შესახებ
ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაია – 1942 წლის 11 მარტს დაიბადა.
ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მომღერალი და სახალხო არტისტი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი – ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.
ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ 1979 წელი, „არგონავტები“ 1980 წელი, „შლაგერი, შლაგერი“ 1985წელი, „თოვლის ბებოს ზღაპარი“ 1986წელი, „ფიროსმანი“ და სხვა. ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რაღაც დასრულდა“.
გარდაიცვალა გერმანიაში 2009 წელს, სადაც მკურნალობის კურს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ასოციაცია – სსრკ კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1981-19??)
2017 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა” ალექსანდრე ბასილაია, გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა ნომინაციაში „მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2002 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1987 – საქართველოს სახალხო არტისტი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები