ხანდაზმულთა ზრუნვის სახლი „ოქროს წლები“ ბენეფიციარებს უსაფრთხო, ოჯახურ გარემოს, ყოველდღიურ ზრუნვასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს სთავაზობს.
როგორც „ოქროს წლების“ დამფუძნებელმა, ექიმმა ლევან ბესელიამ, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესი ფორტუნაზე“ საუბრისას აღნიშნა, პროექტის მთავარი პრინციპი ბენეფიციარების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, მათი უსაფრთხოება და საჭიროებებზე მორგებული ზრუნვაა.
მისი თქმით, საქართველოში ხანდაზმულთა მოვლის ისეთი სივრცეების საჭიროება კვლავ დიდია, რომლებიც ბენეფიციარებს არა მხოლოდ ყოველდღიურ დახმარებას, არამედ ჯანმრთელობაზე სისტემურ ზრუნვასაც სთავაზობენ. სწორედ ამიტომ, „ოქროს წლებში“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ყოველკვირეულად სტუმრობენ დაწესებულებას და ბენეფიციარების მდგომარეობას აფასებენ. მათ შორის არიან თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი.

საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტები ბენეფიციარებს ამბულატორიული მკურნალობის დაწყებაშიც ეხმარებიან, ხოლო თუ მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, დაწესებულება ამ პროცესშიც უზრუნველყოფს მხარდაჭერას. მკურნალობის გაგრძელება ბენეფიციარის ან მისი მეურვის თანხმობით ხდება.
„ოქროს წლებში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. ბენეფიციარებისთვის ტარდება სხვადასხვა შემოქმედებითი და გასართობი აქტივობა, მათ შორის არტთერაპია და თემატური საღამოები. როგორც ლევან ბესელია აღნიშნავს, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ხანდაზმულების განწყობის გაუმჯობესებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ხალისის შეტანას.
დამფუძნებლის თქმით, დაწესებულების გარემო თავად არის პასუხი იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საქართველოში ხანდაზმული ოჯახის წევრის სპეციალიზებულ ზრუნვის სახლში განთავსებას უკავშირდება. მისი განმარტებით, როდესაც ოჯახის წევრები ან თავად ხანდაზმულები ადგილზე მიდიან და გარემოს ეცნობიან, ხედავენ, რომ ეს არის მშვიდი და ოჯახური სივრცე, სადაც მათ საჭიროებებზე ზრუნავენ.
„ოქროს წლები“ ორთაჭალაში, ირაკლი ჟორდანიას ქუჩის №1-ში მდებარეობს. დაწესებულებას დაახლოებით 30 ბენეფიციარის მიღება შეუძლია, მათ შორის როგორც დამოუკიდებლად მოსიარულე, ისე საწოლს მიჯაჭვული ადამიანების. ლევან ბესელიას განცხადებით, სამომავლოდ კომპანია სერვისების გაფართოებასა და სამედიცინო მიმართულების განვითარებას გეგმავს, რათა ბენეფიციარებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო შექმნას.
