რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფილმის „გურია“ საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა.
ბატონო ლევან, თქვენი ბოლო ნამუშევარი – „გურია“, მასშტაბურ წარმატებებს აღწევს… რომ ამბობენ, თქვენი წელია… როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ამდენი ხნის შრომამ შედეგი გამოიღო?
ეს უბრალოდ ჩემი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ახლა აქტიურ საფესტივალო ფაზაშია და თავის კინო მოგზაურობას აგრძელებს. ალბათ, ინფორმაციამაც შიგადაშიგ ამიტომ იმატა. ჩემთვის კინო უპირველესად პროცესია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფაზა აქვს, სცენარზე ფიქრი, დაფინანსების მოძიება, გადაღება და მონტაჟი. მერე უკვე, ფილმი როცა იბადება, უნდა გაჰყვე, როგორც პატარა ბავშვს, რომ ფეხზე დადგეს, უნდა წაჰყვე-წამოჰყვე ფესტივალებზე და ახლა ეგ პერიოდია. თუმცა, რომ გითხრათ, რომ ყველაზე საინტერესო პერიოდია, ვერ ვიტყვი, რაღაცა კუთხით დამღლელია. კი, საინტერესოც არის, სახალისოც, მაგრამ მაინც ყველაზე კარგი პერიოდია, როდესაც ახალ რაღაცაზე იწყებ ფიქრს, როცა ახალ რაღაცაზე გინდა მუშაობა და სურვილი გიჩნდება, რომ ისევ მიუბრუნდე ამ ძალიან რთულ საქმეს, რომელსაც ჰქვია კინო.
ალბათ, მართლაც უნიკალური შეგრძნებაა, როდესაც წლების მოლოდინი რეალურ შედეგად იქცევა. მინდა ექსკლუზიურად აღვნიშნო, რომ წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი გველოდება, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი თავად გადაღებებზე გკითხავთ, რამდენ ხანს გრძელდებოდა „გურიაზე“ მუშაობა და რა გზა გაიარეთ მის დაბადებამდე?
იდეის გაჩენიდან და სცენარის წერიდან საბოლოო ვერსიის შექმნამდე დაახლოებით წელიწად ნახევარი ან ორი წელი გავიდა… მასალების მომზადება, სცენარზე მუშაობა, სცენარისტთან მუშაობა…
მერე იყო რაღაცა ფაზა, როდესაც კინოცენტრში დაფინანსება მოვიპოვეთ, მაგრამ ამ დროს დაიწყო კოვიდი, ანუ ყველაფერი გაჩერდა, თუმცა ჩვენ არ გავჩერებულვართ, რადგან მე ამ დროს გადავიღე დოკუმენტური ფილმი პანდემიაზე, რომელიც ჯერ არ გამოსულა. ამას დასჭირდა ორი წელი, ანუ პაუზა იყო.
შემდეგ, კიდევ ორი წელი სხვა ფილმი გადავიღე და დავამონტაჟეთ. უბრალოდ, პოსტპროდუქციის ეტაპი ჯერ ვერ გავაკეთეთ სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის თანხების უკმარისობის გამო.
მერე, უკვე მოვიდა დრო, როდესაც უკვე „გურიაზე“ მუშაობა უნდა დაგვეწყო, ამიტომ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა დასაწყისიდან, შუაში იყო სხვა ფილმი, როგორც გითხარით.
მერე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით გადაღებას, იცით როგორ იყო?! თანხის ნაწილი ნაშოვნი გვქონდა, მათ, შორის კოპროდუქცია, რადგან საქართველოს გარდა, ბევრი ქვეყანა არის ჩართული.
იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა იყო ჩართული საქართველოს გარდა, ცხადია დრო დასჭირდა, სანამ ამ ქვეყნებს მოველაპარაკებოდით. კერძო ფულიც უნდა შემოსულიყო „გურიაში“, რომელიც დაგვეხმარებოდა მთლიანად ბიუჯეტი დაგვეხურა, მაგრამ ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ იმ კერძო ფულმა უარი გვითხრა… მოკლედ, არ შემოვიდნენ ამ პროექტში.
გადაღებას რომ ვიწყებდით, ვიცოდით, რომ საკმაოდ დიდი თანხა გვაკლდებოდა იმისთვის, რომ გადაღება დაგვესრულებინა, მაგრამ უნდა დაგვეწყო გადაღება, იმიტომ, რომ ამით რომ არ დაგვეწყო, ვკარგავდით ევროპულ ფულს, იმიტომ რომ იმ წელს უნდა ათვისებულიყო. რაც შეგვეძლო, იმ თანხებით, იმ ბიუჯეტით, მაქსიმალურად ყველაფერი გადავიღეთ. მერე, იყო დაახლოებით წელიწად ნახევრიანი პაუზა, იმიტომ, რომ მერე, დავამონტაჟე ის, რაც გვქონდა და უკვე ამ დამონტაჟებული მასალით დავიწყე სიარული, რომ მეშოვა ის თანხები, რაც დაგვაკლდა… ძალიან გაგვიმართლა, თანხის ნაწილი ვიშოვეთ უცხოეთში, საუდის არაბეთში მოვიგეთ ერთ-ერთ ფესტივალზე, სადაც საკმაოდ სერიოზული დაფინანსება მოვიპოვეთ.
შემდეგ, „თურქეთის კულტურის სამინისტროში“ დაფინანსებაზე შევიტანეთ განაცხადი და იქაც მოვიგეთ გრანტი. შემდეგ, საქართველოში „კულტურის სამინისტრომ“ დაგვიმატა თანხა და მოკლედ, ასე შევავსეთ მთლიანი ბიუჯეტი და შევუდექით მეორე ეტაპის გადაღებას.
ფილმი ძალიან ბევრი ქვეყნის კოპროდუქციაა. როგორ ფიქრობთ, ზოგადად, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ნამუშევარში იყოს კოპროდუქცია?
იცით რა, პლუსებიც აქვს და მინუსებიც აქვს, ცხადია. ის თანხა არ მოდის უბრალოდ ისე, ისე არ არის, რომ უბრალოდ თანხას გაძლევენ და რაც გინდა, ის გააკეთო. გარდა იმისა, რომ თანხებს მოიზიდავ, ვალდებულებებიც მოდის, იმიტომ რომ ჯგუფის წევრები უნდა აიყვანო იმ ქვეყნიდან. ამას პლუსიც აქვს, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, შეიძლება, ძალიან კვალიფიციური ხალხის აყვანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ხანდახან, შეიძლება, მოგთხოვონ, რომ აიყვანო, მაგალითად, ოპერატორი და არ გინდოდეს, ვთქვათ, მაგათი ოპერატორის მუშაობა, გინდოდეს შენი ოპერატორის მუშაობა, მოგთხოვონ, ვთქვათ, მემონტაჟე და ამ დროს შენ არ გინდოდეს მასთან…
თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ფაზლი დგება ხოლმე, კარგია, იმიტომ, რომ ჯგუფი ინტერნაციონალური ხდება, საერთაშორისო და ამას თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ, პრინციპში, გაგვიმართლა, იმიტომ რომ „გურიაზე“ ძალიან ბევრი მაღალი დონის სპეციალისტი მუშაობდა.
„გურიის“ მსოფლიო აღიარება „ვენეციის კინოფესტივალიდან“ დაიწყო. ამას მოჰყვა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „ბიაფი“, სადაც მაყურებლის უდიდესი მოთხოვნის გამო, ორგანიზატორებმა მორიგი ჩვენება დაამატეს. ამის შემდეგ, იყო „ოქროს გლობუსი“. ასევე, არის შეთავაზება, რომ ჩვენი ქვეყნიდან „ოსკარებზე“ „გურია“ იყოს წარდგენილი. მოგვიყევით, რას ნიშნავს თქვენთვის თითოეული ეს წარმატება?
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმის პრემიერა შედგა „ვენეციის კინოფესტივალზე“, რადგან ერთ-ერთი მთავარი კინოფორუმია და, ასე ვთქვათ, კარგ ადგილას დაიწყო „გურიის“ მოგზაურობა.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს ესწრებოდა „ვენეციის კინოფესტივალის“ დირექტორიც, რომელმაც წარადგინა ფილმი და მე მგონი, ყველას არ აქვს ეს პატივი…
დიახ, იმიტომ, რომ ფილმი იყო ოფიციალურ სელექციაში. ის არ იყო, ვთქვათ, საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ იყო „სპოთლაითში“, რომელიც არის ოფიციალური სელექცია, ამიტომ ცხადია, ალბერტო ბარბერა ესწრებოდა ამას.
ჩვენ მანამდეც გვქონდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ მას ძალიან მოეწონა ფილმი და თავიდანვე მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
პრინციპში, ჩვენ მარტში ვიცოდით, რომ ვენეციიდან არის ინტერესი ამ ფილმთან დაკავშირებით და ამიტომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით მათთან… ძალიან კარგი ჩვენება იყო… მერე, გვქონდა ასევე ძალიან კარგი პრესა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ფილმი „გურია“ ასევე წარდგენილია Asia Pacific Screen Awards-ზე, ორ ნომინაციაში, საუკეთესო ფილმი და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი. როგორია მოლოდინი, მზად ხართ ამისთვის?
პირველი ფილმი, პირველი ფესტივალი არ არის და ერთ რაღაცას შევეჩვიე, ამაზე არ უნდა იფიქრო ზედმეტად. პარალელურად, ყოველთვის სხვა რაღაცას ვაკეთებ, ამიტომ ეს ხელს მიშლის… ეს არის წარდგენა, იქნება იქნება, არ იქნება არ იქნება, ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია. ხანდახან, ცხადია, ასე არ გამოგდის და იწყებ ნერვიულობას, მაგრამ როდესაც არ ნერვიულობ, ყველაზე კარგი შედეგები მაშინ არის ხოლმე.
უკვე კარგია, რომ ფილმი მოხვდა ნომინაციაში.
რომ ავხსნათ, ხომ არის ოსკარი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო, ევროპული კინოაკადემია, და ასევე არის აზია-წყნარი ოკეანის ძალიან დიდი რეგიონი, არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ კინოინდუსტრიის მხრივაც, იმიტომ რომ აქ შედის იაპონია, ჩინეთი, კორეა… სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინო ტერიტორიაა დღეს მსოფლიოში…
ჩვენს გარდა კიდევ ოთხი, სულ ხუთი ფილმია, თუ არ ვცდები, ნომინაციაში. მათ შორის არის რამდენიმე იაპონური ფილმი, რომელიც არის კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსიდან, ანუ სერიოზული კონკურენციაა. იქ რომ მოვხვდით, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია…
ძალიან გამიხარდა, რომ ოპერატორული ნამუშევარიც ნომინაციაშია. ჩვენ ორი ოპერატორი გვყავდა ამ ფილმზე, ორივე წარდგენილია ამ ნომინაციაში და ეს კარგი ამბავია ჩემთვის. კარგი ნომინაციაა… ვნახოთ, რა იქნება, თუ პრიზი მოვიგეთ, მთლად კარგი იქნება.
რამდენად დაგვეხმარება დეკემბრის თვის სამზადისისთვის, ეს უამრავი გამარჯვება?
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩემი პირველი ფილმი არ არის, რომელიც „ოსკარებზე“ საქართველოდან არის წარდგენილი. „ბრაიტონი“ , „ქუჩის დღეებიც“ იყო წარდგენილი, ოღონდ „ქუჩის დღეების“ დროს, ამას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. მაშინ, სახელმწიფო არ ეხმარებოდა, რომ „ოსკარის“ კამპანია ეწარმოებინა. „ბრაიტონზე“ უკვე გვქონდა დაფინანსება და სარეკლამო კამპანია ვაწარმოვეთ. ახლა, სხვათა შორის, უფრო გაზრდილია, ყურადღება და მე მინდა მადლობა გადავუხადო, „კულტურის სამინისტროს“ და „შემოქმედებით საქართველოს“ . მხარდაჭერაც მეტი არის.
ჩემი გამოცდილება რაც არის, პრინციპში, შენ თუ ზურგს არ გიმაგრებს ძალიან სერიოზული ამერიკული სადისტრიბუციო კომპანია, რთულია. ისინი თუ არიან შენი დისტრიბუტორები, აბსოლუტურად სხვა დონის კამპანია მიდის ხოლმე და ამიტომ რეალურად, კონკურენცია მიდის იმ ფილმებს შორის, რომლებსაც ზურგს უმაგრებენ ეს დიდი კომპანიები.
ანუ მარკეტინგის, საერთაშორისო პიარის გარეშე გამორიცხულია…
ძალიან რთულია. ჩვენ ასეთი სადისტრიბუციო კომპანია ზურგს არ გვიმაგრებს, ამიტომ რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა ის ფაქტი, რომ, ვთქვათ, „ოქროს გლობუსის“ ჯილდო იყო, იგივე აზიური, ეს რაღაცა ბენეფიტებს გვაძლევს, ასე ვთქვათ, შანსებს გვიზრდის, მაგრამ ვნახოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით. „კულტურის სამინისტრომ“ თანხები გამოგვიყო, გვყავს კიდევ კერძო სპონსორებიც.
ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეულად წარვდგეთ, იგივე „ოსკარების“ კამპანიის კუთხით, და ჩვენი ეს ქართული კულტურა წარმოვაჩინოთ… რა შედეგი მოჰყვება ამას, ახლა, მაგაზე ნერვიულობა არ შეიძლება.
ახლა, კი ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ.
პარალელურად მხატვრულ პროექტზეც ვმუშაობ, თუმცა, როდესაც „გურიას“ ვამონტაჟებდით, ზუსტად იმ პერიოდში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ახალი დამთავრებული მქონდა „გურიის“ გადაღებები და მონტაჟი და აბსოლუტურად არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ პატრიარქი რომ გარდაიცვალა, ამას რა მოვლენებიც მოჰყვა, ეს ხალხის ზღვა, თუ როგორ იქცეოდნენ… ამან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე ასეთი რაღაცა არ მინახავს და არ გამიგია. უცებ გაგვიჩნდა აზრი, რომ მოდი, ეს ყველაფერი გადავიღოთ. აბსოლუტურად არ ვგეგმავდით, არანაირ კინოზე აღარ ვფიქრობდი, იმიტომ, რომ გადაღლილები ვიყავით ამ „გურიის“ დამქანცველი მარათონით, მაგრამ ამან რაღაც ძალები მოგვცა.
მივედი „პირველ არხში“, ისინი მაშინვე მხარში დაგვიდგნენ. იდეიდან გადაღებამდე გავიდა 6 საათი. შანსი არ არის, რომ კინოში ასე უცებ გააკეთო ტექნიკის, რესურსის მობილიზაცია… ასევე, დამეხმარა ჩვენი „გურიის“ ერთ-ერთი ოპერატორი, გიგი სამსონაძე, რომელიც წამომყვა, ამას დაემატა ტელევიზიის ოპერატორები.
მერე, ამას მოჰყვა გაგრძელება – ახალი პატრიარქის არჩევნები და ესეც გადავიღეთ. ამაში „შემოქმედებითი საქართველო“ დაგვეხმარა.
