LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ფილტვის კიბოს დროულად მივუსწრებთ, შეგვიძლია მივიღოთ შესანიშნავი შედეგები, 90%-იანი გამოჯანმრთელება…“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ნემსაძე ფილტვის სკრინინგის პროგრამაზე

6276
გრიგოლ-ნემსაძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ნემსაძე სტუმრობდა. გადაცემაში საუბარი შეეხო ფილტვის კიბოს და დაავადების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობას. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა ფილტვის სკრინინგის პროგრამაზე, რომელშიც რესპუბლიკური საავადმყოფოც არის ჩართული.

დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ფილტვის სკრინინგის პროგრამა, რომელშიც ჩაერთნენ რიგი სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოც, მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ, რა არის ფილტვის კიბო, რამდენად ცუდი პროგნოზის მატარებელია თავად დაავადება, რომელიც ყველას აშინებს, მით უფრო საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დროული დიაგნოსტირება?

ფილტვის კიბო გახლავთ ერთ-ერთი უვერაგესი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძალიან მაღალი სიკვდილიანობით. აქ საუბარია ფილტვის კიბოზე, რომელიც არის გვიან ეტაპზე დიაგნოსტირებული. ზოგადად მსოფლიოში ძალიან მაღალია ფილტვის კიბოს აღმოჩენადობა და ამ დაავადების გავრცელება და არც საქართველო ჩამორჩება ამ სტატისტიკას, 2 500 შემთხვევა ყოველ წელს არის პაციენტებისა, როდესაც ამ დაავადების გამოვლინება ხდება და სამწუხაროდ უმეტესობა უკვე არის საკმაოდ შორს წასული, მესამე – მეოთხე სტადიის, მას შემდეგ რაც პაციენტს აღმოაჩნდება სისხლიანი ნახველი, წონის კლება, ზოგადად სისუსტე და მიაკითხა ექიმს, სადაც აღმოჩნდება ეს მდგომარეობა. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მედიცინა არ დგას ერთ ადგილზე და ახალ-ახალ პრეპარატებს იგონებს კაცობრიობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საშველი არც თუ ისე ბევრია – 20-25 %, სიცოცხლის გახანგრძლივებისა ვიღებთ რაღაც ოდენობას, მაგრამ საბოლოოდ ეს არ ითვლება საშველად საბოლოოდ.

რა თქმა უნდა ყოველი გახანგრძლივებული დღე ადამიანისთვის საშველია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რადიკალურ შველაზე, როდესაც შეგვიძლია თუ ფილტვის კიბოს დროულად მივუსწრებთ, მივიღოთ შესანიშნავი შედეგები საბოლოო ჯამში. 90 %-იანი გამოჯანმრთელება.

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დროულად? სტიგმა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, რომ „ცუდი არაფერი გავიგო“ და ასე შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გვერდზე გადადება და სკრინინგზე ფიქრი?

ორი სტიგმა გვაქვს ჩვენ ასეთ შემთხვევაში, ერთი იმის შიში, რომ „რამე არ მქონდეს“ და მეორე, რომ „ამ კვლევით რამე ხომ არ დაგვიშავდება“. ვსაუბრობთ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რომელიც გახლავთ ფილტვის კიბოს აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი. ამ კვლევით ხდება ნებისმიერი წარმონაქმნის აღმოჩენა ფილტვში. შესაძლოა ფიბროზული კვანძები იყოს, ან სხვა ტიპის დაზიანება, რომელსაც აღმოვაჩენთ და ვაკონტროლებთ.

მეორე შიში ახლავს რადიაციულ გამოსხივებას, რომელიც ახლავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კვლევა, რომელიც ტარდება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ყოველთვის გათვლილია იმაზე, თუ რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კვლევას და რა ზიანის მოტანა შეუძლია. ვცდილობთ ყოველთვის სარგებელი მეტი იყოს, ვიდრე რისკი. არ უტარდება კვლევა პაციენტებს, რომლებიც  არ წარმოადგენენ რისკჯგუფს, არ ტარდება კვლევა ისეთი დოზებით, რომელიც მაღალი იქნება და რაიმე რისკს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ეს ყველაფერი გვაქვს გათვლილი.

რაც შეეხება დღევანდელ პროგრამას, რასაც ფილტვის კიბოს დაბალ დოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის პროგრამა ჰქვია, ჩვენთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დანერგილია ეს კვლევა და მიდის საკმაოდ წარმატებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად, რაფინირებული დოზები დალაგებული, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება დაახლოებით ფილტვის რენტგენოგრაფიისას მიღებულ დოზირებას. ამდენად ეს საშიშროება, რომ რენტგენის გამოსხივება რაიმე ზიანს მიუტანს პაციენტს, ამ შემთხვევაში აღარ არსებობს. ჩათვალეთ, რომ თუ გაგიმართლებთ ამინდებში, ერთი კვირა ბათუმში ხართ მზის ქვეშ, არაუმეტესი რადიაციის დოზა, ასე რომ ამის საშიშროება არ არსებობს. ეს პროტოკოლები ადაპტირებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან ერთად და აპარატურა, რასაც ჩვენ ვიყენებთ კვლევისთვის, ანალოგიურია მსოფლიოში არსებული აპარატურისგან, ასე რომ ამ მხრივ დაცულები ვართ.

შიშს რაც შეეხება აქ გვიჭირს ცოტა ადამიანებს, იმ შიშის მოლოდინში, რომ „რა იქნება, რამე რომ მიპოვონ“. უამრავი პაციენტია, რომელთაც საუბრებში შევთავაზეთ მოდით გაიკეთეთ, მეუბნებიან – „რამე რომ მიპოვოთ მერე რა ვქნა“, აი ზუსტად მანდ არის საქმე, დროზე თუ ვიპოვეთ, შედეგი გადასარევი გვაქვს.

მე ვმონაწილეობ კვლევებში, მათ შორის ფილტვის კიბოს კვლევებში, სადაც დღეს გასაოცარი შედეგებია, დიდი ზომის რადიკალური შემცირების ეფექტები გვაქვს გარკვეული პრეპარატების გამოყენების პირობებში. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ 10 სანტიმეტრიანი კიბო დაპატარავდა 3 სანტიმეტრამდე ამ პრეპარატის გამოყენებით და ჩვენ თუ ამას თავიდანვე 1-2 სანტიმეტრის ზომაში ვიპოვით, ბუნებრივია, რომ მას ჩვენ შესაძლოა საერთოდ მოვარჩენთ და სწორედ ამას ემსახურება სკრინინგის მეთოდი, რომ ჩვენ დროულად აღმოვაჩინოთ ეს კერები, დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად ჩავიტაროთ შესაბამისი მკურნალობა.

როგორ ფიქრობთ, სად არის ის მთავარი საიდუმლო გასაღები იმისა, რომ ცნობიერება, ქცევა შევუცვალოთ მოსახლეობას – რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ გადალახოს შიში და რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირება?

ინფორმირებაა ის მეთოდი, რითაც შეგვიძლია გადავალახვინოთ ხალხს, მათ უნდა ავუხსნათ რა სიკეთე აქვს ამას და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს და რაც მეტ ინფორმაციას გავავრცელებთ მიღებული შედეგების, მათი ანალიზის შედეგებზე, მით უკეთესია. ეს პროგრამა ახალი დაწყებულია, მაგრამ რაღაც შედეგები გვაქვს. მაგალითად, გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ფილტვის კიბო არ აღმოგვიჩენია და ძალიან კარგი, რომ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ვიპოვეთ კალციფიცირებული კორონარული სისხლძარღვები, ვიპოვეთ ძუძუს წარმონაქმნი, ვიპოვეთ გადიდებული ლიმფური კვანძები და შემდეგ ეს პაციენტები გადავამისამართეთ სხვა პროფილის ექიმებთან, რომელთაც უკვე ამ მიმართულებით დაიწყეს კვლევა, ჩვენ ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ.

რაც შეეხება პაკეტს, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფო სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაიტარებს ფილტვის სკრინინგს, ანუ კიდევ ერთი მოტივაცია იმისთვის, რომ ვუბიძგოთ, მივაჩვიოთ და დავნერგოთ სკრინინგის კულტურა, რა პაკეტია და რას სთავაზობთ პაციენტებს?

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეიმუშავა ორი პაკეტი, რომელიც მეტ-ნაკლებად კავშირშია სკრინინგის პროცედურასთან. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩაიტარებენ ფილტვის კიბოს სკრინინგს და შემთხვევით, აღმოაჩნდებათ ფილტვის დაზიანება, ფიბროზული ცვლილებები, ფქოდის დაავადება, ბულოზური კერები და ასე შემდეგ. ამ დაავადებების შემდგომი მართვისა და მკურნალობისთვის ჩვენი კლინიკა სთავაზობს უკვე პულმონოლოგიურ პაკეტს, რომელშიც შედის პულმონოლოგის კონსულტაცია, სპირომეტრია, ექიმის კონსულტაცია და შემდგომი მკურნალობის დანიშვნა, რომლის ღირებულებაც არის 30-40 % ფასდაკლება სტანდარტული ღირებულებისა. ასევე არის კარდიოლოგიური პაკეტიც, რომელშიც შედის კარდიოლოგის კონსულტაცია, შედის ექო-კარდიოგრაფია და ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება ასევე 30-40 % ფასდაკლებით. ამ შემთხვევებში ჩვენი კლინიკის კარდიოლოგი და პულმონოლოგი განაგრძობენ პაციენტის დიაგნოსტიკას, შემდგომ მათ მკურნალობას და ყურადღების მიქცევას შემდგომ პერიოდში.

ვფიქრობ ეს კიდევ ერთი მოტივაციაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ ჩაიტარონ სკრინინგი და იქონიონ თავიანთ ჯანმრთელობაზე გარკვეული ინფორმაცია, შემდგომი კვლევების ჩატარება მოგვანდეთ სპეციალისტებს და ჩვენ დაგეხმარებით, მივიღებთ კარგ შედეგს. არა ის, რომ მოვიდა პაციენტი, გადაიღო ტომოგრაფია და დაგვემშვიდობა და დარჩა ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე…

დღეს 21 საუკუნეში ტექნოლოგიურ ეპოქაში, პაციენტს ენატრება ექიმი, მასთან საუბარი, მისგან მიღებული რჩევა და იმედი, რაც ხშირად იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი მედიკამენტი – ამ შემთხვევაში თქვენთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რამდენად ექცევა ამას ყურადღება? ეს არის დეტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული მკურნალობისთვის…

გეთანხმებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის ექიმთან საუბარს. მარტივად ტექნოლოგიებთან, აპარატთან მისვლა და რობოტთან საუბარი არავის არ მოეწონება, პაციენტს უნდა გულის გადაშლა, თავისი ინფორმაციის გაზიარება და მოსმენა, იმ მომენტში ექიმი პაციენტის ღმერთია. მეტსაც გეტყვით, ჩვენი კოლეგები, რომლებიც თუ მივალთ სხვა სპეციალობის ექიმთან, იმ მომენტში საერთოდ არ ვართ ექიმები და ვართ დამოკიდებული იმ ადამიანზე ვისთანაც მივედით, ჩვენ ვთვლით, რომ ის ჩვენი ღმერთია იმიტომ, რომ ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ.

ნებისმიერი პაციენტიც ასე და ჩვენს კლინიკაში ამ სკრინინგში მონაწილეობს სამი 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ექიმი, მათ შორის მეც და ვცდილობთ, რომ ნებისმიერი პაციენტი, რომელიც მოვა კვლევაზე,  ექიმი უნდა იყოს ადგილზე, რომ მას გაესაუბროს. სკრინინგი გვაძლევს საშუალებას, 10 დღეში დავწეროთ პროტოკოლი, მაგრამ ის ადამიანი ხომ შეშინებული მოვიდა, ასე ჟღერს „ფილტვის კიბოს სკრინინგი“ და იქვე რომ დახვდები პაციენტს და ეტყვი, რომ დამშვიდდით არაფერი არ გჭირთ, მშვიდად და ბედნიერად მიდის სახლში და ესეც დაგვეხმარება იმაში, რომ ერთი წლის თავზე ეს ხალხი მოვა და საკონტროლო კვლევას გაიკეთებს, ეს კი უკვე ამ პროგრამის წარმატება იქნება. სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდება ნდობა, თუ ჩვენ პაციენტს არ ვესაუბრეთ, არ დავაწყნარეთ და თუ რამე სათქმელია იქვე არ ვუთხარით. ასეთი მიდგომა ექიმთან მიმართვიანობასაც გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები