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები