LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ (გურიჩა) ქვრივიშვილი

100
657768-300x200

„ფორტუნას“ წამყვანი, რომელმაც სიყვარული სამსახურში იპოვა…

გურამ, გურიჩა ქვრივიშვილი სამი წელია, „ფორტუნას“ ეთერში ზის. ძალიან უყვარს თავისი საქმე. სამსახურში იპოვა სიყვარული, „ფორტუნა +“-ის წამყვანი ქეთი ქორიძე, წყვილმა ახლახან იქორწინა და ახალ ბინაში აპირებენ გადასვლას.

გურიჩას საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ…

გურამ ქვრივიშვილი:

ცოტა შორი გზა მოვიარე, სანამ რადიო „ფორტუნას“ მიკროფონამდე მოვიდოდი. ავირჩიე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო და დავინტერესდი ჟურნალისტიკით. ჩემი ფეხით მოვედი „ფორტუნაში“, საინფორმაციო განყოფილებაში. მინდოდა შიდა სამზარეულოში ჩახედვა, აღმოჩნდა, რომ საინფორმაციოში პრაქტიკანტი არ სჭირდებოდათ. ორ დღეში დამირეკეს და შემომთავაზეს, ბედი მეცადა მუსიკალურ წამყვანად. შემთხვევით ჩემი ხმა ხმის რეჟისორმა, მიხეილ ქორელმა მოისმინა და პროგრამების დირექტორს შესთავაზა ჩემი კანდიდატურა მუსიკალურ წამყვანად. ნატა ხარაშვილმაც მოიწონა ეს იდეა და შემომთავაზეს ცდა. ვისწავლე პულტი, გავეცანი რადიოს სპეციფიკას და ორი თვის შემდეგ ეთერში დავჯექი (იღიმის).

რადიო „ფორტუნაში“ მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ძალიან დიდ შესაძლებლობას გაძლევს, მთელ საქართველოს ესაუბრო. დიდი ადრენალინია, რასაც ეს მიკროფონი მაძლევს და ვერაფერს შევადარებ, ყველაფრისგან განსხვავებულია. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ რუტინაა სამი წლის განმავლობაში, კვირაში ოთხჯერ, ექვსი საათი ეთერში ჯდომა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის რუტინა. თითოეული წამი განსხვავებულია…

წამყვანობა შენს პროფესიად გაიხადე. გატაცება თუ გაქვს?

ცოტა გიტარა, ცოტა ლექსი… (იღიმის). განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივ მოკვდავებს რაც ახასიათებთ. იყო პერიოდი, როცა, ასე ვთქვათ, ვითომ ვპოეტობდი. არ ვიტყვი, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ როცა რაღაცას ქმნი, გიყვარს. რადიოეთერიც ასეა, შვილივით გყავს, რადგან შენ ქმნი… ჰობი ისევ მუსიკაა, ალბათ. მომწონს ასევე შემეცნებითი რაღაცების ნახვა, სტატიის სახით იქნება თუ სიუჟეტის სახით.

გურიჩა ვინ შეგარქვა?

არ მახსოვს, საიდან წამოვიდა და ვინ შემარქვა (იცინის). უკვე იმდენად მაქვს გამჯდარი ეს სახელი ყურში, რომ მეგობრებს გურამის დაძახებაზე არც ვეხმაურები. ბოლოს საკითხი დადგა, როგორ უნდა გავიდეს ეთერშიო და გადაწყდა, რომ ეთერშიც ვიქნებოდი უბრალოდ, გურიჩა (იღიმის). ადამიანებსაც ასე ვეცნობი, გამიხარდება, თუკი გურიჩას დამიძახებენ.

მეუღლე როგორ მოგმართავს?

გურიჩ – ასე მეძახის (იცინის). ქეთი ქორიძე აქ გავიცანი, ანუ სიყვარული „ფორტუნაში“ ვიპოვე. ქეთი „ფორტუნა +“-ში მუშაობს. საოცარია ის, რომ მისთვის სიყვარული ჯერ არ ამიხსნია… „მიყვარხარ“ მითქვამს, მაგრამ არ ამიხსნია, რატომ მიყვარს. შესაძლოა, ცოტა აბსურდულია ეს შეხედულება, მაგრამ მგონია, თუკი მიზეზებს ჩავეძიები, მაშინ აღარ მეყვარება…

ახლახან დაოჯახდით… როდის დაიწყეთ ურთიერთობა?

სექტემბერში დავქორწინდით. სამი წლის წინ გავიცანი, ორი წლის წინ დავიწყეთ ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა ზედმეტი ტექსტების გარეშე წარიმართა, არ გვქონია უხეში ეტაპები, ყველაფერი ჰარმონიულადგანვითარდა – უბრალო „გამარჯობით “ დაიწყო, ურთიერთობაში გადაიზარდა და ქორწილით გაგრძელდა. ახლა ბინას ვიწყობთ, რომ ცალკე გადავიდეთ. ძალიან გემრიელად მოვდივართ წინ.

ერთ სამსახურში მუშაობა კარგია ცოლ-ქმრისთვის?


სანამ დავოჯახდებოდით, სულ ერთად ვიყავით, უბრალოდ, სხვადასხვა სახლში ვატარებდით ღამეს. იმდენად შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, რომ თავიდანვე გავუშინაურდით ერთმანეთს. ერთი სამეგობრო და სანაცნობო შევიძინეთ. გარემომ ძალიან შეგვიწყო ხელი, რომ უფრო მეტად დავახლოვებულიყავით. ჩემთვის ერთ სამსახურში მუშაობა ძალიან დიდი პლუსია. სახლის გარდა, სამსახურშიც ერთად ვართ და ეს ძალიან მომწონს… (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები