LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს მოულოდნელი საწარმოო პრობლემა შეექმნა – Cybercab-ის აწყობა სერვისის გაფართოებას უსწრებს

2594
ქირიას NEWS შაბლონი (7)

Tesla-ს უპილოტო ტაქსის, Cybercab-ის წარმოების პროცესში მოულოდნელი სირთულე შეექმნა. ტეხასის შტატში მდებარე საწარმოო ხაზი ავტომობილებს იმაზე სწრაფად აწყობს, ვიდრე კომპანია მათ ექსპლუატაციაში შეყვანასა და რობოტაქსის სერვისის გაფართოებას ასწრებს.
კომპანიის საავტომობილო ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტის, ლარს მორავის განცხადებით, საწარმოს არსებული შესაძლებლობები იმდენად მაღალია, რომ კონვეიერი ყოველდღიურად მუშაობასაც კი არ საჭიროებს. ამასთან, თავდაპირველად გამოცხადებული წლიური სიმძლავრე – 125 000 ავტომობილი შესაძლოა რეალურ შესაძლებლობებზე ნაკლები აღმოჩნდეს. ინჟინრების საბოლოო მიზანი წარმოების სრული ავტომატიზაციაა, რომლის ფარგლებშიც ერთი ავტომობილის აწყობის ციკლი მხოლოდ 10 წამს უნდა შეადგენდეს.

წარმოების მაღალი ტემპი ავტომობილის აწყობის განსხვავებული მეთოდით არის განპირობებული. ე.წ. „განაწილებული“ წარმოების პროცესში Cybercab-ის ძარა რამდენიმე მოდულად იყოფა – წინა, უკანა, გვერდით და ცენტრალურ ნაწილებად. თითოეული მათგანი ცალკე იკრიბება და მოწმდება, რის შემდეგაც საბოლოო აწყობა ხდება. 

Tesla-მ ტრადიციულ სამღებრო საამქროზეც უარი თქვა. ავტომობილის გარე პანელები ფერს უშუალოდ ჩამოსხმის პროცესში იღებს, ხოლო დამცავი საფარი მხოლოდ გვერდით მოდულებზე გამოიყენება.

Cybercab-ის კონსტრუქცია სულ მცირე 800 000 კილომეტრის გასავლელად არის გათვლილი, რაც უპილოტო ტაქსის ინტენსიური გამოყენების პირობებს შეესაბამება.

ამ ეტაპზე Tesla-სთვის მთავარი გამოწვევა არა ავტომობილების წარმოება, არამედ მათი გზებზე გაშვება და რობოტაქსის სერვისის გაფართოებაა. აპრილიდან წარმოებული ყველა Cybercab-ი კომპანიის საკუთარ ავტოპარკს ემატება. ტეხასში უკვე 450-ზე მეტი ასეთი ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთა ნაწილი ოსტინში „ფორმულა 1“-ის ეტაპის დროსაც გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები