LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპაზმი

139
სპაზმი

სპაზმი ბერძნულად კრუნჩხვას ნიშნავს. სპაზმს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილი ერთვის. განასხვავებენ განივკუნთოვან და გლუვკუნთოვან სპაზმებს. განივკუნთოვანი სპაზმების დროს ძლიერად იკუმშება ჩონჩხის კუნთები, უპირატესად – ზედა და ქვედა კიდურზე განლაგებული. გლუვკუნთოვანი სპაზმების დროს კი შინაგან ორგანოთა კუნთოვანი შრის შეკუმშვა მიმდინარეობს. გლუვკუნთოვანი სპაზმებია:

ანგიოსპაზმი – სისხლძარღვთა შევიწროება; ლარინგოსპაზმი – ხორხის შევიწროება; ბრონქოსპაზმი – ბრონქების სანათურის შევიწროება: კარდიოსპაზმი – საყლაპავის კუჭში შემავალი, კარდიული ნაწილის შევიწროება; პილოროსპაზმი – კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გარდამავალი პილორუსის სანათურის შევიწროება; ნაწლავთა სპაზმი; სანაღვლე სადინარებისა და შარდსადენების სპაზმი.
განივკუნთოვანი სპაზმებისას ირღვევა ან იზღუდება სხეულის მოძრაობა, გლუვკუნთოვანი სპაზმი კი შესაბამისი ორგანოს ფუნქციებს არღვევს.

სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა – კუნთებისა და მყესების მყარი დაჭიმვითა და შეკუმშვით იგი მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას ცდილობს. სპაზმური რეაქციის მიზეზად შესაძლოა იქცეს ფიზიკური ზემოქმედება (დარტყმა, ტკივილი) ან ფსიქიკური დაძაბულობა (შიში, განგაში). საკმარისია საფრთხემ გადაიაროს, რომ კუნთებში დაჭიმულობის ხარისხი თანდათან იკლებს, კუნთების ტონუსი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. განსაზღვრულ გამღიზიანებელთა მოქმედების შედეგად კუნთები დიდხანს რჩება დაჭიმული და სპაზმიც ხანგრძლივდება, რაც ორგანიზმში მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია სპაზმირებულ უბანში სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მიჭყლეტა, რაც აფერხებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მისვლას, იწვევს ჰიპოქსიას – ჟანგბადის დეფიციტს, ასუსტებს იმუნურ თავდაცვას, რაც ხშირად ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზად იქცევა.

თუ კუნთთა განსაზღვრული ჯგუფი დაჭიმულ, ტონურ მდგომარეობაში რამდენიმე კვირა დარჩა, იწყება კონკრეტულ უბანში ქსოვილების გადაგვარება, გამკვრივება და ფუნქციათა მოშლა, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ტკივილი. ამ ეტაპზე სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ თუ სპაზმირება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, პროცესი შეუქცევად სახეს იღებს და იწყება ქსოვილთა გადაგვარება – კუნთის ან მყესის კალციფიკაცია და პათოლოგიური გაძვალება. შედეგად კუნთი ფუნქციას კარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები