LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ მულტიმედიური სისტემა განაახლა – ახალი პლატფორმა ხუთჯერ უფრო მძლავრია

148
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Porsche-მ ავტომობილებისთვის მულტიმედიური სისტემის Porsche Communication Management (PCM) ახალი თაობა წარადგინა. განახლება მოიცავს როგორც ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომხმარებლის ინტერფეისს. მწარმოებლის განცხადებით, ახალი პლატფორმის გამოთვლითი სიმძლავრე წინა თაობასთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა, რაც სისტემის უფრო სწრაფ მუშაობას, აპლიკაციების სწრაფ ჩატვირთვას და რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად გამოყენებას გაამარტივებს.

ახალი მულტიმედიური სისტემა ეტაპობრივად დაინერგება Porsche 911-ის, Taycan-ის, Panamera-სა და Cayenne-ის ახალ ავტომობილებში. მისი ხელმისაწვდომობა კონკრეტულ ბაზარზე, მოდელზე, გამოშვების თარიღსა და კომპლექტაციაზე იქნება დამოკიდებული.

განახლების საფუძველია ახალი ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ერთ ჩიპზე დაფუძნებულ არქიტექტურას იყენებს. Porsche-ს განმარტებით, ეს სისტემა ხუთჯერ მეტ გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს. შედეგად, მულტიმედიური ეკრანი უფრო სწრაფად ჩაირთვება, ფუნქციებს შორის გადართვა დაჩქარდება, ხოლო ფონურ რეჟიმში გაშვებული აპლიკაციები ხელახლა გახსნისას უფრო სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებული ხმოვანი ასისტენტი Voice Pilot-ი. ის ბუნებრივ ენაზე გაცემულ ბრძანებებს, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარ მოთხოვნებსა და დამატებით კითხვებს გაიგებს. მისი მეშვეობით მძღოლს შეეძლება მართოს ნავიგაცია, მულტიმედია, ავტომობილის გარკვეული ფუნქციები და შერჩეული აპლიკაციები.

განახლდა სანავიგაციო სისტემაც. Navigation Plus-ი სამგანზომილებიან რუკებს, ონლაინ მონაცემებსა და რეალურ დროში მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს. სრულად ელექტრულ მოდელებში კი Porsche Charging Planner-ი მძღოლს დამუხტვის ოპტიმალური ადგილების შერჩევაში დაეხმარება და მარშრუტის დაგეგმვისას ბატარეის წინასწარ მომზადებასაც გაითვალისწინებს.

ახალი ინტერფეისი Porsche Digital Interaction-ი მომხმარებელს პერსონალიზაციის უფრო ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. შესაძლებელია ხუთი ვიზუალური თემიდან ერთ-ერთის არჩევა და ეკრანზე სხვადასხვა ვიჯეტის განთავსება. 

Porsche-მ გააფართოვა მესამე მხარის აპლიკაციების მხარდაჭერაც. მათი ჩამოტვირთვა ავტომობილში განთავსებული App Center-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. სიახლეებს შორისაა Apple Music-ის პირდაპირ მულტიმედიურ სისტემაში ინტეგრაციაც. Bose-სა და Burmester-ის შესაბამის აუდიოსისტემებთან ერთად თავსებადი აპლიკაციებიდან Dolby Atmos-ის სივრცული ხმის მოსმენაც იქნება შესაძლებელი.

სმარტფონთან ინტეგრაციაც გაუმჯობესდა: მხარდაჭერილი სანავიგაციო აპლიკაციების რუკების გამოსახვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ცენტრალურ ეკრანზე, არამედ ინსტრუმენტების ციფრულ პანელზეც. გარდა ამისა, Porsche ახალი სისტემისთვის პროგრამული განახლებების დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით მიწოდებას გეგმავს.