LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალი 13-14 ნოემბერს „სტამბას“ ღია სივრცეში გაიმართება – სრული ლაინაფი

630
jaz201020

თბილისის ჯაზფესტივალი წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად, ყველა რეგულაციისა და წესის სრული დაცვით, 23-დ გაიმართება. მუსიკალურ ღონისძიებას საერთაშორისო ჯაზარტისტებისა და უნიკალური და საინტერესო პროექტების მონაწილეობით, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრი უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორებმა, შავი ზღვის ჯაზფესტივალისგან განსხვავებით, სადაც სრულ ლაინაფს ქართველი არტისტები წარმოადგენდნენ, ამჯერად აქცენტი კვლავ საერთაშორისო არტისტებზე გააკეთეს.

წარმოგიდგენთ წლევანდელი ჯაზფესტივალის სრულ პროგრამას:

*ANTONIO SANCHEZ BIRDMAN live;

*AYANNA WITTER-JOHNSON;

*MINO CINELU/NILS PETTER MOLVAER ,,SulaMadiana”;

*Photo Exhibition ,,JazzWomen”.

პირველ რიგში, დრამერ ანტონიო სანჩესზე და მის პროექტზე „ბერდმენი“ უნდა ვისაუბროთ. კინომოყვარულებისთვის ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ცნობილი ნამუშევარი „ბერდმენი“ კარგად არის ცნობილი. ამ ფილმს მრავლად ჰყავს თაყვანისმცემელი საქართველოში. 2015 წელს ფილმს წილად ხვდა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, „ოსკარი“ წლის საუკეთესო სურათისთვის, ამავე ფილმისთვის დაჯილდოვდა ბრწყინვალე კინოოპერატორი, ემანუელ ლუბეცკი, რომელსაც ასევე ერგო ოქროს ქანდაკება. „ბერდმენი“ მრავალი კრიტერიუმით არის გამორჩეული კინოსამყაროში, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა ზუსტი მუსიკალური გაფორმება, რომელიც სწორედ ანტონიო სანჩესს ეკუთვნის. საქართველოში ის სწორედ ამ ლაივპროექტით ჩამოდის, რაც გულისხმობს ეკრანულ გაფორმებას და ფილმის, ასე ვთქვათ, ცოცხალ გახმოვანებას დამსწრე მაყურებლის წინ. როგორც პროექტის შემფასებლები აღნიშნავენ, შთამბეჭდავ ლაივპროფორმანსს სანჩესი ვირტუოზული სოლოთი ასრულებს.

ანტონიო სანჩესი მექსიკელ-ამერიკელი ჯაზდრამერი და კომპოზიტორია, რომელიც მუსიკალურ სამყაროში უფრო მეტად ცნობილია კოლაბორაციით ლეგენდარულ გიტარისტთან, პეტ მეთინისთან. 2014 წელს, სწორედ „ბერდმენისთვის“ შექმნილი ორიგინალური მუსიკის გამო გაიზარდა მისი, როგორც სოლოარტისტის პოპულარობა. ამ მუსიკამ მოუტანა ნომინაცია „ოქროს გლობუსზე“ და გამარჯვება Critics’ Choice Movie Award-ზე და ასევე Satellite Award-იც საუკეთესო მუსიკისთვის, რომელიც ფილმისთვის შეიქმნა.

თბილისის ჯაზფესტივალის სტუმრები ასევე არიან Mino Cinélu & Nils Petter Molvær. Sulamadiana ჯაზსამყაროში აღიარებული მუსიკოსების ერთობლივი ახალი ალბომია, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს გამოიცა და „გარდიანის“ შეფასებით, მასში გაერთიანებულია საინტერესო ჟღერადობები, რომლებიც სუნთქვას კრავს. „პერკუსიონისტი და მესაყვირე ბრწყინვალე მუსიკალურ საუბრებს ქმნიან, განსხვავებული კულტურული ფონის საფუძველზე, მაილ დევისის, Afrobeat-ის და სხვათა გახსენებით“.

შეგახსენებთ, რომ მინო სინელუ მაილს დევისთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და მისი რამდენიმე ალბომის ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას.

მოგითხრობთ კიდევ ერთი არტისტის, AYANNA WITTER-JOHNSON-ის შესახებ, რომელიც ასევე ამშვენებს თბილისის ჯაზფესტივალის საინტერესო პროგრამას.

ბრიტანელი ჩელისტი და ვოკალისტი ლონდონში დაიბადა, თუმცა მას იამაიკური ფესვები აქვს. დედა მასწავლებელი გახლდათ, ხოლო მამა, უილ ჯონსონი ტელევიზიის, კინოსა და თეატრის მსახიობი. 4 წლის ასაკში აიანამ პიანინოზე დაკვრა ისწავლა, ხოლო 13 წლისამ უპირატესობა ჩელოს მიანიჭა. 2010 წელს, ის გახდა პირველი არაამერიკელი, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა აპოლოს თეატრში მიმდინარე ცნობილ მუსიკალურ შეჯიბრებაში, სხვათა შორის, Amateaur Night-ის გამარჯვებულები, თავის დროზე, ელა ფიცჯერალდი და ჯიმი ჰენდრიქსი გახდნენ.

აიანა ჯონსონი ასრულებს კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას, საკუთარ თავს აკომპანირებას ჩელოზე უწევს და თავის მუსიკას აღწერს, როგორც სოულის, ჰიპ-ჰოპისა და რეგეის ნაზავს. სწორედ ამ ნაზავის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ თბილისის ჯაზფესტივალზე.

წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალი გამორჩეული იქნება ფოტოხელოვან გია გოგატიშვილის გამოფენითაც, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ჯაზფესტივალის ისტორიას გადავავლოთ თვალი და დავათვალიეროთ ჯაზის შემსრულებელი ქალბატონების ფოტოები. აღსანიშნავია, რომ ყველა ფოტო საქართველოში გამართულ ჯაზფესტივალებზეა გადაღებული.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g