Porsche-მ მომდევნო წლებისთვის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანი კომპანიის მოგებიანობის აღდგენაა. გერმანული ავტომწარმოებელი მენეჯმენტის პოზიციების 40%-ით და საერთო პერსონალის დაახლოებით 25%-ით შემცირებას გეგმავს.
კომპანიის ახალი სტრატეგიის ფარგლებში 2035 წლამდე დაახლოებით 9 000 სამუშაო ადგილი გაუქმდება. Porsche-ის განმარტებით, შემცირებების ნაწილი ბუნებრივი გადინების, საპენსიო პროგრამებისა და ნებაყოფლობითი კომპენსაციების გზით განხორციელდება. ამასთან, კომპანია გერმანიაში ძირითადი საწარმოო ობიექტებისა და დასაქმების ბირთვის შენარჩუნებას 2035 წლამდე გეგმავს.
რესტრუქტურიზაციის მიზეზი ავტომობილების გაყიდვების შემცირება და მოგების მკვეთრი ვარდნაა. Porsche-მ 2025 წელი მხოლოდ 1,1%-იანი საოპერაციო მარჟით დაასრულა, მაშინ როცა კომპანიას რამდენიმე წლის წინ ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა. ამ ფონზე მწარმოებელი აქცენტს უფრო ძვირად ღირებულ და მაღალი მარჟის მქონე ავტომობილებზე გადაიტანს.
Porsche-ს ახალი მიდგომა პრინციპზე – „ნაკლები რაოდენობა, მეტი ღირებულება“ იქნება დაფუძნებული. კომპანია გეგმავს მოდელების სხვადასხვა ვერსიების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შეამციროს, ხოლო თითოეული მოდელის გაყიდვების მოცულობა საშუალოვადიან პერიოდში დაახლოებით 30%-ით გაზარდოს.

ამავდროულად, Porsche ძვირად ღირებული ავტომობილების წილის გაზრდას აპირებს. კომპანიის ყველაზე მაღალი კლასის მოდელების საშუალო ფასი 2030 წლისთვის დაახლოებით 20%-ით, 330 ათას ევროზე მეტად, უნდა გაიზარდოს. მწარმოებელი ასევე გეგმავს პერსონალიზაციისა და ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულების მნიშვნელოვნად გაფართოებას.
კომპანია ელექტრომობილებზე უარს არ ამბობს, თუმცა სტრატეგიას ცვლის და ერთდროულად გააგრძელებს შიდა წვის ძრავების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების განვითარებას. Porsche-მ ასევე დაადასტურა, რომ ელექტრო 911-ის გამოშვება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
ხარჯების შემცირება მხოლოდ თანამშრომლების რაოდენობას არ შეეხება. Porsche წარმოებაში პერსონალის ხარჯების 30%-მდე შემცირებას, ახალი მოდელების განვითარების ხარჯების 20%-მდე შემცირებას, ხოლო გაყიდვებისა და დისტრიბუციის ხარჯების 20%-ით შემცირებას გეგმავს. კომპანია ასევე Volkswagen-ის ჯგუფში Audi-სთან პლატფორმების უფრო აქტიურ გაზიარებას აპირებს.
Porsche-ს საბოლოო მიზანი მოგებიანობის მნიშვნელოვნად გაზრდაა. კომპანია საშუალოვადიან პერიოდში 10-15%-იან საოპერაციო მარჟას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 15%-იან მაჩვენებელს უმიზნებს. ამასთან, მწარმოებელს სურს, რომ ზარალის გარეშე მუშაობისთვის წელიწადში 200 ათასზე ნაკლები ავტომობილის გაყიდვაც საკმარისი იყოს.
ახალი სტრატეგია აჩვენებს, რომ Porsche გაყიდვების რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო ექსკლუზიურ და მაღალი მოგებიანობის ბიზნესზე გადასვლას ცდილობს. კომპანიის გათვლით, ნაკლები ავტომობილის გაყიდვა, მაგრამ თითოეულ ავტომობილზე უფრო მაღალი შემოსავლის მიღება, ბრენდს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.