ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 20 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი
გარდაცვლილები ქუთაისის მცხოვრებლები – მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.
„ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი, რა ვთქვა, შოკირებული ვარ ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს,”- განუცხადა მათე ობოლაძის მეგობრის დედამ კვირის პალიტრას. [იხილეთ ვრცლად]
„რამდენი მოგონება გვაქვს ერთად… რამდენი სიცილი, რამდენი ლაპარაკი, რამდენი დაუვიწყარი დღე… ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ მოგონებებს ცრემლებით გავიხსენებდი. რამდენი რამ დაგვრჩა კიდევ გასაკეთებელი, რამდენი ამბავი მოსაყოლი… ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ გავიცინებთ ერთად. ყველა მოგონება ახლა გულში მტკივნეულად ცოცხლობს…“, – წერს ბერდია ხაბულიანის მეგობარი სოციალურ ქსელში.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.
