LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის მიანიშნებს სახსრების ტკივილი ართრიტზე? – რევმატოლოგ ლელა ტაბიძის რეკომენდაციები პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“

14896
ლალი-ტაბიძე

12 ოქტომბერს ართრიტის მსოფლიო დღე აღინიშნება, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ „გოთუას სამედიცინო ცენტრის“ რევმატოლოგი, ლელა ტაბიძე სტუმრობდა, რომელმაც ართრიტზე, ართრიტის ხელშემწყობ ფაქტორებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა.

ქალბატონო ლელა, რატომ აღნიშნავს მსოფლიო ართრიტის მსოფლიო დღეს, რა არის ის მთავარი გზავნილი, რასაც ჩვენ, მოსახლეობას გვიზიარებენ მსოფლიო ასოციაციები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ?

12 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც აქვს ართრიტი, ანუ სახსრების ანთებით მიმდინარე დაავადებები. ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან ავამაღლოთ არა მარტო ცნობადობა და ცნობიერება ამ კუთხით, არამედ ხილვადობა ამ პაციენტებისა, იმიტომ რომ ხშირად ეს ხალხი, ასე ვთქვათ, დაჩაგრულად, უკანა პლანზე გრძნობს თავის, იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვების გამო ხშირად ვერ ახერხებენ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი.

რაც შეეხება კამპანიის სლოგანს, ყოველ წელს გვაქვს ხოლმე აქ ახალი მოწოდება პაციენტებისათვის და წლევანდელი სლოგანი ჟღერს ასე: Achieve Your Dreams, ანუ „მიაღწიე შენს ოცნებებს“, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე მკურნალობის საფუძველზე, პრინციპში, უკვე შესაძლებელია, რომ ცხოვრების ძირეული გეგმები არ შეიცვალოს და ამ პაციენტებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება და მიაღწიონ თავის გეგმებსა და ოცნებებს.

რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ჩვენ ამ დღეს ვსაუბრობთ არა დაავადებაზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც უწევთ ამ დაავადებით ცხოვრება.

რა არის ართრიტი და რატომ არის, რომ დღეს ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასაკოვანი, ხანდაზმული ადამიანების პრობლემა?

ეს ძალიან კარგი კითხვაა და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და ზოგადად, მგონია, რომ სადაც რევმატოლოგი გაჭაჭანდება, იქ ყოველთვის უნდა დაისვას ეს კითხვა, იმიტომ რომ ამ კუთხით ბევრი მითი არსებობს ჯერ კიდევ საზოგადოებაში, არა მხოლოდ ქართულ სივრცეში, არამედ მთელს მსოფლიოში და ჩვენ გვჭირდება ამ მითების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ჩავანაცვლოთ ფაქტებით.

ართრიტი არ არის ერთი დიაგნოზი, ართრიტი არ არის ერთი დაავადება. ართრიტი თავის თავში გულისხმობს ეგრეთ წოდებულ „ქოლგა ტერმინს“, გამოიყენება საერთო ტერმინად, რომლითაც ჩვენ მოვიხსენიებთ ყველა იმ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სახსრების ანთებითი მდგომარეობა. ანუ ართრიტი არის ზოგადი სიტყვა, რომლის ქვეშაც ერთიანდება ბევრი სხვადასხვა დიაგნოზი.

პაციენტებსაც ხშირად ემართებათ ხოლმე, რომ ამბობენ: „აი, მე ართრიტი მაქვს“, თუმცა „რომელი ართრიტი?“, აქ ისმება კითხვა, იმიტომ რომ ართრიტი არ არის ერთი, არის ბევრი, სხვადასხვა.

მაგალითისთვის, რევმატოიდული ართრიტი, რომელიც ერთ-ერთი ხშირი ართრიტია, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი – ესენი ყველა ართრიტებია, თუმცა რეალურად სხვადასხვა დაავადებებია, შესაბამისად, სხვადასხვა სიმპტომებს იწვევენ, გარდა სახსრების ანთებისა და სჭირდებათ სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობა. ამის გამო, ალბათ, ძალიან სწორია, რომ გავმიჯნოთ სიტყვა „ართრიტი“ საბოლოო დიაგნოზისგან.

ზოგადად, „ართრიტი“ ნიშნავს უბრალოდ იმ დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს სახსრების ანთებითი მდგომარეობით.

სიმპტომებზე მინდა გკითხოთ, აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ტიპის ართრიტი არსებობს და შესაბამისად, განსხვავდება სიმპტომებიც, ამიტომ თავად პაციენტი ვერ მიხვდება, თუ რა ტიპის ართრიტთან აქვს საქმე, მაგრამ რა არის ის ნიშნები, რომელმაც მას აუცილებლად უნდა უბიძგოს ექიმთან ვიზიტისკენ?

რა საკვირველია. პირველი, რასაც ჩავეჭიდები, არის ფრაზა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც პაციენტს ეწყება სიმპტომები, თავად ვერ მიხვდება, რომელი ართრიტია. მოდით, აქ ისიც ვახსენოთ, რომ ყველა ტიპის სახსრის ტკივილი არ ნიშნავს, რომ არის ართრიტი ან ართრიტის დებიუტი, იმიტომ, რომ სახსრების ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ბევრ არაართრიტულ მდგომარეობასაც.

ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, კოვიდის მქონე პაციენტებში, ძალიან ხშირად, თანმხლები სიმპტომატიკა იყო სახსრების მწვავე ტკივილი, თუმცა ეს იყო უბრალოდ ვირუსის თანმხლები სიმპტომატიკა და არ ნიშნავდა იმას, რომ ვთქვათ, რომელიმე ადამიანს ართრიტი განუვითარდა.

ამიტომ, დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც გაქვთ ტკივილი, ტკივილი არ არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ადამიანისა, შესაბამისად ეს უკვე საჭიროებს ყურადღებას, ექიმის მიერ შეფასებას, რომ ავიღოთ მიმართულება, რომ ვთქვათ, აქ ჩვენ ვფიქრობთ მეორად სახსროვან პრობლემაზე და რაღაცა სხვა მიზეზით გამოწვეულ სახსრის ტკივილზე თუ აქ ჩვენ ვფიქრობთ ართრიტზე, რომელიც არის პირველადად სახსრის ანთებითი დაავადება და რომ ვიპოვოთ რომელი ართრიტი შეიძლება იყოს ამის გამომწვევი. მაგალითად, ცივ წყალთან შეხებისას ადამიანებს ხშირად აქვთ სახსრების ტკივილი და შემდეგ, ისინი ამბობენ, რომ „ეს ართრიტია“.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებიც სახსრების ტკივილს მასიურად ეძახიან ართრიტს, მივცეთ განსხვავება და ავუხსნათ, რომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობები შეიძლება იყოს? ასევე, რა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, მართლაც ართრიტთან გვქონდეს საქმე?

ზოგადად, სახსრის ტკივილის, აი ამ ერთი სიმპტომის უკან შეიძლება, იმალებოდეს ბევრი სხვადასხვა მიზეზი, ბევრი სხვადასხვა დაავადება. როგორც უკვე ვახსენე, სახსრების ტკივილი, იზოლირებულად ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამის დაწყებას რაიმეს ვუკავშირებთ, შეიძლება იყოს მეორადი, არა სახსრის პათოლოგია, ვთქვათ, სახსრის დაავადება, არამედ, იყოს, ვთქვათ, მედიკამენტის გვერდითი მოვლენა, თანმხლები ვირუსული ინფექცია და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია ამინდის ცვალებადობა, იმიტომ, რომ არსებობს ასეთი მეტეოპათიური ტკივილებიც, როდესაც ატმოსფერული წნევის ცვლილებას ზოგიერთი ადამიანი ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე სხვა, მაგრამ ექიმის შეფასების გარეშე რთულია იმისი თქმა, ვთქვათ, ეს ტკივილი საყურადღებოა თუ ნაკლებად საყურადღებოა.

იმ შემთხვევაში, თუ ტკივილს თან ახლავს ანთების სხვა ობიექტური ნიშნებიც, ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ არ უნდა გადავდოთ ექიმთან ვიზიტი და კონსულტაცია. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, შეხებით თბილი სახსარი, თუ, ვთქვათ, ერთი მუხლი, რომელიც მე მტკივა, შეხებით თბილია მეორე მუხლთან შედარებით, აქ უკვე დაუყოვნებლივ გვჭირდება ექიმის კონსულტაცია.

თუ, გვაქვს დილის შებოჭილობა, თუ დილით ვგრძნობთ, რომ სახსარში ვერ ვმოძრაობთ, გვჭირდება გახურება, რომ თავისუფლად ავმოძრავდეთ, აქაც აუცილებლად დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის ჩართულობა. თუ გვაქვს შეშუპება ხილული, ანუ ვიზუალურად შემსხვილებული სახსარი. თუ გვაქვს ასევე ისეთი მწვავე ტკივილი, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას და გვაიძულებს, რომ მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი.

აი, ასეთი მწვავე სიმპტომატიკა თუ ახლავს თან სახსრების ტკივილს, ეს, რა თქმა უნდა, მეტად საყურადღებო შემთხვევებია და არ უნდა გადავდოთ ექიმთან ვიზიტი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ზოგადად ტკივილი არ შეიძლება აღვიქვათ ნორმად, თუ გვაქვს ტკივილი, ეს უკვე არის იმის საფუძველი, რომ გვჭირდება ექიმთან კონსულტაცია, რომ მოვახდინოთ დიფერენცირება, თუ რა ხდება ჩვენს სახსრებში.

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ართრიტის განვითარებას, შეგვიძლია თუ არა ჩვენ თავად მოვახდინოთ მისი პრევენცია, მაგალითად, თუ გენეტიკური განწყობა გვაქვს მის მიმართ? ასევე, რა არის დიაგნოსტირების მთავარი პრინციპი და თუ არის რაიმე სიახლე ამ მიმართულებით?

ზოგადად, პრევენცია ცოტა რთული საკითხია, როცა ვსაუბრობთ ართრიტზე, იმიტომ რომ ჭეშმარიტად ანთებითი სახსროვანი დაავადებები მაინც იმუნური სისტემის მონაწილეობით მიმდინარეობს.  იმუნური სისტემა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური სისტემაა ადამიანის ორგანიზმში, ჯერ კიდევ შესწავლადი, ამიტომ ამ ნაწილში ასეთი თავდაჯერებულები ვერ ვართ. ნაწილობრივ, რასაკვირველია, ვიცით, რა დაიცავს ჩვენს სახსრებს. მაგალითად, ასაკობრივი ცვეთითი და დეგენერაციული სახსროვანი დაავადებებისგან იდეალურად გვიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს სხეულის წონის კონტროლს, ფიზიკური დატვირთვის ოპტიმიზაციას, იმიტომ, რომ როგორც ადინამიური, მჯდომარე ცხოვრების წესია დამაზიანებელი სახსრებისთვის, ზუსტად ასევეა გადატვირთვაც, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ფიზიკური აქტივობა ზომიერების ფარგლებში შევინარჩუნოთ.

არის სპეციალური სავარჯიშო პროგრამები, რომელიც სახსროვან კომპონენტზე დადებითად მოქმედებს. ეს ყველაფერი გვაძლევს აი ამ „გარანტიას“, რომ ნაკლებად მივიღებთ სახსრების დაზიანებას უკვე 50 წელს ზემოთ ასაკში.

რაც შეეხება ჭეშმარიტად ანთებით დაავადებებს – როგორიც არის, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და ასე შემდეგ, აქ პრევენციაში ასეთი ძლიერები ვერ ვართ, იმიტომ, რომ არსებობს რაღაც გენეტიკური წინასწარგანწყობა, კონკრეტული გენების მატარებელ ადამიანებს აქვთ შედარებით მაღალი რისკები ამ დაავადების განვითარებისა, თუმცა გარკვეულწილად რაღაც მაინც ვიცით, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში, ეს არის თამბაქოს მოხმარება, იმიტომ რომ თამბაქოს მოხმარება და გენეტიკური წინასწარგანწყობის თანხვედრა მკვეთრად ზრდის დაავადების განვითარების რისკს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოწესრიგება, იმიტომ რომ პირის ღრუს ბაქტერიული ინფექციები ასევე შეიძლება იყოს ამის მატრიგერებელი ფაქტორი, ასევე მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის მოწესრიგებული ნაწლავის მიკროფლორა.

რაც შეეხება დიაგნოსტირებას… ართრიტის დიაგნოზი ზოგადად არ ისმება ერთი კვლევით. აი ასე, რომ მე გავაკეთე კონკრეტული ართრიტის ერთი ანალიზი, მოვიდა დადებითი პასუხი და დავადასტურე დიაგნოზი, ესეთი რევმატოლოგიაში პრაქტიკულად არ ხდება. ჩვენ გვჭირდება ხოლმე მოვიძიოთ ბევრი კომპონენტი და თუ ამ კომპონენტთა უმრავლესობა მიუთითებს ართრიტის არსებობაზე, დასტურდება დიაგნოზი.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ კლინიკური სურათი შეესაბამებოდეს კონკრეტულ დაავადებას. ანუ თუ პაციენტი რასაც გვიყვება, ჰგავს კონკრეტულ დაავადებას და ფიზიკალური შეფასებით, როდესაც ექიმი შეაფასებს სახსრებს, თუ ეს მონაცემები ჯდება რომელიმე დაავადების კლინიკურ სურათში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება, უარყოფითი პასუხებიც კი გადაწონოს და მაინც დავადასტუროთ ართრიტის არსებობა. ამას ავსებს მერე უკვე ანალიზები, რადიოლოგიური კვლევები, ვთქვათ, ექოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. მონაცემთა ერთობლიობის საფუძველზე ვწყვეტთ, ვთქვათ, რა არის ჩვენი სამუშაო დიაგნოზი.

მინდა გკითხოთ სახსრების ტკივილის დროს, იქნება ეს ართრიტით გამოწვეული თუ არა, წონის გავლენაზე, ასევე მაგნიუმის შემცველი კვებითი დანამატების და პრეპარატების მიღებაზე, D ვიტამინის მიღებაზე, რომლის შესახებაც ყველა დარწმუნებულია, რომ მის გარეშე სახსრების ტკივილი არ გაუვლის…

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სახსროვანი ტკივილი არის ასევე მეორადი ფაქტორი, არა პირდაპირ სახსრის დაზიანება, ანთებითი პროცესი და ასე შემდეგ. ამიტომ, თუ გვაქვს D ვიტამინის დეფიციტი, რასაკვირველია, ეს უნდა შევავსოთ და ამან შეიძლება გაგვიუმჯობესოს სახსროვანი ტკივილი. ისევე, როგორც მაგალითად, რკინის დეფიციტმა შეიძლება, გამოიწვიოს სახსროვანი ტკივილი, ძვლების ტკივილი, რაც ასევე, თუ შევავსებთ რკინას, ავტომატურად მოიხსნება.

რაც შეეხება მაგნიუმს, მაგნიუმს ასე პირდაპირი გავლენა სახსარზე ნაკლებად აქვს, უფრო კუნთზე, მაგრამ როდესაც კუნთს აქვს რაღაცა შეფერხება, ტონუსის დაკარგვა და ასე შემდეგ, ესეც, რასაკვირველია, მეორადად სახსარს ტვირთავს მექანიკურად და ამანაც შეიძლება, გაგვიძლიეროს სახსროვანი ტკივილი, ამიტომ ირიბად მაგნიუმსაც აქ, რასაკვირველია, როლი აქვს.

წონა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი წონის მატარებელი კომპონენტებისთვის – როგორიც არის, ვთქვათ, მუხლი, მენჯ-ბარძაყის სახსარი და ხერხემალი, იმიტომ, რომ რაც მეტი აწვება, მეტი აქვს დატვირთვა, მეტად არის ხახუნი გამოხატული სახსრებში და რასაკვირველია, ცვეთა უფრო აქტიურად მიდის, რაც მერე მეორადად ჯერ მექანიკურ ტკივილთან არის ასოცირებული და  შემდეგ, თუ ვთქვათ, ეს იქნება მუდმივი ხასიათის, შეიძლება, უკვე რაღაცა პრობლემაც გამოიწვიოს, მაგალითად, მექანიკური პრობლემა, როგორიც არის, ვთქვათ, ხერხემლის შემთხვევაში, თიაქარი და ასე შემდეგ, ამიტომ წონა ნეგატიური რისკ-ფაქტორია სახსრისთვის.

ართრიტის მკურნალობის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც დღეს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა, დამოკიდებულია თუ არა იმაზე, რამდენად ადრე და დროულად დაისმება დიაგნოზი?

შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ კავშირშია, იმიტომ, რომ არსებობს ასეთი ტერმინი „თერაპიული ფანჯარა“, ანუ ეს არის შესაძლებლობა ძალიან ადრე დაწყებული ართრიტის დროს, რომ ჩვენ მივაღწიოთ მყარ რემისიას. რემისიაში იგულისხმება პერიოდი, როდესაც ადამიანს არ აქვს სიმპტომები, მინიმალურ მკურნალობაზეა ან მკურნალობა მოხსნილია.

ზოგადად, თვითონ ართრიტი ქრონიკული დიაგნოზია და რომც მივაღწიოთ რემისიას, დიაგნოზი არ მოიხსნება, უბრალოდ ამას ჰქვია რემისია, ანუ ვართ უსიმპტომო ფაზაში, მაგრამ ამ რემისიის მიღწევის შანსი ყველაზე მაღალი არის მაშინ, როდესაც ადრეულ სტადიაზე ისმება დიაგნოზი და მალევე იწყება მკურნალობა.

თვითონ მკურნალობის მეთოდები რადიკალურად შეიცვალა ბოლო წლებში. გვაქვს ახალი თაობის მედიკამენტები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, პრევენცია გავუკეთოთ უკვე დაზიანებებს, დეფორმაციებს და ასე შემდეგ, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ მაღალი ცხოვრების ხარისხი, თუმცა ადრეულ წლებში ასე არ იყო და მათთან, ვისაც 30-40 წლის წინ აქვთ დასმული დიაგნოზი,  შეიძლება გვქონდეს, ასე ვთქვათ, ისეთი მომენტები, როცა სახსარი სტრუქტურულად მთლიანად გაფუჭებულია, აქვთ შეზღუდვები, დეფორმაციები და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ამის თავიდან არიდება შესაძლებელია.

თქვენ ბრძანეთ, რომ ართრიტის მქონე ადამიანებისთვის, როგორც ადინამიურობაა დამანგრეველი, ასევეა ზედმეტი გადატვირთვაც. როგორ უნდა დავიჭიროთ ზღვარი და საერთოდ უნდა ვიცხოვროთ თუ არა აქტიური ცხოვრების წესით ართრიტის დროს?

ადამიანი აქტიური არსებაა და, რა თქმა უნდა, აქტიური ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს მიუხედავად ყველაფრისა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს სხეულს და ჯანმრთელობას უნდა მივყვეთ და შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვიყოთ აქტიურები.

იმდენად, რამდენადაც ვახსენე, რომ თანამედროვე სამყაროში ართრიტის მართვა უკვე შესაძლებელია, ჩვენ შეგვიძლია, სიმპტომები დავიმორჩილოთ ისე, რომ არ მოუწიოს პაციენტს თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. რა თქმა უნდა, იქ იქნება მინიმალური ცვლილებები და თუ ის მიჰყვება რეკომენდაციებს, დანიშნულებას, მას არ ექნება ისეთი შეზღუდვები, რომ უარის თქმა მოუწიოს თავის ძირეულ ცხოვრებისეულ გეგმებზე, იქნება ეს სწავლა, მუშაობა, დაოჯახება თუ ასე შემდეგ. რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ართრიტმა არ უნდა მართოს ჩვენი ცხოვრება, ჩვენ უნდა ვმართოთ ის.

ართრიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ მედიკამენტების მიღება მუდმივი პროცესია თუ რაღაც პერიოდის შემდეგ წყდება? გარდა მკურნალობისა, კიდევ რა გვჭირდება, როცა დიაგნოზი სახეზეა?

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ართრიტი არის ქრონიკული დიაგნოზი, რაც ნიშნავს, რომ რევმატოლოგის და პაციენტის ბედი გადაეჯაჭვება ერთმანეთს და ისინი მუდმივად ერთად არიან ამ ბრძოლაში.  

რასაკვირველია, თავიდან მედიკამენტები ინტენსიურად გვჭირდება, რომ მაქსიმალურად დავთრგუნოთ დაავადების აქტივობა. მერე უკვე შემდეგი ეტაპი არის ის, რის საშუალებასაც მოგვცემს თვითონ დაავადება, არიან პაციენტები, ვისთანაც შეგვიძლია, მოვხსნათ მედიკამენტი და ისე გავაგრძელოთ დაკვირვების რეჟიმში მათზე ყურადღების მიქცევა და მონიტორინგი და ვთქვათ, თუ გვექნება გამწვავების ეპიზოდი, მალევე აღვადგინოთ მკურნალობა, საჭიროების მიხედვით, თუმცა არიან პაციენტები, სადაც, სამწუხაროდ, დაავადების აქტივობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოიხსნას მკურნალობა და მინიმალური, შემანარჩუნებელი, რაღაც ერთი ბაზისური მედიკამენტი მათთან მუდმივად რჩება.

აი ასეთი საყოველთაო სტრატეგია აქ არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მივყვებით დაავადების აქტივობის რეჟიმს და რიტმს. ერთი და იგივე დაავადება ორ სხვადასხვა ადამიანთან შეიძლება, სრულიად სხვადასხვა ბუნებით და სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდებოდეს, ერთთან შეიძლება, მარტივად დაითრგუნოს მედიკამენტებით ისე, რომ მოგვცეს უწამლო რემისიის საშუალება, მეორე პაციენტთან კი ინარჩუნებდეს მუდმივად აქტიურ რიტმს.

ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ მინიმუმ მკურნალობის და მედიკამენტების ფონზე პაციენტი შეინარჩუნებს თავისი ცხოვრების რიტმს, არ ექნება ტკივილი, არ იქნება შეზღუდული.

ბრძანეთ, რომ ართრიტი მრავალმხრივია, რომელია მათგან ყველაზე ვერაგი, ყველაზე რთულად მისადგომი და სამკურნალო?

ეს ასე არ დგას დღის წესრიგში, გააჩნია რა სიმპტომებით, რა სიმწვავით ვლინდება დაავადება და რა ეტაპზე დაისმება დიაგნოზი, ეს უფრო მეტად ამაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თუ რა თანმხლები დაავადებები აქვს პაციენტს, რა ასაკის არის და ასე შემდეგ. ასე, რომ გამოვყოთ ერთი და დავაბრალოთ, რომ ეს არის ყველაზე, ბოროტი, ასე ვერ ვიტყვით.

არის თუ არა ართრიტი გამშვები მექანიზმი სხვა ტიპის დაავადებებისთვის, ანუ ართრიტით დაავადებული ადამიანი უფრო მოწყვლადია თუ არა მათ მიმართ?

ასე ვერ ვიტყვით, რომ ერთი დაავადება მეორეს ატრიგერებს, თუმცა იგივე გენეტიკურ განწყობას რომ დავუბრუნდეთ, არის გენების კომბინაცია, რომელიც, სიტყვაზე, რევმატოიდული ართრიტისთვის ქმნის მაღალი რისკის ფონს და იგივე გენურ კომბინაციასთან სხვა დაავადებებიც არის შეჭიდული.

შესაბამისად, მაგალითად, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ხშირად არის კომბინაციაში, ანუ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტს აუტოიმუნური თირეოიდიტიც აქვს და პირიქით, იმიტომ, რომ ამ ორ დაავადებას ერთი და იგივე გენეტიკური საფუძველი უდევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევმატოიდული ართრიტი იწვევს, ვთქვათ, აუტოიმუნურ თირეოიდიტს ან პირიქით, უბრალოდ, ესენი ორივე არიან ერთი და იგივე გენური კომპონენტების მატარებელ ადამიანებში.

რა ტიპის რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს, რომელთაც ეჭვი აქვთ ართრიტის არსებობაზე ან ადამიანებს, რომელთაც ახლახან დაუდგინდათ ეს დაავადება და ძალიან ღელავენ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ შიში და გაურკვევლობა ამ დროს ძალიან ბუნებრივი რეაქციაა და არ უნდა შეუშინდნენ ამ რეაქციას და საშუალება უნდა მისცენ საკუთარ თავს, რომ ემოციები თავისუფლად გამოხატონ, იმიტომ, რომ მათი ყველა ეს რეაქცია არის ფიზიოლოგიური და ბუნებრივი, მაგრამ ამას ასევე არ უნდა მისცენ საშუალება, რომ მოიცვას მთელი მათი ცხოვრება, რომ მათ ვეღარ შეძლონ წინ გზის დანახვა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ართრიტი არის ქრონიკული დიაგნოზი და რაღაცების შეცვლა, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ცხოვრებაში, არიან პაციენტები, ვისაც ადრეული ასაკიდანვე აქვთ ეს დიაგნოზი და მიუხედავად ამისა, ახერხებენ საკუთარი ოცნებების ახდენას, სწავლას, მუშაობას, კარიერულ წინსვლას და ასე შემდეგ – ეს შესაძლებელია!

ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმირებული პაციენტი, რომ ადამიანებმა თვითონ იცოდნენ სწორად საკუთარი დაავადების შესახებ და ინფორმაციას ავრცელებდნენ სწორად, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს თავის დიაგნოზის შესახებ სრული ინფორმაცია, სრულყოფილი ინფორმაცია არა აქვს. მაგალითად, შემხვედრიან ადამიანები, რომელთა დიაგნოზიც არის ფსორიაზული ართრიტი და ამბობენ, რომ აქვთ რევმატიზმი, რაც საერთოდ სხვადასხვა რაღაცაა, ამიტომ პაციენტების განათლება, მათი ინფორმირება არის უმნიშვნელოვანესი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენზეა, ექიმებზე, რომ კარგად ავუხსნათ და დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ ჰქონდეთ შიში, გაურკვევლობა მომავლისადმი, თითოეულ ეტაპზე ხვდებოდნენ მნიშვნელობას, ვთქვათ, იმ კვლევების, იმ საკონტროლო ვიზიტების და ასე შემდეგ, რაც უნდა იყოს დაგეგმილი.

სულ ბოლოს, იმავეს განვმეორდები, რომ ართრიტი არის მართვადი მდგომარეობა და ჩვენ ვმართავთ მას, და არ უნდა მივცეთ უფლება, რომ, ვთქვათ, მან მართოს ჩვენი ცხოვრება.

მოდით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, თუ რა ტიპის სიმპტომების დროს უნდა დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი აუცილებლად?

პირველ რიგში, თუ გაქვთ სახსრების ტკივილი, ეს უკვე არის საკმარისი საფუძველი, რომ მიმართოთ ექიმ-რევმატოლოგს, მაგრამ თუ ამ ტკივილს თან ახლავს დილის შებოჭილობა, შეშუპება, შეწითლება და ხელის შეხებით მტკივნეული სახსარი არის თბილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწრაფად გჭირდებათ ექიმის კონსულტაცია, იმიტომ, რომ შეიძლება, იქ უკვე იყოს დებიუტი რომელიმე ანთებითი დაავადებისა და ამ შემთხვევაში დროის დაკარგვა არ შეიძლება.

ჩვენს შემთხვევაში ძირითადად ტკივილია ის, რაც თრგუნავს ადამიანს, იმიტომ, რომ ტკივილი ფსიქიკაზე სხვანაირად მოქმედებს, მაგალითად, შეიძლება, ბევრი სხვა ისეთი რთული დიაგნოზის დროს, მაგალითად, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ადამიანის ემოცია არ იყოს ისეთი მწვავე, როგორიც ჩვენი პაციენტების, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ესეც მართვადია.