ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ ექიმი-ჰემატოლოგი ირინა დათიკაშვილი-დავიდი სტუმრობდა, რომელმაც სისხლის ანალიზში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, ანემიაზე, საპროფილაქტიკო კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საინტერესო რეკომენდაციები გაგვიზიარა.
ქალბატონო ირინა, რა ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი, რა მაჩვენებლებია საყურადღებო და რატომ არის, რომ ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი სიმპტომის დროს პირველადი რგოლის ექიმები გვიშვებენ, რომ სისხლის საერთო ანალიზი გადავამოწმოთ, ასეთი ინფორმაციულია ის?
სისხლის საერთო ანალიზი, ასე ვთქვათ, სარკეა ადამიანის ჯანმრთელობის. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ პრობლემას ჩვენ ვხედავთ სისხლის საერთო ანალიზში მანამ, სანამ ეს პრობლემა ჩივილებით გამოვლინდება. სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი პრობლემის პრევენცია გავაკეთოთ და წინასწარ მივიღოთ რაღაც ზომები იმისათვის, რომ ადამიანს სამომავლოდ არ შეექმნას რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა.
აქედან გამომდინარე, სისხლის საერთო ანალიზი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ სისხლის საერთო ანალიზში ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა თუ ეს ეს მხოლოდ პირველადი კვლევაა, რომელიც ანამნეზთან ერთად კიდევ სხვა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს?
რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი კვლევა და სამწუხაროდ, მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერი არ არის და ის, რომ სისხლის საერთო ანალიზი იდეალურად ნორმაა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის სრულფასოვნად ჯანმრთელი, თუმცა, როგორც წესი, ის ერთ-ერთი პირველი მარკერია იმისა, რომ ორგანიზმში რაღაცა პრობლემაა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და კომპონენტი სისხლის საერთო ანალიზში არის ჰემოგლობინი, რომელზეც ძალიან ვნერვიულობთ ხოლმე – მაშინაც, როცა ის განსაკუთრებით დაბალია და მაშინაც, როცა მაღალია. შეიძლება ორივე შემთხვევა ავხსნათ და განვმარტოთ, რატომ ვნერვიულობთ და რატომ ვდარდობთ მასზე ასე ძალიან, რეალურად რატომ არის ეს ასეთი საყურადღებო?
კი ბატონო. ყველაზე ხშირი ცვლილება, რასაც ჩვენ ვხვდებით სისხლის საერთო ანალიზში, ზუსტად ჰემოგლობინს უკავშირდება. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს ამა თუ იმ ეტაპზე აქვს ანემია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის ცვლილებას. შესაბამისად, განათლებაც მოსახლეობაში ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით არის ბევრად მაღალი, სხვა მაჩვენებლებისგან განსხვავებით.
ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ერითროციტების რაოდენობის მატება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს, მაგალითად, მოწევის ხანგრძლივი სტაჟი, ან თუ გვყავს მაღალმთიან რაიონში მცხოვრები ადამიანები, რადგან მათთან, როგორც წესი, ვხვდებით მაღალ მაჩვენებელს.

ძირითადად რა დაავადებები იმალება ანემიის უკან, რატომ შეიძლება, რომ ჰემოგლობინი იყოს დაბალი? ასევე, მიუთითებს თუ არა რაიმე ტიპის დაავადებაზე მაღალი ჰემოგლობინი?
როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად ეს არის ხოლმე რკინადეფიციტური ანემიები.
ადრე, როდესაც ნახულობდნენ დაბალ ჰემოგლობინს, ასე ვთქვათ, ემპირიულად აძლევდნენ ხოლმე რკინის პრეპარატებს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, თუ არ ჩატარდება კვლევები და არ მოხდება იმ მიზეზის პოვნა, რომელმაც გამოიწვია ამ მაჩვენებლების ცვლილება.
ყველაზე ხშირად ეს დაბალი მაჩვენებელი ზუსტად ქალბატონებში გვხვდება, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ქალბატონებს აქვთ მენსტრუალური ციკლი, რომლის დროსაც რეგულარულად ხდება რკინის დაკარგვა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ეს ხდება უფრო ჭარბად, ვიდრე ამის ანაზღაურებას ახდენენ საკვებით.
მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ხშირია, როცა ადამიანები არ იღებენ ამა თუ იმ საკვებს, განსაკუთრებით, ხორცს. შესაბამისად, პრობლემის ეს ყველაზე ხშირი მიზეზია.
მამაკაცებში, როგორც წესი, არის ხოლმე უფრო გასტროინტესტინალური, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგვა, ასევე საკმაოდ ხშირია ჭიები და შეწოვის დარღვევები, როდესაც ადამიანი შეიძლება, სრულფასოვნად იღებდეს საკვებს, მაგრამ ვერ ახდენდეს ამ საკვების ისე გადამუშავებას, რომ ეს საკვები გახდეს მისთვის შეწოვადი და შესაბამისად, სასარგებლო.
არის თუ არა მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, რომელიც მიანიშნებს ადამიანს, რომ მას შეიძლება რკინადეფიციტური ანემია ჰქონდეს?
საქმე იმაშია, რომ ანემიის სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროის მონაკვეთში მოხდა მისი განვითარება. თუ ეს არის ქრონიკულად და დროში გაწელილი, ამ შემთხვევაში სიმპტომების ინტენსივობა ნაკლებია, თუ ეს არის სწრაფად განვითარებული, რა თქმა უნდა, უფრო მკვეთრად გამოხატულია სიმპტომები.
ყველაზე ხშირად ეს არის, რა თქმა უნდა, ადვილად დაღლა, ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება, კანის სიმშრალე, შესაძლოა, იყოს გემოს გაუკუღმართება, რაც ასევე ძალიან დამახასიათებელი ნიშანია რკინის ღრმა დეფიციტის, ასევე შეიძლება იყოს სუნებისადმი, ასე ვთქვათ, გაუკუღმართებული დამოკიდებულება.
მომატებული ან შემცირებული მადა თუ ახასიათებს რკინადეფიციტურ ანემიას?
არა, უბრალოდ, მათ უყვართ ისეთი საკვების მიღება, რომელიც არ არის ჩვენთვის ტრადიციული, მაგალითად – ყავის მარცვლები, ლიმონის კანიანად ჭამა, ასევე ცარცი… ალბათ, გაგახსენდათ თქვენი ნაცნობები, ვინც იღებდნენ ასეთ საკვებს, ხომ?! ასევე მათ მოსწონთ ისეთი უცნაური სუნები, რომელიც ჩვენ ზოგადად არ უნდა მოგვწონდეს, მაგალითად, ბენზინის, აცეტონის სუნი… სამწუხაროდ, ესეც რკინის დეფიციტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
რა ტიპის გართულება შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტურმა ანემიამ, რომელიც თავის დროზე ვერ ვნახეთ და ვნახეთ გვიან, შემთხვევით აღმოვაჩინეთ?
რკინის მთავარი ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში არის ის, რომ ის არის, ასე ვთქვათ, ჟანგბადის ტრანსპორტერი. შესაბამისად, ადამიანს ქრონიკულად აქვს ჟანგბადის დეფიციტი, დროში გაწელილი, რაც აისახება მის ცხოველმყოფელობაზე. ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ ვიღაცა, დავუშვათ, სპორტდარბაზში დადის და მის გვერდზე მდგომს შეუძლია რაღაცა მოქმედებების შესრულება და მას არა, რომ ადამიანს უჭირს კიბეზე ასვლა, რომ ეწყება ქოშინი, რადგან ამ დროს იზრდება მოთხოვნა ჟანგბადზე და ა.შ.
რაც ყველაზე მთავარია, ჟანგბადი სჭირდება ჩვენს ტვინს იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ, იმისათვის, რომ ვიაზროვნოთ, იმისათვის, რომ გვქონდეს კონცენტრაციის უნარი, ნატიფი მოძრაობების შესრულების უნარი და ა.შ.

ქალბატონო ირინა, რა არის ფერიტინი და რატომ ინიშნება მისი კვლევა მაშინ, როდესაც რკინა დაბალია კვლევების მიხედვით?
საქმე იმაშია, რომ თვითონ რკინის ცვლა ორგანიზმში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი რკინის კონცენტრაცია, რომელიც პერიფერიულ სისხლში გვხვდება, ხოლო მეორე არის სამარაგო რკინა, რომელიც არის ფერიტინი. ორივე შემთხვევაში, არის ეს რკინის დეფიციტი (კონცენტრაცია სისხლში) თუ ფერიტინის დეფიციტი, ეს ითვლება რკინადეფიციტურ ანემიად.
ანუ ის, რომ ადამიანს რკინა აქვს ნორმაში და ფერიტინი დაბალი, ისევე ითვლება რკინადეფიციტურ ანემიად, როგორც ის თუ ფერიტინი ნორმაა, მაგრამ რკინა დაბალია.
შესაძლებელია თუ არა, რომ ჰემოგლობინი სისხლის საერთო ანალიზში ნორმაში იყოს და რკინის დეფიციტი, ისევე როგორც ფერიტინის გვქონდეს, ან ერთი იყოს ნორმაში, მეორე იყოს დაბალი?
რა თქმა უნდა, ეს სავსებით შესაძლებელია. შესაძლოა ადამიანს არ ჰქონდეს ჯერ გამოვლენილი ანემია, ამისი კლასიკური გაგებით და ეს იყოს რკინის ლატენტური დეფიციტი, ანუ ჯერ კიდევ გამოუვლენელი დეფიციტი და სწორედ ეს შემთხვევებია ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ სანამ ანემია წამოვა, მოახდინო ამ პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრა, რომ არ განვითარდეს ანემია, რომელიც ბევრად სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანს.
თუ ექიმ-ჰემატოლოგთან ვიზიტის დროს ჩვენ დავინახეთ და დავადასტურეთ, რომ დაბალია რკინა, დაბალია ფერიტინი, ანუ სახეზე გვაქვს, რკინადეფიციტური ანემია, ყოველთვის ვიძიებთ მიზეზს თუ ვიწყებთ პირდაპირ მკურნალობას?
თუკი ადამიანი წარმოადგენს სიმპტომებს და გეუბნებათ, რომ აქვს ჭარბი მენსტრუალური ციკლი, არის მრავალშვილიანი დედა, არ იღებს წითელ ხორცს ან აქვს, დავუშვათ, სისხლდენა ქრონიკულად, იქნება ეს ჰემოროიდული კვანძებიდან თუ რაღაცა სხვა ქრონიკული მიზეზით, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ემპირიულად დავიწყოთ მკურნალობა და მიზეზის მოძიება პირველივე ეტაპზე არ დავიწყოთ.
თუმცა, თუ ანემიას აქვს მორეციდივე ხასიათი, თუ ჩვენ მას სრულად ვუმკურნალეთ და განმეორდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე იწყება კვლევები. პირველ რიგში, ქალბატონების შემთხვევაში ეს არის ხოლმე, ასე ვთქვათ, გინეკოლოგიური პრობლემის მოძიება, მამაკაცებში, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის გასტროინტესტინალური სისტემის, ანუ კუჭ-ნაწლავის კვლევა.
ანემიის დროს, როდესაც ადამიანს მუდმივად აქვს სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, არის ხოლმე ასეთი გავრცელებული მოსაზრება – „მოდი, ამ ხანგრძლივი მკურნალობის ნაცვლად, გავაკეთოთ რკინის პრეპარატების გადასხმა“. ეს მართლაც ასეთი ეფექტურია, უფრო სწრაფად აგვარებს ანემიის პრობლემას?
რკინის მაჩვენებლის, ასე ვთქვათ, აწევას ძალიან უწყობს ხელს ინტრავენური რკინის პრეპარატები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გვაქვს პრობლემა კუჭ-ნაწლავში, ან არ ვიცით, არის თუ არა პრობლემა კუჭ-ნაწლავში. ანუ, თუ დავუშვათ, ჩვენ გვაქვს შეწოვის პრობლემა, ან გვაქვს სისხლდენის, ასე ვთქვათ, რისკი ან არის კუჭის წყლული ან რაიმე სხვა მიზეზი, რის გამოც ვერ ვნიშნავთ დასალევ რკინას, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, რომ ის გავაკეთოთ კუნთში ინიექციების სახით, ან გავაკეთოთ ინტრავენურად. ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ვენაში შედის, არის უფრო სწრაფად მოქმედი, სხვა ფორმულებთან შედარებით.
კიდევ ერთი დღეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, რკინის პრეპარატების მიღება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით ორსულებში. თუ დავაკვირდებით სოციალურ ქსელს, პრაქტიკულად ყოველი მეორე ორსული იღებს რკინის პრეპარატებს. თქვენ, როგორც პროფესიონალ ექიმს, მინდა გკითხოთ, ეს ღრმა კვლევებით დადასტურებული პრაქტიკაა და შეიძლება, რომ კონკრეტული კატეგორიის ადამიანებთან რაღაც ეტაპზე რკინის პრეპარატი საპრევენციოდ დაინიშნოს?
ნახეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ორსული ქალი არის მაღალი რისკის შემცველი, რომ მის ორგანიზმში მოხდეს დეფიციტები, იმიტომ რომ არის უფრო დიდი ხარჯვა, განსაკუთრებით 20 კვირის და უფრო მეტი ვადის ორსულებში, როდესაც უკვე ნაყოფი აქტიურად იზრდება და მოიხმარს იმას, რაც აქვს დედას. შესაბამისად, ჩვენ, როგორც წესი, გვჭირდება ხოლმე ამ დროს დამატება, არა მარტო რკინის, არამედ ეს შეიძლება იყოს B12 ვიტამინიც…
ყველაფრის დეფიციტი შეიძლება შეგვხვდეს ამ დროს და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
თუ არის მაღალი რისკი, დავუშვათ, ადამიანი მრავალჯერ ნამშობიარებია, ან ვიცით, რომ ის არის ვეგეტარიანელი ან ვეგანი, ან რაღაც რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს კონკრეტულ საკვებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ემპირიულად შეგვიძლია, პროფილაქტიკურად, პრევენციისთვის დავნიშნოთ მცირე დოზით, არა სამკურნალო დოზით, არამედ, დავუშვათ, მესამედი დოზით რკინის პრეპარატი.

B12 ახსენეთ და დღეს ძალიან აქტუალურია ამ კვლევის ჩატარება, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი სპექტრია იმ ჩივილების, რომლის დროსაც განისაზღვრება B12. შეიძლება უფრო მეტი გვითხრათ ამაზე?
ყველაზე ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი ჩვენ გვხვდება ზუსტად ვეგეტარიანელებში და ვეგანებში და ასევე იმ ადამიანებში, ვისაც აქვთ შეწოვის პრობლემა. ასევე, ის საკმაოდ ხშირია პარაზიტებით ინვაზიის შემთხვევაში.
აქედან გამომდინარე, ნამდვილად საკმაოდ მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვისაც აქვს B12 ვიტამინის დეფიციტი.
B12 ვიტამინის დეფიციტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგიური სიმპტომატიკის თვალსაზრისით, რადგან გარდა იმის, რომ ის იწვევს საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, რაც ანემიის, ასე ვთქვათ, კლასიკური ნიშნებია, ასევე მან შეიძლება, გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომატიკა – პარესთეზიები, ანუ მგრძნობელობის ცვლილება, იგივე კონცენტრაციის და კოგნიტური ფუნქციების ცვლილება, ემოციური ლაბილობა, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება დღეს.
თუ სახეზეა ანემია, შესაძლებელია მისი მხოლოდ კვებით კორექტირება? რომელი საკვები ეხმარება სისხლში რკინის დონის დარეგულირებას?
რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა, რა თქმა უნდა, არის საქონლის ხორცში. სხვა დანარჩენი საკვები, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია, დავუშვათ, იგივე ვაშლი, წიწიბურა და მისთანანი, საკმაოდ დიდი მოცულობით უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ მიიღოს იგივე რაოდენობის რკინა, რასაც თუნდაც 100 გრამი ხორცით მიიღებს. შესაბამისად, პირველი საკვები, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა, არის ზუსტად ხორცი, წითელი ხორცის შემცველი პროდუქტები.
რაც შეეხება ანემიის მხოლოდ საკვებით მკურნალობას, სამწუხაროდ, ეს არ იქნება საკმარისი.
საჭიროა მედიკამენტების დამატებაც?
რა თქმა უნდა.
არსებობს თუ არა პროდუქტები ან მავნე ჩვევები, რომლებიც ხელს უშლიან რკინის შეწოვას?
რა თქმა უნდა, არის ასეთი პროდუქტები, მედიკამენტები.
პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მედიკამენტებზე, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება. რკინის შეწოვას, მაგალითად, ხელს უშლის ის პრეპარატები, რომლებიც კუჭში მჟავიანობას ამცირებს. ჩვენ გვჭირდება მჟავა იმისთვის, რომ რკინა დამუშავდეს და გახდეს ჩვენთვის შეწოვადი, ამიტომ დაუშვებელია ამ პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ასევე რკინის პრეპარატების შეწოვას ხელს უშლის L-თიროქსინი, რომელიც ასევე საკმაოდ ხშირად გამოიყენება ჩვენს რეალობაში და ყოველთვის, როდესაც ადამიანი იღებს L-თიროქსინს, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რკინის პრეპარატს და L-თიროქსინს შორის იყოს მინიმუმ 4 საათი გასული.
აღსანიშნავია კალციუმის პრეპარატები, რომელიც ასევე ხელს უშლის რკინის შეწოვას. ყავა, ჩაი, შოკოლადი, რძის ნაწარმი – ეს ყველაფერი ხელს უშლის რკინის შეწოვას.

აღსანიშნავია, რომ რკინის პრეპარატებზე ხშირად აქვთ ხოლმე ადამიანებს დისკომფორტი, ამბობენ – „ვერ ვიღებ, იწყება დისკომფორტი კუჭის არეში“ და ა.შ. ასევე, ადამიანებს ხშირად ეჩქარებათ, რომ სწრაფად მიიღონ შედეგი. რამდენად ხანგრძლივია მკურნალობის პროცესი და როდის უნდა ველოდოთ ანემიის სიმპტომების გაუმჯობესებას? საერთოდ, აღმოფხვრადია ანემიის პრობლემა თუ ის ისეთი მორეციდივეა, რომ დღეს რომ ვუმკურნალებთ, შეიძლება, რომ ხვალ იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ?
ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს დასალევ რკინაზე აქვს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრიდან, აქ დასალევი რკინა არის შესაჩერებელი, ის უნდა შევცვალოთ და გამოვიყენოთ ან ინტრამუსკულარული ან ინტრავენური რკინის პრეპარატები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუკი თქვენ გაქვთ დისკომფორტი, ეს არის ჩვენება, რომ მედიკამენტი უნდა შეწყდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ქრონიკული შეიძლება იყოს ანემია, თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა დაავადება, რომელიც არის განუკურნებელი და იწვევს ანემიას, დავუშვათ, იგივე წყლულოვანი კოლიტი, ანემია ამ შემთხვევაში იქნება მორეციდივე და ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ დაახლოებით 6 თვეში ერთხელ გეგმური კვლევები ჩაიტარონ და ასე ვთქვათ, პროფილაქტიკური დოზით მიიღონ ეს პრეპარატი. მაგრამ, თუკი ჩვენ მიზეზი უკვე აღმოფხვრილი გვაქვს, ის ანემია აღარ უნდა განმეორდეს. ანუ, თუ არის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა, დავუშვათ, საშვილოსნოს მიომატოზური კვანძი, საიდანაც იყო ჭარბი სისხლდენები, მაგრამ ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია, ანემია აღარ უნდა განმეორდეს.
მაშინ, როცა ჩვენ ვასრულებთ მკურნალობის პროცესს, ის სიმპტომები, რომელზეც ასე ვნერვიულობდით, თმის ცვენა, დაზიანებული ფრჩხილები, ეს ყველაფერი თავისთავად იწყებს გამოსწორებას, აღდგენას?
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწყებს აღდგენას.
მე არასოდეს დამავიწყდება ერთი ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ მას მერე, რაც მკურნალობა დავამთავრე, მეუბნებიან, რა პროცედურა გაიკეთე, რომ ასე გაგიახალგაზრდავდა კანი, რომ შენი თმის სტრუქტურა ამდენად გაუმჯობესდაო… ეს არის ზუსტად რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის შედეგი, ადამიანი თვალსაჩინოდ ხედავს, რომ ფრჩხილის, თმის სტრუქტურა სწორდება, მისი სიცოცხლის უნარიანობა, მისი შრომისუნარიანობა მკვეთრად მატულობს და მეტიც, მერე ხვდებიან, რომ თურმე შეიძლება, რომ თბილად იყო და ყოველთვის არ უნდა გციოდეს, რომ თურმე შეიძლება, რომ არ დაიღალო, როდესაც ელემენტარულად, ოჯახს უვლი და ა.შ.
ექიმი-ენდოკრინოლოგები ძალიან ხშირად აკეთებენ ხოლმე აქცენტს რკინის დეფიციტზე ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. რატომ არის ეს კავშირში, ქალბატონო ირინა?
ძალიან ხშირად ჭარბწონიანი ადამიანები გამოიყენებენ ისეთ საკვებს, რომელიც არ შეიცავს რკინას და ეს არის ზუსტად წონასთან, ასე ვთქვათ, კავშირში.
თუ ადამიანი კარგად მოიხმარს ხორცს, იქ ნაკლებია რისკი, რომ იყოს რკინის დეფიციტი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, შოკოლადებში, ტკბილეულობაში და პურ-ფუნთუშეულში, რომელიც ჭარბ წონასთან ასოცირდება, ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებები ნაკლებია.
ასევე, როდესაც წონის კორექციისთვის ნიშნავენ ამა თუ იმ დიეტას, როცა ადამიანი შეზღუდულად იღებს საკვებს, რა თქმა უნდა, ეს ანემიის რისკს ზრდის და ამიტომ იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ გაღრმავდეს, ასეთმა ადამიანმა პროფილაქტიუკურად ან სამკურნალოდ უნდა მიიღოს ეს პრეპარატები, გააჩნია, რა გვაქვს საბაზისო კვლევებით.
ბოლოს, ისევ მინდა, სისხლის საერთო ანალიზში ესეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს დავუბრუნდე, როგორიც არის ლეიკოციტები. როცა ანალიზის პასუხი მოგვდის ხოლმე, პირველ რიგში, თვალი ლეიკოციტებისკენ გარბის, ეტყობა, ეს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა… რეალურად, ასეთი ყურადღება მისაქცევია კონკრეტულად ეს გრაფა? ლეიკოციტები, ერითროციტები, თრომბოციტები, ეს სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველას ასე ძალიან გვაშინებს, ნორმაშია თუ არ არის ნორმაში, ასეთი მნიშვნელოვანია? თქვენ, როგორც ექიმს რას გეუბნებათ ეს ყველაფერი?
ცვლილების ხარისხს გააჩნია. თუ ეს არის პირველი ხარისხის ცვლილება, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს რაღაცა სხვა მიზეზით, იგივე მედიკამენტით და ასე შემდეგ, ამიტომ არ ინერვიულოთ.
რას გულისხმობთ პირველი ხარისხის ცვლილებაში?
ნებისმიერი სამედიცინო ჩივილი იქნება ეს თუ მაჩვენებლის ცვლილება ფასდება ხარისხით. ეს ხარისხები მოწოდებულია სპეციალური შკალებით. იგივე ანემიაც არის პირველი ხარისხის, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. იგივე ლეიკოციტების რაოდენობის მატებაც არის პირველი ხარისხის, მეორე, მესამე და ასე შემდეგ.
თუ ცვლილება არის მაღალი ხარისხის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა, თუ არის პირველი ხარისხის და ვიცით, რომ ადამიანს, დავუშვათ, აქვს რევმატოიდული ართრიტის გამწვავება და ახლა აქვს მწვავე პროცესი, ამ შემთხვევაში, იმდენად ყურადღებას არ მივაქცევთ ან ვუმკურნალებთ რევმატოიდულ ართრიტს, რომელიც ჰიპოთეტურად არის ამისი მიზეზი და დავაკვირდებით თუ შეიცვლება მონაცემი და დავაბრალებთ, რომ ეს იყო პასუხი, რადგან ლეიკოციტები არიან ჩვენი მებრძოლები, ისინი ებრძვიან ანთებას, ბაქტერიებს, ყველაფერს, რაც ჩვენთვის არის საზიანო.
ანუ, როცა ჩვენ პირველი ხარისხის პრობლემა გვაქვს, ანუ პირველი ხარისხის მატება, ასე ვთქვათ, ჩვენ უფრო მშვიდად ვართ, ვიდრე სხვა შემთხვევაში?
უფრო მშვიდად ვართ, რა თქმა უნდა, ვიდრე მაშინ, როცა კრიტიკულად იცვლება მაჩვენებელი.
რა მთავარ შეცდომას უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად, თუნდაც კვების, მავნე ჩვევების, პრობლემის მიყურადების ნაწილში და თქვენ, როგორც ექიმი რას ურჩევდით მათ?
ყველაზე მთავარი, რასაც არასწორად ვაკეთებთ არის ის, რომ არ ვიკეთებთ პროფილაქტიკურ კვლევებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, Check up-ის კვლევები ყველა ადამიანმა, რომელიც არის ჯანმრთელი, იკეთოს დაახლოებით 6 თვეში ერთხელ. ეს არის იგივე სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, ფერიტინი, რომელზეც მე და თქვენ ამდენი ვისაუბრეთ, ვიტამინი B12, რომ პრობლემები მანამ დავიჭიროთ და მივხედოთ, სანამ თვალსაჩინო გახდება, სანამ კლინიკურად გამოვლინდება.