თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. „სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე და არამხოლოდ რუსეთზე, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანზე ანუ იმპორტიორ ქვეყნებზე, საიდანაც ვიღებთ ენერგიას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო შევქმნათ “- განაცხადა ნარმანიამ.
მან ელექტროენერგიის ტარიფზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფასის მატება მოსალოდნელი არაა. „ელექტროენერგიის ტარიფის მატებას ამ ეტაპზე, ამ გადმოსახედიდან არ ველოდებით. ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფებიც უკვე დადგენილია. ელექტროენერგიის ტარიფი ამ წლის ბოლომდეა დადგენილი, მისი გადამტკიცება მოხდება, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმამ იმას, რომ ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
