Daily Mail-ის ინფორმაციით, შონ „დიდი“ კომბსი შაბათს დილით, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ფედერალური ციხიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილით, კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობების თანახმად, 56 წლის რეპერმა დაცემის შედეგად თავის ტრავმა მიიღო.
წყაროების ინფორმაციით, კომბსი ციხეში საღამომდე დააბრუნეს. ამავე ცნობებით, ის გონზე იყო და საუბარიც შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მიიღო რეპერმა სავარაუდო ტრავმა.
ციხეში, სადაც შონ „დიდი“ კომბსი სასჯელს იხდის, სკანდალი აგორდა
შეგახსენებთ, რომ დიდის 2025 წელს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციის მიზნით ადამიანების შტატებს შორის გადაყვანის ორ ეპიზოდში, თუმცა რეკეტისა და სექსუალური ტრეფიკინგის უფრო მძიმე ბრალდებებში გაამართლეს.
ამასთან, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი გათავისუფლების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, კომბსის გათავისუფლება ამჟამად 2028 წლის 2 მარტს არის დაგეგმილი, ნაცვლად მანამდე მითითებული, 21 იანვრისა.

