LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მოწვევა ამ შემთხვევაში ფორმალურია, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბოს“

151
შალვა პაპუაშვილი

„ცესკოსგან შემაჯამებელი ოქმის მიღების მერე, არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური. თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული, რომ შეიკრიბოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის შეკრების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.

„ვრცელდება დეზინფორმაცია პარლამენტის შეკრების შესახებ, რომელიც ახლაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მხრიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი, ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ საქართველოს პარლამენტის საბოტაჟი წაახალისონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო. ეს დეზინფორმაცია ან საერთაშორისო გამჭვირვალობამ უარყოს ან მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ხოლმე მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის შესახებ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კონსტიტუციურად გაწერილ ვადებზე, თუ როგორ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი:

„ცესკოსგან შემაჯამებელ ოქმს ველოდებით, მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია, თუმცა, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია პროცესებზე, რომელიც მიდის საჩივრებზე და ა.შ. – ამის შემდეგ, კონსტიტუციაში ჩაწერილი კანონით, არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.

შესაკრებად პარლამენტს იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტია აქ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური. თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამ ყველაფრის არ არსებობს. სხვა ყველა განმარტება არის დეზინფორმაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g