ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, სასურველია, მეტი აქტიურობა იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, რეგიონებში ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტების გახსნა ადამიანებს საშუალებას აძლევს, თბილისში ჩასვლის გარეშე შეძლონ იმუნიზაცია.
„იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვაქცინაცია უფრო კომფორტული იყოს, დაისვა საკითხი, რომ დამატებითი კაბინეტები გახსნილიყო. ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და აჭარაში, ბათუმშიც გაიხსნა დამატებითი კაბინეტი. ახლა აქტიური ტურისტული სეზონია და, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ადამიანები არ უნდა მოცდნენ და დასავლეთ საქართველოდან თბილისში არ უნდა ჩამოვიდნენ. იქვეა საშუალება, რომ ვაქცინაცია გააგრძელონ. ცხადია, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი პროცესია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მოვუწოდებთ, უფრო აქტიურად ისარგებლონ ვაქცინაციის პრიორიტეტული უფლებით. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი დაბალი ტემპით მიდის, ის ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ყოველთვის შეიძლება უკეთესი“, – აღნიშნავს ნათია თურნავა.
