„როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ბრიუსელში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად იყო მიწვეული.
„ქართული ოცნება“ არსებობს იმისთვის, რომ გიგაურის და მისი მსგავსი ადამიანების ოცნება კი არ ახდეს ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის სურვილებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შესრულდეს. ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. გიგაურის ოცნებები მიმართულია სწორედ ამის წინააღმდეგ რასაც ჰქვია საქართველოში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირში ინტეგრაცია. იმის აღსრულების შესაძლებლობას, რაც გიგაურს და მის მსგავს ადამიანებს სურთ, ნამდვილად ვერ მივცემთ. როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და თუ ვინმეს აინტერესებს რა ხდება საქართველოში და რა სურს ქართველ ხალხს, პირველ რიგში, კითხვები უნდა დაუსვან საქართველოს ხელისუფლებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ორი ადამიანის მხარდაჭერაც კი საქართველოში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.