სიარული უფრო მეტ ცხიმს წვავს, ვიდრე სირბილი, თუმცა სირბილის დროს ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი თავისთავად არ ნიშნავს წონის კლებას – ამის შესახებ ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია საუბრობს.
მისი განმარტებით, ფიზიკური აქტივობის ინტენსივობის მიხედვით ორგანიზმი ენერგიის სხვადასხვა წყაროს იყენებს. დაბალი ინტენსივობის ვარჯიშის, მაგალითად, სიარულის დროს ენერგიის მისაღებად ცხიმი უფრო აქტიურად გამოიყენება, ხოლო მაღალი ინტენსივობის დატვირთვისას, როგორიცაა სწრაფი სირბილი ან წონებით ვარჯიში, ორგანიზმი ძირითადად ნახშირწყლებს მიმართავს.
სანდრო გოგოხიას თქმით, წონის კლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ ვარჯიშს, არამედ ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობასაც აქვს.
„ჩვენი ორგანიზმი ჰგავს ჰიბრიდ მანქანას. მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ ნაკლებად ინტენსიურ ვარჯიშს, როგორიცაა სიარული, ორგანიზმი იყენებს ცხიმს ენერგიის წყაროდ. თუ ვაკეთებთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს, როგორიცაა სწრაფი სირბილი და წონებით ვარჯიში, ორგანიზმი იყენებს ნახშირწყლებს ენერგიის წყაროდ.
უბრალოდ, საქმე რაშია – თუ ყოველდღიურად გადაჭარბებული რაოდენობით იღებ საკვებს, ძალიან გაგიჭირდება წონის კლება, რადგან ვარჯიში მხოლოდ დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების ხარჯვის პროცესში. ამიტომ ცუდ კვებას აქტიური ვარჯიშით ვერ გადაჯაბნი – ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ვერასოდეს მოიგებ.
ივარჯიშე შენი ფიზიკური და გონებრივი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით. თუ წონის კლებაა შენი მთავარი მიზანი, მაშინ შეამცირე კალორიები“, – ამბობს სანდრო გოგოხია.
სპეციალისტის საზოგადოებას მიმართავს: „ვარჯიში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, თუმცა წონის კლებისთვის აუცილებელია კვების კონტროლიც და ენერგიის მიღებასა და ხარჯვას შორის ბალანსის გათვალისწინება“.
