ნიდერლანდების ქალაქ არნემში უჩვეულო კაფე გაიხსნა, სადაც შეკვეთის გაკეთება მხოლოდ ჟესტების ენის გამოყენებით არის შესაძლებელი. სტუმრებს ენის წინასწარ სწავლა არ სჭირდებათ – შეკვეთის დახლთან განთავსებულ ეკრანზე საჭირო ჟესტის ვიდეოს უჩვენებენ და მომხმარებელმა მოძრაობა უბრალოდ უნდა გაიმეოროს.
კაფე ენერგეტიკული კომპანია TenneT-ის თანამშრომლების სასადილოში მდებარეობს, ხოლო ბარის უკან ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები მუშაობენ. პროექტის მიზანი მათთვის სამუშაო გამოცდილების შექმნა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაა.
მომხმარებელი ეკრანზე სასურველ სასმელს ირჩევს – მაგალითად, ლატეს ან კაპუჩინოს რის შემდეგაც შესაბამისი ჟესტის მოკლე ვიდეოს ხედავს. იგივე პრინციპით შესაძლებელია რძის ტიპის, ჭიქის მოცულობისა და შეკვეთის სხვა დეტალების არჩევაც. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ, როგორ გამოიხატება ჟესტების ენაზე „გთხოვთ“ და „მადლობა“.
კაფე ნიდერლანდურმა ორგანიზაციამ Sign Language Coffee Bar გახსნა. ორგანიზაცია ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ყავის მომზადებასა და მომხმარებლებთან მუშაობას ასწავლის, შემდეგ კი მათ მუდმივი სამსახურის მოძიებაში ეხმარება.
ორგანიზაციამ თავისი ბარისტებისთვის სპეციალური სახელიც კი შექმნა – „Gebaarista“, რომელიც ნიდერლანდური სიტყვა gebaar-ისგან, ანუ „ჟესტისგან“, და სიტყვა „ბარისტასგან“ არის შედგენილი.
პროექტის ავტორების იდეა მხოლოდ უჩვეულო კაფეს შექმნა არ არის. მათ სურთ, რომ სტუმრებმა ყოველდღიურ გარემოში ჟესტების ენის გამოყენების გამოცდილება მიიღონ, ხოლო ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და შრომის ბაზარზე მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.