იაპონური ავტომწარმოებელი Toyota აშშ-ის ბაზარზე 228 367 ავტომობილს გაიწვევს. მიზეზი სავარძლების შესაძლო დეფექტია, რომლის გამოც ფრონტალური შეჯახების დროს სავარძლების საზურგეები შესაძლოა დაფიქსირებული მდგომარეობიდან გამოვიდეს, რაც ავარიისას ტრავმების მიღების რისკს ზრდის.
გაწვევის კამპანია შეეხება Toyota Sienna Hybrid-ის კონკრეტულ მოდელებს, რომლებიც 2022-2026 წლებშია გამოშვებული. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, ძლიერი ფრონტალური შეჯახებისას სავარძლის საზურგემ შესაძლოა პოზიცია შეიცვალოს და მგზავრი სათანადოდ ვეღარ დაიცვას.

დეფექტის აღმოსაფხვრელად ოფიციალური დილერები ავტომობილებზე საჭირო სარემონტო სამუშაოებს უფასოდ ჩაატარებენ. კონკრეტული კომპლექტაციის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს უსაფრთხოების დამხმარე სისტემის ელექტრონული მართვის ბლოკის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ან მეორე რიგის სავარძლების საზურგეების შეცვლა.
აღსანიშნავია, რომ Toyota Sienna Hybrid-ი სავარძლების გამო გასულ წელსაც გაიწვიეს. მაშინ აშშ-ში 54 631 ავტომობილი შეაკეთეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Toyota-მ საწვავის გაჟონვისა და შესაძლო ხანძრის რისკის გამო Land Cruiser 250-ის მოდელებიც გაიწვია. პრობლემა საწვავის ავზთან დაკავშირებულ სწრაფად მოსახსნელ მილსადენს უკავშირდებოდა.