ამერიკული ბრენდის Vector-ის იშვიათი სუპერქარი M12, რომელსაც გამოშვებიდან თითქმის 30 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 700 კილომეტრი აქვს გავლილი, 2027 წლის იანვარში აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილი მოდელის პირველი სერიული ეგზემპლარია და აქამდე საჯარო აუქციონზე არასდროს გამოჩენილა.
1996 წელს გამოშვებული Vector M12-ის სულ 17 ეგზემპლარი დამზადდა, მათ შორის სამი პროტოტიპი. გასაყიდი ავტომობილი VIN 001 ნომერს ატარებს და ცნობილია სახელით American Anthem. მისი განსაკუთრებული გარეგნობა კიდევ უფრო გამორჩეულია ხელით შესრულებული მოხატულობით.

სუპერქარი 1996 წელს დეტროიტის ავტოსალონზე წარადგინეს, მოგვიანებით კი „დეიტონას 24 საათის“ ღონისძიებაზეც აჩვენეს. მოდელი ამერიკულ ბრენდ Vector-ს ეკუთვნის, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით იტალიურ Lamborghini Diablo-ს უკავშირდება – მის საფუძველში Lamborghini-ს აგრეგატები გამოიყენეს.

Vector M12 აღჭურვილია 5,7 ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრე 492 ცხენის ძალაა. ძრავა ხუთ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს. ავტომობილი თავის დროზე დაახლოებით 400 000 დოლარად იყიდებოდა.

აუქციონის ორგანიზატორებს მოსალოდნელი გასაყიდი ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ. თუმცა, მოდელის უკიდურესი იშვიათობა, პირველი სერიული ეგზემპლარის სტატუსი და ძალიან მცირე გარბენი კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია.
2024 წელს სხვა Vector M12, რომელსაც დაახლოებით 7 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი და რომელიც ჯეიმს მეისთან ერთად „Top Gear“-ის გადაღებებშიც მონაწილეობდა, 295 000 დოლარად გაიყიდა.