პარლამენტის შესასვლელთან, რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით გასული წლის 14 მაისს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 3 500 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, მას გამოძიება პოლიციისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. როგორც გიორგი ოკრიბელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც მეუღლესთან პირადი, ემოციური საუბარი ჰქონდა.
„მე და ჩემი მეუღლე ვიყავით აქციებზე დაპატიმრებულთა მშობლების შეკრებაზე, აღელვებული ვიყავი. იქიდან რომ მივდიოდით მე, ჩემი მეუღლე და კიდევ ერთი მშობელი ხელებს ვიქნევდი. სწორედ ამ დროს, ხელების ქნევაზე, მე თვითონაც ვერ გავიგე რა ხდებოდა, უცებ დამესხნენ და თავი ამოვყავი მანქანაში. მითხრეს, შეურაცხყოფას გვაყენებდიო და ამ დროს, მეუღლე ველაპარაკებოდი ხელებით, ანუ პირადი საუბარი მქონდა ოჯახის წევრთან.
სიმართლე გითხრათ, სასამართლოსგან მაქსიმალურ ჯარიმას, 3500-ლარიდან 6000 ლარამდე ველოდებოდი, ან 2-თვიან პატიმრობას, მაგრამ ჩემი შვილის, ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინა და მხოლოდ 3500 ლარით დამაჯარიმა”, – უთხრა გიორგი ოკრიბელაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 2024 წლის 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“