LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარი „მე“-სა და გარემოს შორის: ოჯახური სცენარები და ინდივიდუალურობა – მარინა კაჭარავა პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“

4350
მარინა-კაჭარავა

საზღვარი „მე“-სა და გარემოს შორის: ოჯახური სცენარები და ინდივიდუალურობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.

სად გადის ზღვარი ჩემს სურვილებსა და ოჯახის სურვილებს შორის? 

სად გადის საზღვარი ჩემსა და გარემოს შორის? ხშირ შემთხვევაში ეს საზღვარი ადამიანისთვის ბუნდოვანია.

კულტურასა და ტრანსგენერაციულ (თაობათაშორის) ტრავმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თაობათა შორის არსებული წესები, რიტუალები და შიდა ოჯახური დინამიკა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე. ადამიანი არ არის ერთგანზომილებიანი მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ ერთი რაკურსით – მაგალითად, მხოლოდ ოჯახური ან სოციალური კუთხით – განიხილავ.

ადამიანის ფორმირება რამდენიმე მნიშვნელოვანი მდგენელისგან შედგება:

ბიო-სამედიცინო და გენეტიკური ფაქტორები: აქ შედის ოჯახური სცენარები, რომლებიც შთამომავლობით გადადის, ასევე ტემპერამენტი, ხასიათი და გარკვეული მიდრეკილებები.

ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები: ეს არის პიროვნული კარკასი, რომელიც ძირითადად 6 წლამდე ყალიბდება (მაგალითად: პოზიტიური თუ ნეგატიური აზროვნება, სამყაროსადმი ნდობა თუ უნდობლობა).

პირველი გარემო, სადაც ეს ყველაფერი ყალიბდება, რა თქმა უნდა, ოჯახია. პირველი მამაკაცი არის მამა, ხოლო პირველი ქალი – დედა. მათი ურთიერთობის მოდელი არის ის, რასაც ჩვენი არაცნობიერი იმახსოვრებს და ხშირად ამის მეტი არაფერი იცის. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც დედა ბრაზობდა ხოლმე; ან, მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონდა, როგორ გვექცეოდა მამა თუ დედა, როცა ვბრაზობთ, ზუსტად ისე ვექცევით საკუთარ შვილებს.

რას ნიშნავს „მე“ კონცეფცია და ინდივიდუალურობა?

ეს ყველაფერი გასაცნობიერებელია და სწორედ აქ ისმის კითხვა: „ვინ ვარ მე?“ „მე“ კონცეფცია ცალკე არსებობს. ის საკმაოდ რთული ფენომენია და სულიერ, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგენელებს მოიცავს. ერთ ოჯახში დაბადებული შვილები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ინდივიდუალურობას ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ.

ადამიანი არის უნიკალური შემოქმედების გვირგვინი. მას ბევრი რამ აქვს აღებული თავისი წინაპრებისგან, მშობლებისგან და გარემოსგან, მაგრამ ძალიან ბევრი აქვს საკუთარიც.

ეს „საკუთარი“ არის ჩვენი აზროვნება და ჩვენ მიერ დანახული სამყარო. ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია — ერთი და იმავე ველსა და სივრცეში ადამიანები სრულიად სხვადასხვა რამეს ხედავენ, სხვადასხვა რამეს განიცდიან და მათი რეალობაც განსხვავებულია.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავს დავუსვათ 5 საკვანძო კითხვა:

  1. ვინ ვარ მე?
  2. როგორი ვარ მე?
  3. რა მინდა?
  4. რა მჭირდება?
  5. რა შემიძლია მე?

როგორია ქცევითი მოდელები და განმეორებადობა?

ჩვენი პირველი გარემოცვა მშობლები, ბებია-ბაბუები ან აღმზრდელები არიან, რომელთა მოდელსაც ქვეცნობიერად ვიმეორებთ. მათი ურთიერთობის მოდელი, სტილი, „გემო“ თუ „ფერი“ – ყველაფერი აღიბეჭდება და თავის ტვინში ინახება. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა პირადი გამოცდილებაც არ უნდა დავაგროვოთ, ჩვენი ქცევითი მოდელები ხშირად მაინც ისეთია, როგორიც აღზრდის პროცესში გვასწავლეს ან რასაც ვუყურებდით.

მაგალითად: როდესაც მშობელი ეწევა სიგარეტს და შვილს ეუბნება „არ მოწიოო“, შვილი ხშირად მაინც იწყებს წევას. შვილი გამკლავების მოდელებსაც სწორედ მშობლებისგან იმეორებს.

ოჯახური ხე და პარტნიორული ურთიერთობები:

ვირჯინია სატირი, ოჯახური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი, იყენებდა „ოჯახურ ხეს“, რომელიც თითქმის ყოველთვის შესასწავლი და გასაანალიზებელია. თუ ჩვენს წინაპრებს განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანი გარკვეულ ქცევებსა და სტრატეგიებს იმეორებს, რის გამოც ცხოვრებაში განმეორებადობა ხდება.

როდესაც ადამიანი პარტნიორულ ურთიერთობებში ხედავს განმეორებად სცენარს – მაგალითად, დაშორდა პირველ მეწყვილეს, მეორეს, მესამეს – მაშინ უნდა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფერში მისი წილი პასუხისმგებლობაც არის.

არსებობს ასეთი ზღაპარი – „მუჭანახევარა“. იქ ზღაპრის გმირი ილახება იმის გამო, რომ ყველაფერს, რაც ერთ სიტუაციაში ისწავლა, სრულიად არასწორად იყენებს სხვა სიტუაციაში. ჩვენც ხშირად ასე ვმართავთ ურთიერთობებს: რასაც ერთ ადამიანთან ვსწავლობთ, მეორესთან არასწორად ვიყენებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები