როგორ გავარჩიოთ ტოქსიკური და ჯანსაღი ურთიერთობები ერთმანეთისგან – მარტა ქარუმიძის პოდკასტის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თათუკა ჩაჩუა.
საკმაოდ ძლიერი ქალები შეიძლება აღმოჩნდნენ ტოქსიკურ ურთიერთობაში? რაზეა ეს დამოკიდებული?
ძლიერი ქალები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ასეთ ურთიერთობებში, იმიტომ რომ, საერთოდ, ტოქსიკურ ურთიერთობაში ჩვენივე სურვილით შევდივართ და ვეძებთ მტკიცებულ ფორმატს.
როდესაც ბავშვობაში მშობლებისგან საბაზისო საჭიროებები არ იყო დაკმაყოფილებული, ადამიანები ხშირად ამბობენ: „მყავდა ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ მაინც შევედი ტოქსიკურ ურთიერთობაში“. თუმცა ზრუნვა მხოლოდ ის არ არის, რომ შვილს ვუყურებ, სადილს ვუმზადებ, ჰიგიენას ვიცავ და წესრიგს ვამყარებ; არც ის არის საკმარისი, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი ვუყოთ და დავასვენოთ. აი იქ, ბავშვობაში, სადაც სიყვარული და აღიარება ვერ მიიღო ადამიანმა, ზრდასრულ ასაკში იწყებს არჩევანს.
ძირითადად ასე ხდება: ქალები, რომლებიც წარმატებულები არიან კარიერაში და ყველაფერი შექმნეს, სწორედ ასე ხდებიან მოწყვლადები. ისინი ურთიერთობებში ქვეცნობიერად ირჩევენ ნაცნობ ტკივილს – იმას, რაც ბავშვობაში აკლდათ, მაგალითად, შექებასა და აღიარებას.
ტოქსიკურ ურთიერთობაში შესვლა არასდროს იწყება ეგრევე ტოქსიკურობით; თავიდან ყველაფერი ძალიან ლამაზი, თავბრუდამხვევი და მიმზიდველია. ადამიანი შედის იმ დანაკლისებით, რაც ბავშვობაში ჰქონდა. ეს არ ნიშნავს, რომ მშობლებს ცუდი სურდათ – მათ რაც იცოდნენ, ის მოგვცეს. ტოქსიკურ ურთიერთობაში კი მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი სიცარიელისა და საკუთარი თავის უსიყვარულობის გამო შევდივართ.
ქალები ხშირად აბრალებენ კაცებს, რომ პრობლემა მათშია, თუმცა რეალურად თვითონ ირჩევენ ასეთ პარტნიორებს და თანხმდებიან მათ. როდესაც ახალ პარტნიორს ირჩევ, თავიდან ძალიან რთულია მიხვდე ყველაფერს, თუ არ გაქვს წაკითხული შესაბამისი ლიტერატურა ან გამოცდილება, რადგან ციკლურად ერთი და იგივე მოდელი მეორდება. სადღაც 3-დან 6 თვემდე პერიოდში მთავრდება ჩვენი „საუკეთესო ვერსიის“ ჩვენება და რეალური სახეები გამოჩნდება ხოლმე.

ტოქსიკური ადამიანები თვითონაც მშობლის პრობლემებით არიან?
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. აბსურდია იმის თქმა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ მშობლების ბრალია. შეიძლება სკოლაშიც მიიღოს ბავშვმა ტრავმა, მაგრამ ცხრა წლამდე ასაკი ყველაზე კრიტიკულია, როდესაც ყალიბდება ბავშვის ფსიქოტიპი, მიჯაჭვულობის სტილი, მსოფლმხედველობა და მენტალიტეტი.
რეალურად, ერთნაირი პრობლემების მქონე ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. კი, აქვთ ილუზია, რომ ერთმანეთს განკურნავენ, ოღონდ არავინ არის ვალდებული, სხვის ტკივილს მიხედოს – ეს ეშლებათ ხოლმე ადამიანებს. ცხოვრებაში ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ დაგანახოს, რა გაქვს დასამუშავებელი საკუთარ თავთან. ხშირად ვთხოვთ პარტნიორს, რომ შეიცვალოს, რეალურად კი ტოქსიკურ ურთიერთობაში იმიტომ შევდივართ, რომ თვითსიყვარული გვაქვს დასამუშავებელი. ჩვენი შინაგანი ბავშვი ეძებს იმ ბავშვობის სცენარის სხვანაირად დასრულებას, სადაც მამა ან დედა ფიზიკურად არსებობდნენ, მაგრამ ემოციურად ხელმიუწვდომლები იყვნენ. ზრდასრულობაშიც ზუსტად ამ ნაცნობ სიტუაციას ვირჩევთ იმ იმედით, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად დასრულდება, მაგრამ არ სრულდება.
როდის ვხვდებით, რომ აღმოვჩნდით ტოქსიკურ ურთიერთობაში?
სხეული არასდროს ტყუის. მასთან ყველაზე დიდი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ მას. შესაძლებელია პირველი ნიშნები იყოს უცბად დაწყებული აკნე, წონის საგრძნობი მატება ან კლება, სულ მინორში ყოფნა, უმიზეზოდ დაწყებული ტირილი, შფოთვა და სუნთქვის გაძნელება.
როდესაც იწყებ შენი საჭიროებებისა და სურვილების გაჟღერებას, ან ცდილობ „არას“ თქმას, მაგრამ „კარგი გოგოს/ბიჭის სინდრომის“ გამო გიწევს „კის“ თქმა იმის შიშით, რომ სხვას ეწყინება – ეს უკვე ნიშანია. პლუს ინტუიციურად გრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის (მაგალითად, მესამე პირის გამოჩენა), თუმცა დამტკიცება გიჭირს. თუ პარტნიორი გეუბნება, რომ „გაგიჟდი, რაღაცას იგონებ, პრობლემა შენშია, წადი ფსიქოლოგთან და იმკურნალე“, ეს ცალსახად ძალადობრივი ურთიერთობაა.
ხო, მე სულ ვამბობ, როდესაც გეჩვენება, სინამდვილეში არ გეჩვენება.
აბსოლუტურად, არასდროს არ „გეჩვენება“. სხეული არასდროს ტყუის და კარგად უნდა მოვუსმინოთ მას. თან ტოქსიკურ ურთიერთობაში მხოლოდ რომანტიკულად არ ვხვდებით – ეს შეიძლება იყოს სამსახური, მეგობრები, მშობლები ან შვილები. მთავარი ის არის, რომ ასეთ ურთიერთობებში შემთხვევით არ ვხვდებით; მათ ჩვენივე თავით ვიზიდავთ, რადგან გვაქვს ილუზია, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება.

ანუ საუბარია ერთსა და იმავე სცენარზე, რომელიც სხვადასხვა პარტნიორთან მეორდება?
კი, რადგან თუ ქვეცნობიერად არ გაქვს დამუშავებული და გააზრებული შენი წარსული, შენი სული ყოველთვის მოიზიდავს ისეთ ადამიანს, სადაც ძალიან დიდი ზრუნვა უნდა ჩადო იმისათვის, რომ საპასუხო ვალიდაცია მიიღო.
მაგალითად, როდესაც ურთიერთობაში თავით ვვარდები და „დედის პოზიციაში“ გადავდივარ, პარტნიორი სულ სხვანაირ ქცევას ირჩევს. ასეთი გადაჭარბებული ზრუნვა რეალურად ძალადობრივია, რადგან ზრუნავ იმ მოტივით, რომ შენმა პარტნიორმა ეს დააფასოს და სანაცვლოდ საჭიროებად გაქციოს. თუ ამ განცდას წამართმევს, მგონია, რომ არავინ ვარ – ეს ბავშვობის ტრავმაა. სანამ ადამიანები არ შეწყვეტენ საზღვარდაუდებელ და გადაჭარბებულ ზრუნვას სხვებზე (თუნდაც იმ მოტივით, რომ „მე ეს მახარებს“), ეს სცენარები მუდმივად განმეორდება.

მაშინ რა არის ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობა?
ჯანსაღი სიყვარული არის მაშინ, როდესაც პარტნიორს გულწრფელად უხარია შენი წარმატება. თუ შენი არჩევანით არავინ ზიანდება, ის შენს გვერდითაა. მთავარია ისიც, რომ ტრავმირებული შემოდიხარ ურთიერთობაში თუ არა, შენ არ უნდა გააკეთო პარტნიორი შენი ტრავმის „მკურნალი“, არამედ თავად უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ჯანსაღი ეგოიზმი და საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან კარგია – როდესაც შენ თავის მოვლას შეძლებ, მერე უკვე შეგიძლია სხვასაც მოთხოვნის გარეშე აჩუქო სიყვარული.
