დღეს კოვაქს პლატფორმამ განმარტება გააკეთა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა.
რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა – კოვაქს პლატფორმის განმარტება
ექიმების ნაწილი ფიქრობენ, რომ უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არ შეიძლებოდა. ისინი ფოქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კრახმა, ათასობით ქართველი საფრთხის ქვეშ დააყენა.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მომხდარი სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს და ადამიანებს ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი და ეს მიმაჩნია, აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი უნდა ყოფილიყო აცრილი და მერე გვეფიქრა შეზღუდვების ასეთ ლიბერალურ მოხსნაზე. ეს არის შეცდომა, რამაც ჩვენ შეიძლება უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.
ვაქცინა რომ არ შემოდის, წმინდა კოვაქსის პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა ძალიან ბევრი პროაქტიული ქმედებებით კოვაქსთან. აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და ბუნებრივია, ეს სერიოზიული განსჯის საგანი უნდა გახდეს. ადამიანებს ამის გამო პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროთ. ვაქცინაციის დაგვიანების ყოველი დღე ითარგმნება ადამიანების სიცოცხლეში“, – ამბობს კულუმბეგოვი.
ექიმი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ვაქცინის შემოტანის საკითხში საქართველომ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
„დაშვებული იქნა სტრატეგიული შეცდომები დაწყებული მარტის თვიდან, როდესაც ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები მწარმოებლებთან და არ უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ კოვაქს პლატფორმის იმედად.
შიდაკოორდინაცია საკმაოდ სუსტად წარიმართა ესაა ორი ძირითადი მიზეზი, რატომაც ჩვენ დღეს ვაქცინა არ გვაქვს“. – აცხადებს კალოიანი.
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე დარწმუნებულია, რომ შექმნილი სიტუაცია სიკვდილიანობას გაზრდის.
„უვაქცინობა გამოიწვევს ადამიანების გარდაცვალებას. უვაქცინობა არის მომატებული სიკვდილიანობა, რომელიც შეეხება ყველას ოჯახს. ჩვენი ბებია-ბაბუების სიცოცხლე დევს სასწორზე, მაშინ, როცა სასწორის მეორე პინაზე მხოლოდ ცარიელი შპრიცები დევს“, – განაცხადა ჩალაძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებდა.
ამირან გამყრელიძის გადადგომა განიხილება: სერგო ჩიხლაძე
მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ვის მოუწევს შექმნილი სიტუაციის გამო პასუხისმგებლობის აღება, ამ დროისთვის უცნობია