დაჯი ოშორიძე თუში გოგონაა, რომელმაც მშობლიური მხარე არ მიატოვა და ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, იქ, სადაც არაფერი იყო, ტურისტებისთვის პატარა ოაზისი შექმნა. გემრიელი ყავა, კერძები და თუში გოგონას შესრულება გარმონის თანხლებით… ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და გვერდზე მხოლოდ მშრომელ ადამიანს ხედავს, რომელიც მას გვერდს გაუმაგრებს…
დაჯი ოშორიძე fortuna.ge-ს ესაუბრება.
ყველგან ვამბობ, მე ვარ თუში. ყოველ წელს ვმოძრაობდით ამ უღელტეხილზე, გადავდიოდით და გადმოვდიოდით, რადგან ფიზიკურად სხვა გზა არ არის. თუშეთის განვითარებაში წვლილის შეტანა მსურდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. სანამ ამ ბიზნესს დავიწყებდი, ჩვენს ოჯახს მანამდე საოჯახო სასტუმრო ჰქონდა სოფელ შენაქოში. მაშინ მოვიფიქრე სახელი „ღრუბლებს ზემოთ“, შემდეგ კაფეს დავარქვი… 25 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარი კაფე გავხსენი… იდეა, ადგილმდებარეობა, ყველაფერი მე და ჩემმა ოჯახმა მოვიფიქრეთ. არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა, არც დენი, არც წყალი. მთავარი სანახაობა მაღლაა, ამიტომ მაინც ეს ადგილი გადავწყვიტე. იქ ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა. მე კი კარვითა და მანქანით ვიყავი. პირველ წელს, 2022 წლის 19 ივლისს ავედი და 40 დღე მომიწია ყოფნამ კარავში, რომელიც წყალგამძლე იყო, მაგრამ ნისლსა და წვიმას ვეღარ უძლებდა… ერთ ღამეს გამეღვიძა და ნახევარი მხარე სველი მქონდა. რა უნდა მექნა ღამის ორ საათზე… გადავტრიალდი მეორე მხარეს და გავაგრძელე ძილი… მეორე დღიდან მანქანაში გადავინაცვლე. მხოლოდ ჩემი ძაღლი ტედი მახლდა თან… ორი მატყლის საბანი და ხუთი პლედი მეფარა. შიგადაშიგ მანქანას ვქოქავდი, რომ გათბობა ჩამერთო.

როგორც ჩანს, სირთულეები არ გაშინებთ და გიყვართ…
მიზანი მქონდა. დავიწყე და გამოვიდა.
როგორ იგრძენით, რომ გამოვიდა?
პირველივე წელს. თავიდან არავინ მოდიოდა, რადგან ტურისტი ვეგონე, უბრალოდ, ზევით გაჩერებული. ვინ არის, ვინ არისო, კითხულობდნენ. ზოგს ეგონა, რომ კარგად არ ვიყავი (იღიმის). თანდათან მიხვდნენ, რატომაც ვიყავი იქ. პირველ წელს, რა მოგებაც ვნახე, 6000 ლარად კონტეინერი ვიყიდე და ჩავდგი. შიგნით ღუმელი დავდგი, რკინის კარი მქონდა. ყავის აპარატი ერთის ნაცვლად ორი მქონდა… აიტაცა ხალხმა და მუშაობაც წამოვიდა…
არასდროს გიფიქრიათ, რომ ასეთი რთული გზით არ წასულიყავით და სხვაგან გეცადათ საქმიანობა, არა თუშეთში?
სასტუმრო რომ გავაკეთეთ, დაფინანსებაზე განაცხადი მე შევიტანე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ თავად სასტუმრომდე ვერ მივაღწიე, რადგან იმ პერიოდში ძალიან კარგი სამსახური მქონდა თბილისში, სტაბილურად ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ჩემი ბიზნესი მინდოდა, რომელიც თუშეთში მექნებოდა. მინდოდა, საკუთარი შემექმნა… სხვათა შორის, სამსახურიდან ძალიან შემიწყვეს ხელი, მეღვინეობაში ვმუშაობდი. მთელი ზამთარი გადაბმულად ვიმუშავე, გამოსასვლელი დღეების გარეშე და მერე ერთი თვით მომცეს უფლება, რომ თუშეთში წავსულიყავი… შემდეგ სამსახურიდან წამოვედი და დავიწყე ჩემი საქმე…

თქვენი ოჯახი როგორ უყურებს თქვენს საქმეს?
არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამთ. არასდროს უთქვამთ, რომ რამე არ უნდა გამეკეთებინა. ჩემს ოჯახს თუშეთში კარგად იცნობენ. მამას რომ გავუზიარე ჩემი იდეა, მიპასუხა, მოგყვებით, გააკეთეო… მამამ მომცა თავისი დელიკა, ავაჭრელე და დავპრინტე.
რას გეუბნებიან ის ადამიანები, ვინც თუშეთში ამოდიან თქვენთან? რატომ მოსწონთ ის ადგილი, რომელიც ნულიდან შექმენით?
ულამაზესია იქაურობა, მაგრამ თითქოს მკვდარი იყო, უსიცოცხლო, არაფერი ხდებოდა. ახლა კი სულ მუსიკა ჟღერს, ხალხი ტრიალებს, ადგილობრივები, ტურისტები ერთმანეთს ხვდებიან, ხან ვუკრავთ, ვმღერით, დიდი ემოციები იცვლება. რომ დავკეტავთ ხოლმე კაფეს, მძღოლი ბიჭები მეუბნებიან, აღარ გვინდა მაგ ადგილას გამოვლა, რადგან უსიცოცხლო ხდებაო… ბევრისთვის იმედია, როცა ამოდიან და მთავარია, ჩემამდე მოაღწიონ. ადრე მთავარი იყო, რომ უღელტეხილი გადაგევლო, ახლა კი ყველა ჩემთან მორბის.

სამომავლოდ როგორ აპირებთ ბიზნესის განვითარებას?
გაფართოება მინდა. ჯერჯერობით წარმოებაშია ჩემი კაფეს საქმე. წარვადგენ პროექტს, როგორ მინდა მისი განვითარება. ახლა პატარა ოთახია, ზოგს ფეხზე დგომა უწევს, იმდენად პატარაა, ფიზიკურად მოძრაობის საშუალება არ არის. მინდა, მაგიდები დავდგა, მოეწყოს თუშური კუთხე. კარგი სივრცე შეიქმნას, რომ ადამიანებმა მოისვენონ…
სიმღერასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, უკრავთ და მღერით. თქვენს ამ ნიჭს როგორ აფასებენ იქ ამომსვლელები?
ძალიან აფასებენ, რაც მიკვირს, არ მაქვს შესაბამისი განათლება. რაკი მოსწონთ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ვუმღერი, მაგრამ მე დიდად ჩემი ხმა არ მომწონს… მინიმუმ 200 მანქანა ამოდის და ყველა მთხოვს, რომ ვიმღერო. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა…
თქვენი ოჯახი გყავთ? მეუღლე?
არ ვარ დაოჯახებული. ჩემი ოჯახი არის ჩემი მშობლები, ძმები, ძმისშვილები, ბებო…
როგორ ადამიანს აქვს თქვენი მოხიბვლის შანსი? ალბათ, ძალიან მშრომელს?
როგორი კითხვაა (იცინის). რა თქმა უნდა, მარტო ვერ გაიტან თავს. გჭირდება ადამიანი, ვინც მხარს დაგიჭერს. ქალმა ქალის საქმე უნდა აკეთოს, კაცმა – კაცის. სამწუხაროდ, ასე ხშირად არ ხდება. გვერდით ვისურვებდი ისეთ ადამიანს, ვინც შენს შრომას აფასებს, მხარს გიჭერს. მთავარია, მშრომელი ადამიანი იყოს, რომელიც არაფერს თაკილობდეს, გამოუსვლელი კი ამქვეყნად არაფერი არსებობს…
ნამდვილად ასეა და თქვენი საქმით ეს დაამტკიცეთ. წარმატებებს გისურვებთ!..
მადლობა!..
