LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტორონტოში მშენებლობაზე ვმუშაობ… აქ მარტო ჩამოვედი, ახლა კი მეუღლე და შვილი მყავს…“ – როგორ მიიყვანა დათუნიკა სხირტლაძემ ზუკა კანტროშვილი „სუხიშვილებში“, რატომ დატოვა ანსამბლი და საქართველო და რა ემოციები განიცადა, როცა წლების შემდეგ ისევ მათთან ერთად დადგა სცენაზე, როგორც ემიგრანტი

2711
page

„სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ზუკა კანტროშვილი უკვე წლებია, საქართველოდან ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად და საყვარელი საქმე და ანსამბლი სხვა ცხოვრებისთვის მიატოვა. აშშ-სა და კანადაში გასტროლების დროს, მას ანსამბლთან ერთად სცენაზე კიდევ ერთხელ დადგომის პატივი ხვდა წილად და კიდევ ერთხელ განიცადა, რას ნიშნავს იცეკვო ბრწყინვალე ქართული ცეკვა საოცარ პარტნიორებთან ერთად.

ზუკა კანტროშვილს fortuna.ge დაუკავშირდა და მას ემოციების გაზიარება სთხოვა.

ზუკა, როგორ დაიწყო თქვენი და სუხიშვილების ურთიერთობა? როგორ დაინტერესდით ცეკვით და როგორ გახდით ანსამბლის წევრი?

„სუხიშვილები“ ყველასათვის საოცნებო ანსამბლი იყო, არის და იქნება შესაბამისად, კონკურენციაც მაღალი იყო. ჩემი და ანსამბლის ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო, როცა მე დუბლებში მიმიღეს.

ცეკვით დამაინტერესა ჩემმა უფროსმა ძმამ. რეპეტიციიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, ვთხოვდი, რამე მოძრაობა შეესრულებინა, მეც ვცდილობდი გამეორებას. მშობლებმა ეს შეამჩნიეს და ერთ დღესაც მეც აღმოვჩნდი მის გვერდით რეპეტიციაზე, 5 წლის ასაკში.

ბავშვთა ანსამბლის შემდეგ, 15 წლის ასაკში ჩავირიცხე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში, სადაც სამი წელი გავატარე. ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ ცეკვითა და სცენით „მოვიწამლე“(იღიმის).

პარალელურად, ვაკვირდებოდი სხვა აკადემიური ანსამბლების კონცერტებს, ვიდეოებს, სტილს, რომ ვინმესგან რამე მესწავლა, მიმებაძა და აღმოვაჩინე, რომ მისაბაძი და სამაგალითო მხოლოდ „სუხიშვილები“ იყო.

ამის შემდეგ ყველასათვის საყვარელმა (აწ გარდაცვლილმა ) დათუნიკა სხირტლაძემ მიმიყვანა გასასინჯად „სუხიშვილების“ სტუდიის რეპეტიციაზე, ვივარჯიშე და დამიბარეს დუბლებთან ერთად რეპეტიციაზე. ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა „სუხიშვილების“ დიდ ოჯახში.

რამდენ ხანს ცეკვავდით? გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტები და გამოსვლები ანსამბლის შემადგენლობაში…

ცხოვრებისეულად 27 წელი გამომივიდა, აქედან 14 წელი ვცეკვავდი „სუხიშვილებში“. ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი, ალბათ, იყო ეგვიპტე – პირამიდების წინ კონცერტი. სამხრეთ კორეა – 105-ე სართულზე კონცერტი. დუბაი – ოპერისა და ბალეტის თეატრი. გასახსენებელი მომენტი ძალიან ბევრია. არ შემიძლია, არ გამოვყო უკრაინის (კიევი) უზარმაზარი დარბაზი“ პალაც უკრაინა “, Black Sea Arena, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და სანერვიულო მაინც ქართველ მაყურებელთან წარდგენა იყო..

რა ისწავლეთ, როგორც ამ ანსამბლის წევრმა და რას ნიშნავს თქვენთვის იყო სუხიშვილების წევრი?

„სუხიშვილების“ წევრობა ნიშნავდა ჩემთვის ყველაფერს, ცხოვრებას. გავკადნიერდები და ვიტყვი, ვამაყობდი და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ამ დიდი აკადემიური დასის ოჯახის წევრი ვიყავი. ილიკოსა და ნინოსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორ პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული. პატრიოტიზმი და დიდი სიყვარული იმ საქმის მიმართ, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს!

რატომ დატოვეთ ანსამბლი და საქართველო ექვსი წლის წინ და რატომ გადასახლდით ტორონტოში? რას საქმიანობთ იქ?

ძალიან რთული და მძიმე გადაწყვეტილება იყო. ცოტა ალბათ პანდემიამაც ხელი შეუწყო, სახლში ჯდომით და მომავალზე ფიქრით… ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ცხოვრებაში ცვლილებები აუცილებელია, რა თქმა უნდა, განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის. თუ არ ვცადეთ, ისე საერთოდ არ გამოვა. ამჟამად ვმუშაობ მშენებლობაზე და ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ანსამბლში „ივერიონი“.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…

ტორონტოში მარტო ჩამოვედი. მეუღლე – ნატა ბეკურიშვილი აქ გავიცანი. სანამ მეუღლე გახდებოდა, ერთი-ორი წელი მისი მასწავლებელიც ვიყავი. შემდეგ ამ ურთიერთობაში გაჩნდა სიყვარული, რომელიც დაოჯახებით დასრულდა. ერთი წლის წინ ღვთის მადლით შეგვეძინა მარტა-მარიამი.

როცა გაიგეთ, რომ სუხიშვილები ჩამოდიოდნენ, თავად დაუკავშირდით მათ, თუ თვითონ დაგიკავშირდნენ?

მოცეკვავეებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. სანამ აფიშები და ინფორმაცია გავრცელდებოდა, მათგან გავიგე, რომ ამერიკისა და კანადის გასტროლზე მოდიოდნენ…

რამდენი წელი იყო გასული, რაც მათთან ერთად არ გიცეკვიათ და როგორი ემოციები გქონდათ, როცა სცენაზე კვლავ მათთან ერთად დადექით?

ემოციები ენით აღუწერელი იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემდი იმ გრძნობას, რაც იმ წუთში ჩემს თავში ხდებოდა. ყველაფერი, რასაც 14 წლის განმავლობაში ვაკეთებდი, 5 წლის შემდეგ იმ სცენაზე გაცოცხლდა. ეს კონცერტი და ეს ემოციები ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

რას ეტყოდით ანსამბლის ხელმძღვანელობას და თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს?

ანსამბლის ხელმძღვანელობას უდიდეს მადლობას გადაუხდი, რომ ეს ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები მაჩუქეს. ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და მომავალში იმ პროექტების განხორციელებას, რაც აქვთ ჩაფიქრებული. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაგვაოცებენ. ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს მადლობა გვერდში დგომისთვის, იმ ემოციების გაზიარების, რაც მე განვიცადე. „სუხიშვილები“ იყო, არის და იქნება N1.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები