LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი 85 წლის გახდა

90
New Project

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სამკურნალო-დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ დაწესებულებას წარმოადგენს. კურორტი ცნობილია თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლებით, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახითა და ფიზიოთერაპიული ფაქტორებით. კურორტს წელს დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა.

სალომე ყვავილაშვილი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი:

– თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობა 1936 წელს დაიწყო, 1938 წელს კი ფუნქციონირებას შეუდგა. დაახლოებით 5 წლის წინ კურორტის აღდგენა განვიზრახეთ, რათა მას თბილისის სავიზიტო ბარათის სტატუსი დაჰბრუნებოდა.

კორორტი, მისი უნიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომხიბვლელია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ევროპაში დედაქალაქი-კურორტი მხოლოდ ორია: ბუდაპეშტი და თბილისი.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

ის, რაც გამოგვარჩევს სწორედ ბალნეო თერაპიაა. ბალნეო თერაპიის დროს მინერალური გოგირდოვანი წყლის გამოყენებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ძლიერდება იმუნიტეტი, მსუბუქდება ტკივილი და სტრესი. ამ მიმართულებით ისეთი პროცედურები ტარდება, როგორებიცაა წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, აღმავალი შხაპი, ტალახის პროცედურები და სხვა.

რომელი პროცედურები სარგებლობს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით და საიდან იგებენ ისინი ინფორმაციას თქვენ შესახებ?

– ჩვენ გვყავს როგორც მომხმარებლები, ისე პაციენტები და მათგან მხოლოდ 20-30%-ია ტურისტი. მათ მოსაზიდად მარკეტინგულ აქტივობებს მხოლოდ ჩვენი რესურსით ვაწარმოებთ.

ძალიან ბევრი და კმაყოფილი პაციენტი გვყავს. მათი, დაახლოებით, 98%-ი კარგი შედეგით მიდის ჩვენგან, ბევრი ადამიანი ოპერაციისგანაც კი დაგვიხსნია. რაც შეეხებათ მომხმარებლებს, ისინი ძირითადად ჭარბ წონას ებრძვიან, ან კანის რეგენერაცია სჭირდებათ, ძილის გაუმჯობესება და ა.შ.

– წონის კლების პროცედურებზე უფრო მეტად რომ გავამახვილოთ ყურადღება. ისინი ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა და, სამწუხაროდ, მათ არაინფორმირებულად მიმართავენ.

– წონის კლება აღნიშნული პროცედურებით შესაძლებელია, მაგრამ არა ერთ დღეში, ეს ხანგრძლივი პროცესია. პაციენტს, საშუალოდ, 15 პროცედურას ვუნიშნავთ, თუმცა მანამდე იგი კონსულტაციას ბალნეო თერაპევტთან გადის და ექიმი მას პროცედურებს ანამნეზიდან გამომდინარე უნიშნავს.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურებს, ჩვენთან ისინი ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის გამოყენებით იწყება – ეს სითბური პროცედურები კარგად მოქმედებს პაციენტზე როგორც კანის რეგენერაციისთვის, ისე ცელულიტის დასაშლელად. შემდეგ კეთდება შარკოს შხაპი კონტრასტული (ცივი და ცხელი) წყლით და ბოლოს კეთდება მასაჟი – ჯერ კეთდება  ლიმფოდრენაჟის მასაჟი, რადგან ცხიმს ორგანიზმიდან გამოდევნა სჭირდება და შემდეგ კომბინირებული მასაჟი, რადგან წონის კლების შედეგად კანი იწელება და აუცილებელია კორექცია. შუალედებში ვრთავთ ჰიდროკოლონოთერაპიასაც – ეს არის კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა, რომელსაც დღეს უკვე დეტოქს გამორეცხვასაც უწოდებენ, ის ორგანიზმის შიგნიდან მოწესრიგების საშუალებას გვაძლევს. და რა თქმა უნდა, თავად მომხმარებელმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, კვებით მაინც.

– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

– ველნეს სპა მიმართულებით 70%-ი ქალია და 30%-ი მამაკაცი. აქვე აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს, მაგალითად, აკვაერობიკა მამაკაცებს შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა. რაც შეეხებათ პაციენტებს, 30%-ი ქალი, 30%-ი მამაკაცი და 40%-ი ბავშვია (ბავშვებს ძირითადად სკოლიოზი აწუხებთ).

– თქვენი გუნდის, თქვენი სპეციალისტების შესახებაც მოგვიყევით.

–  კადრების გადამზადებაში საკმაოდ დიდ რესურსს ვდებთ. გვაქვს მასაჟის საკუთარი სკოლა, ასევე, ჩვენს სპეციალისტებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში თვეობით ვუშვებთ. შედეგი კი არის ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მასაჟისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველ ადგილს ვიკავებთ. აქვე დავძენ, რომ ჩვენს კურორტზე დაახლოებით 70 სახის მასაჟი კეთდება – ეს არის სამკურნალო, მანუალური, წერტილოვანი, ოთხ ხელში, ცხელი ქვებით და ა.შ. მასაჟის თითქმის ყველა თერაპისტს სამედიცინო განათლება გააჩნია, რადგან ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა, ამასთან, ჩვენთან მუშაობის დაწყებამდე მათ, მინიმუმ, ოთხწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

– რაც შეეხება თქვენი პროცედურების ფასის მხრივ ხელმისაწვდომობას. ასევე, საინტერესოა, შავი პარასკევის კვირეულისა და წინასაახალწლო პერიოდის გათვალისწინებით, მომხმარებელს ფასდაკლებებს თუ სთავაზობთ?

– რა თქმა უნდა, ფასდაკლებები გვაქვს და ისინი, მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალ წლამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ფასებს, თამამად ვიტყვი, რომ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს. ჩვენთან მომსახურება 15 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირად ღირებული პროცედურა 200 ლარიანია, თანაც ის მომხმარებელზეა გათვლილი და არა პაციენტზე. საუბარია საფერავის აბაზანაზე, რაც ნამდვილად ფუფუნებაა. ის ქართული ღვინის მსოფლიო დონეზე აღიარებიდან გამომდინარე დავნერგეთ. საფერავის ცხელ აბაზანაში ადამიანი 20-30 წუთით წვება, ამოსვლის შემდეგ კი ჯერ წიპწის სკრაბ მასაჟს, ბოლოს კი ფუზის (წვრილად დაფქული წიპწა) მასაჟს  იკეთებს. ეს პროცედურა განსაკუთრებით ტურისტებს ხიბლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g