ტექნოლოგიური გიგანტებისა და მუსიკალური ინდუსტრიის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის.
ელვის პრესლის სიმღერების საავტორო უფლებების მფლობელებმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Anthropic-ს, რომელიც პოპულარული ჩატბოტ – Claude-ის შემქმნელია. მოსარჩელეები კომპანიას როკ-ენ-როლის ლეგენდის 274 სიმღერის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ და კომპენსაციის სახით 41 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.
სარჩელი, რომელიც კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში პრესლის მუსიკალური მემკვიდრეობისა და იმიჯის მაკონტროლებელმა კომპანია – Authentic Brands Group-მა და სხვა თანამოსარჩელეებმა შეიტანეს, აცხადებს, რომ Anthropic-მა შემსრულებლის კატალოგი AI მოდელების გასაწვრთნელად გამოიყენა. საქმე ეხება ისეთ საკულტო ჰიტებს, როგორებიცაა: Can’t Help Falling in Love, Don’t Be Cruel, All Shook Up და A Little Less Conversation.
უფლებათამცველების მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სიმღერები არა მხოლოდ უნებართვოდ „შეისწავლა“, არამედ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მათ თითქმის იდენტურ ასლებს აგენერირებს.
სარჩელში მოყვანილია თავად ჩატბოტ – „კლოდის“ პასუხიც, როდესაც მას კონკრეტული სიმღერების „თანამედროვე აუდიტორიისთვის გადაკეთება“ სთხოვეს. ჩატბოტმა თავადვე აღიარა, რომ „ეს ვერსიები ძალიან ახლოს დგას ორიგინალებთან და საავტორო უფლებებით დაცული სიმღერის რეპროდუცირებაა, თუნდაც სიტყვები შეცვლილი იყოს“.
მოსარჩელე მხარის წამყვანი ადვოკატის, რიჩარდ ბუშის განცხადებით, Anthropic-მა მთელი თავისი ბიზნესმოდელი საავტორო უფლებების მასშტაბურ დარღვევაზე ააგო. დაზარალებული მხარე ითხოვს კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ჯარიმას – $150,000-ს თითოეული დარღვეული სიმღერისთვის, რაც ჯამში $41.1 მილიონს უტოლდება.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სასამართლო აკრძალვას, რათა Claude-ს ელვისის შემოქმედებაზე წვდომა საბოლოოდ დაებლოკოს.
მუსიკალური გამომცემლობები, მათ შორის Universal, Sony და Warner, აქამდეც აქტიურად უჩიოდნენ AI დეველოპერებს, თუმცა ეს ქეისი უნიკალურია. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო დავა კონკრეტულად ერთი საკულტო არტისტის მემკვიდრეობის გარშემო მიმდინარეობს.
Anthropic-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ბრალდებებს და სასამართლოში საკუთარი პოზიციების სრულად დაცვას აპირებენ. ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიური კომპანიები მსგავს საქმეებში ხშირად ეყრდნობიან „სამართლიანი გამოყენების“ (Fair Use) დოქტრინას, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა, რომლის გადაწყვეტილებამაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მუსიკალური ინდუსტრიისა და ხელოვნური ინტელექტის თანაარსებობის წესები.