LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ორსეის მუზეუმი 225 ხელოვნების ნიმუშის მფლობელსა და მემკვიდრეს ეძებს

115
ქირიას NEWS შაბლონი (7)

პარიზის ორსეის მუზეუმი 225 ხელოვნების ნიმუშის კანონიერ მფლობელებსა და მათ მემკვიდრეებს ეძებს. კოლექციაში იმპრესიონიზმის ისეთი ცნობილი ოსტატების ნამუშევრებიცაა, როგორებიც არიან კლოდ მონე, ედგარ დეგა და ოგიუსტ რენუარი.

ეს ნამუშევრები საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოჩნდა. ისინი ნაცისტების მიერ ოკუპაციის პერიოდში ხელოვნების ნიმუშების ძარცვას უკავშირდება და სპეციალური სტატუსით – Musees Nationaux Recuperation (MNR) ინახება.

MNR-ის სტატუსის მქონე ნამუშევრები საფრანგეთის მუზეუმებში დროებით ინახება მანამდე, სანამ მათი კანონიერი მფლობელები ან მემკვიდრეები არ დადგინდება. სწორედ ამიტომ ორსეის მუზეუმი ნამუშევრების წარმომავლობის შესწავლას და შესაძლო მფლობელების მოძიებას აგრძელებს.

მუზეუმში დაცულ 225 ნამუშევარს შორისაა ედგარ დეგას „სადილი ბალზე“, რომელიც 1879 წელს შეიქმნა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ფერნან ოქსეს ეკუთვნოდა – მდიდარი ებრაული ოჯახის წარმომადგენელს, რომელიც მეუღლესთან ერთად ოსვენციმში გადაასახლეს და იქ დაიღუპა. მოგვიანებით ნახატი გერმანიის ქალაქ კარლსრუეს მუზეუმში აღმოჩნდა.

კოლექციაშია ასევე ოგიუსტ რენუარის „მადამ ალფონს დოდეს პორტრეტი“, რომელიც 1876 წელსაა შექმნილი. ნახატზე გამოსახულია მწერალ ალფონს დოდეს მეუღლე ჟული დოდე. მისი წინა მფლობელების ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ორსეის მუზეუმში ამ ნამუშევრებისთვის სპეციალური საგამოფენო სივრცეც გაიხსნა, რომლის მთავარი გზავნილია კითხვა – „ვის ეკუთვნის ეს ნამუშევრები?“ გამოფენა არა მხოლოდ ცნობილი მხატვრების შედევრებს აჩვენებს, არამედ მათი წარმომავლობის დადგენისა და კანონიერ მფლობელებთან დაბრუნების პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები