რა არის ფსიქოჰიპნოზი და რას ითვალისწინებს ამ მიმართულებით თერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარინა კოლხიდაშვილმა ისაუბრა.
რა არის ფსიქოჰიპნოზი?
ძალიან ბევრი გვსმენია ჰიპნოზზე, მაგრამ ადამიანების ცოდნა და წარმოდგენა სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ფსოქო-ჰიპნო თერაპია წარმოადგენს. არსებობს სამი სახის ჰიპნოზი ექსპერიმენტალური – გამოიყენება კვლევებისთვის ლაბორატორიებში. საესტრადო – გართობისთვის და სამედიცინო კლინიკური ფსიქოთერაპიისთვის. არსებობს უამრავი მითი, რომ ჰიპნოზის დროს ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და თითქოს ჰიპნოზიორს შეუძლია გააკეთებინოს, ის რაც მას უნდა. ასევე, რომ მხოლოდ გარკვეული ადამიანები შეიძლება დაჰიპინოზდნენ, ან რომ ჰიპნოზი ვნებს ჯამრთელობას და ადამიანი შეიძლება გაიჭედოს ასტრალში… ჰიპნოზის ისტორია ანტიკური პერიოდიდან იწყება. მრავალი ხელნაწერი ადასტურებს ჰიპნოზის გამოყენებას ძველ ეგვიპტესა თუ საბერძნეთში, რომის იმპერიასა თუ ინდოეთში. ჰიპნოზს ზიგმუნდ ფროიდიც იყენებდა, თუმცა მან საბოლოოდ ფსიქოანალიზი აირჩია. წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან მილტონ ერიქსონის დამსახურებით ჰიპნოზი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მოდალობა ხდება.
საერთოდ ჰიპნოზი ცნობიერების ტრანსული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ფოკურირება ხდება ადამიანის შინაგან სამყაროზე და ამავდროულად ინარჩუნებს ურთერთობას გარე სამყაროსთან. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა – ადამიანის ცნობიერების ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც იცვალება მისი სუბიექტური განცდები, მისი ფსიქიკა განსხვავებულად ფუნქციონირებს ვიდრე „ ნორმალურ“ მდგომარეობაში.
გამოყოფენ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის შემდეგი სახეებს:
სპონტანურად წარმოქმნილს – უნებური (დაღლილობა, ძილის მორევა)ან ექსტრემალური( კატასტროფები, ომი) სიტუაციების დროს.
ხელოვნურად გამოწვეული – ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ტოქსიკური ნივთიერებები) ზემოქმედების ქვეშ.
ფსიქოტექნიკურად განპირებებული – ხელოვნურად გამოწვეული გარკვეული მიზნისთვის.
ფსიქოთერაპიული – მკურნალობისა და თვითშემაცნებისთვის ჰიპნოზი, აუტოგენისის ვარჯიში, ხოლო ტროპული სუნთქვა.
რელიგიური – რიტუალების ჩასატარებლად( ლოცვა, გალობა, მედიტაცია)
ჰიპნოთერაპია მუშაობს ტრანშში მყოფ ადამიანთან შთაგონებით, შთაგონება რა იდეაა, რომელსაც აწვდის ჰიპნოზიორი კლიენტს, სადაც შთაგონების მიზანია -გამოიწვიოს და გააქტიუროს კლიენტის ასოციაციების ჯაჭვი.
ფსიქოტერაპიული ჰიპნოზში ორი მთავარი მიმართულებაა ჩამოყალიბებული: კლასიკური და მილტონ ერიქსონის. ერიქსონის ჰიპნოზის ერთ ერთი მთავარი მიმართულებაა სასაუბრო ჰიპნოზი ან ლინგვისტურ ჰიპნოზი, რომელიც არის არადირექტიული მეთოდი, ის იყენებს ტვინის ბუნებრივ თვისებას, ჰიპნოტურ ტრანსს. ჩვენი ტვინი უნებლიე ტრანსში ყოველდღიურად ვარდება. ეს არის ჩვენი ფსიქიკის მდგომარეობა, როდესაც არაცნობიერი მეტად გახსნილია პოზიტიური ცვლილებებისთვის. მაგალითად, ჩაძინების წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ გვძინავს, ჩვენს გონებაში წარმოიქმნება სხვადასხვა სურათ-ხატები, რომლებსაც ასოციაციურად მივყავართ კონკრეტული მდგომარეობებისკენ. ერიქსონის ჰიპნოზის დროს ადამიანი სრულიად ფხიზლად და საღ გონებაზე ვარდება მსგავს მდგომარეობაში, სადაც ხედავს, ესმის და გრძნობს რა ხდება მის ირგვლივ. ოღონდ მისი გონების ფოკუსი მიმართულია არა გარე სამყაროზე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ შიგნით – მოგონებებში, ფანტაზიაში, სურათ-ხატებში, ასოციაციებში. ამ მდგომარეობაში ადამიანს ეხსნება წვდომა შინაგან რესურსებთან, რომელიც არაცნობიერში ინახება.
ლინგვისტური ჰიპნოზი NLP-ს ერთ-ერთი მოდულია. მას მილტონ მოდელს ეძახიან და მასზეა აგებული კომუნიკაციის ალგორითმები.
როდის გამოიყენება ჰიპნოთერაპია?
დღეს ჰიპნოთერაპია წარმატებით გამოიყენება ისტერიული დამბლის, მეტყველების და სმენის დარღვევების, ამნეზიის, ენაბლუობის და სხვა შემთხვევების დროს. მიზანმიმართული მუშაობით იხსნება ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და აკვიატებები, ძალიან ეფექტურია ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, მწეველობის გადასაგდებად.
გადაცემის აუდიოჩანაწერი