27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, სოციალური საწარმოების B2B გამოფენა მეოთხედ ჩატარდება. ღონისძიების მედიაპარტნიორია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა.“
ნინი ხუგაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროგრამის წარმომადგენელი:
– უპირველესად, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად მუდმივად მზად არის. რაც შეეხება B2B გამოფენას, ის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით 2017 წლიდან ტარდება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. B2B ნიშნავს ბიზნესი ბიზნესისთვის, შესაბამისად, გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სოციალური მეწარმეობა განსხვავებულ ბიზნეს მოდელზე მორგებული საქმიანობაა. ის მიზნად არა მხოლოდ მოგების მიღებას ისახავს, არამედ საზოგადოებრივ პრობლემებზე ფოკუსირებას, საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა ტიპის საჭიროებაზე მორგებას, საკუთარი წვლილის შეტანას გარემოს დაცვაში, შრომით ინტეგრაციაში, კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაში და სხვა.
– გამოცდილება, რომელიც B2B გამოფენის ჩატარებით დაგროვდა.
– თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ საქართველოში ამჟამად 150-მდე სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. ეს რიცხვი დაახლოებითია იქიდან გამომდინარე, რომ სტატიკის წარმოება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება, რადგან სტატუსი იურიდიულად არ არის განსაზღვრული და გარკვეულწილად ეს არის საკანონმდებლო პრობლემა, რომლის ადვოკატირებაზე წლების განმავლობაში ვმუშაობთ. ჩვენი ორგანიზაციის მანდატით და დონორების მხარდაჭერით 60-ზე მეტი საწარმოს დაფუძნებას ან გაძლიერებას შევუწყვეთ ხელი. მათ მხარდასაჭერად უკვე 1.5 მილიონ ლარზე მეტია გაცემული. რაც შეეხება გამოფენას, პირველი სამი ღონისძიების ფარგლებში 300-მდე B2B შეხვედრა გაიმართა, 200 000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი გაფორმდა და ყველამ ერთად 40-ზე მეტი საწარმოს გაძლიერება შევძელით.
– როგორი მოლოდინები გაქვთ წლევანდელ გამოფენასთან დაკავშირებით და რა მიმართულებით საქმიანობენ გამოფენაში მონაწილე საწარმოები?
– წლიდან წლამდე მზარდია როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ისე ბიზნეს სექტორის სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობის მოსურნეობა. წელს გამოფენაში 50-მდე სოციალური საწარმო მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ წარმოებული ტექსტილი, ტყავი და ნაქსოვი პროდუქცია; გამოყენებითი და დეკორატიული პროდუქცია; გარემოსდაცვითი, სოციალური, საგანმანათლებლო და ტურისტული სერვისები და ა.შ.
მთავარი თემა, რომელზეც წელს გამოფენა ფოკუსირდება არის მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება და ამ პროცესში დაახლოებით 150-მდე ბიზნესი ჩაერთვება.
ეს გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, ერთი მხრივ, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, საკუთარი სერვისები ერთ სივრცეში თავმოყრილ ადამიანებს გააცნონ, მეორე მხრივ კი, დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობები ერთმანეთთან (გვქონია სოციალური საწარმოების თემატურად დაახლოვების შემთხვევები) და გაიცნონ პოტენციური პარტნიორები.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორის, ძალიან ხშირად ისმის კითხვა, დიდი ბიზნესი ვარ, ჩემი მიმართულება მაქვს და რა სარგებელი შეიძლება მქონდეს სოციალურ საწარმოსთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში, ალბათ, მორალურთან ერთად ეს არის კორპორაციული პასუხისმგებლობაც იზრუნო და გააძლიერო ის სექტორი, რომელიც შემდეგ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა, შენი პარტნიორი და შენი საქმიანობის ხელშემწყობიც კი გახდეს.
აქვე აღვნიშნავ, რომ წელს, ისევე როგორც ყოველთვის, გამოფენას ახლავს სიახლე – ღონისძიების სტუმრები პირველად მოისმენენ სოციალური მეწარმეობის გავლენის გმირების ისტორიებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ასევე, სოციალური საწარმოების და სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის, გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს საზოგადოებისთვის ცნობილი ის პირები წარადგენენ, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.
– და ბოლოს, გამოფენის მონაწილე საწარმოებისთვის CSRDG-ის მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის შესახებაც ვისაუბროთ.
– სოციალურ მეწარმეებს მხარდაჭერა მუდმივად სჭირდებათ, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი საქმიანობას იწყებენ, არამედ განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც, რომლებზეც სხვადასხვა ტიპის საჭიროებები ჩნდება. გასულმა გამოფენებმა გვიჩვენეს, რომ ერთია, გქონდეს პროდუქცია, რომლის ხარისხითაც შეგიძლია იამაყო და ეს ის პროდუქციაა, რომლისთვისაც ევროპისა და აშშ-ის ბაზრები ღიაა, მაგრამ მეორე, როგორ ახერხებ მათ წარდგენას. მოგეხსენებათ, სოციალურ საწარმოებს ტრადიციული ბიზნესისგან განსხვავებით არ აქვთ იმის ფუფუნება, ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე ჰყავდეთ პირი დასაქმებული და ეს არის ის საწარმოები, სადაც ერთ ადამიანს, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე ფუნქცია აქვს შეთავსებული. ჩვენ მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის ფარგლებში წელს სოციალურ მეწარმეებს კვალიფიციური პირების ჩართულობით შემუშავებული სპეციალური ტრენინგ პროგრამა შევთავაზეთ იმისთვის, რომ უკეთ განავითარონ შეთავაზებები პოტენციური პარტნიორებისთვის.
ერთი სიტყვით, ყველას გელოდებით 27 ოქტომბერს, 12-დან 20 საათმდე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ღონისძიებაზე, რომელსაც ბიზნეს, საჯარო და მედიის სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის, როცა სოციალური მეწარმის პროდუქციას ვყიდულობთ, იმ ნივთს მიღმა არიან კონკრეტული ჯგუფები, კონკრეტული პრობლემები დგას, რომლის მოგვარებაშიც ჩვენი წვლილი შეგვაქვს.