LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გართობა და სისუფთავე – რამდენად უსაფრთხოა გასართობ ცენტრებში არსებული გარემო ბავშვის ჯანმრთელობისთვის

piscina-bolas-benidorm1

სხვადასხვა გასართობი პროგრამები, შეჯიბრებები ცეკვაში და სიმღერაში, ფერადი ბურთები და სათამაშოები – ეს იმ შეთავაზებების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დაბადების დღის ცენტრები მოზრდებს და მათ მშობლებს, გართობას და დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება.

სპორტული შეჯიბრებები, ლაზერ შოუები, დისკოთეკა, ბურთების აუზი, ბატუტით ხტუნვა – სწორედ ამ ჩამონათვალის გამო დაბადების დღის ცენტრები, ბევრი ბავშვისთვის საყვარელი ადგილია.

მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, თბილისში ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი დაბადების დღის ცენტრი გაიხსნა, სადაც პროგრამა საათების მიხედვით არის გაწერილი და ერთი დაბადების დღის დასრულების შემდეგ, მეორე იწყება, თუმცა საინტერესოა, რამდენად სუფთავდება ბავშვებისთვის განკუთვნილი ინვენტარი და უტარდება თუ არა დეზინფექცია.

როგორ მიმდინარეობს სისუფთავის ხარისხის კონტროლი დაბადების დღის ცენტრებში? ამ კითხვით „ფორტუნამ“ რამდენიმე ასეთ დაწესებულებას მიმართა.

კომპანია „მეჯიქ ლენდის“ წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ დეზინფექცია დაბადების დღის ცენტრში არსებულ ინვენტარს 2 კვირაში ერთხელ, სპეციალური ხსნარების საშუალებით უტარდება.

დახურული სივრცე ყოველი დაბადების დღის შემდეგ ნიავდება. რაც შეეხება სათამაშო ზონას, იქ ბავშვების დაშვება, ბახილების გარეშე, ფეხსაცმლის გარეშეა შესაძლებელი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დაბადების დღის ცენტრებში სისუფთავეს გააკონტროლებს, “მეჯიქ ლენდის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი ობიექტის შემოწმება რამდენჯერმე მოხდა, თუმცა მისი ადგილზე არ ყოფნის გამო, არ იცის რომელმა ორგანიზაციამ შეამოწმა მისი დაბადების დღის ცენტრი.

საბავშვო გასართობი ცენტრის “გარფილდის” წარმომადგენელი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ სათამაშო რეკვიზიტებს კვირაში ორჯერ უტარდება დეზინფექცია.

“ჩაშენებული სასრიალო და ბურთების აუზი ჩვენთან არ არის,” – აცხადებს “გარფილდის” წარმომადგენელი.

გასართობი ცენტრის წარმომადგენელი, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებითაც საუბრობს და განმარტავს, რომ დაბადების დღის ცენტრი ნახევარფაბრიკატებით არ მუშაობს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დაბადების დღის ცენტრებს სისუფთავესთან დაკავშირებით გააკონტროლებს, გვპასუხობენ, რომ: „პირველი ორგანო ჩვენ ვართ, ყველაზე დიდი ინტერესი ჩვენია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“.

„ფორტუნა“ კიდევ რამდენიმე დაბადების დღის ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ, ცენტრებში, ბავშვებისთვის განკუთვნილ ინვენტარს დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მაგ. 2 კვირაში ერთხელ უტარდება. რაც შეეხება ყოველდღიურ დასუფთავებას, მას დამლაგებელი უზრუნველყოფს.

კონტროლდება თუ არა დაბადების დღის ცენტრები სისუფთავესთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს მიერ? – ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სისუფთავე დაბადების დღის ცენტრებში მხოლოდ მეპატრონის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

თემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილიც აკეთებს კომენტარს.


“ის, რომ ცალკე მაკონტროლებელი ორგანო არსებობდეს, რომელიც გაუკონტროლებს დაბადების დღის ცენტრებს, გაწმენდს თუ არა თავის საკუთრებაში არსებულ ინსტრუმენტებს, ასეთი რამ არ არსებობს,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

 

პედიატრი თემურ მიქელაძე, დაბადების დღის ცენტრებში არსებულ მდგომარეობაზე „ფორტუნასთან“ საუბრობს.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევებში დაბადების დღის ცენტრები ნახევარსარდაფებში არის განთავსებული, რომლებიც არ ვენტილირდება და არ სუფთავდება.

„ისეა მოწყობილი, რომ ერთი დაბადების დღის დამთავრების შემდეგ, მეორე 3 წუთში იწყება, შესაბამისად, ცენტრების უმეტესობა სველი წესით არ იწმინდება და არ ვენტილირდება,“ – აცხადებს მიქელაძე.

პედიატრ თემურ მიქელაძის აზრით, ცენტრებში სისუფთავე უნდა კონტროლდებოდეს.

„აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ ვინ უნდა არეგულირებდეს არ ვიცი. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მერია თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ეს ჩემს კომპატენციაში არ შედის და ვერ გეტყვით,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

აქცევს თუ არა მშობელი დაბადების დღის ცენტრში არსებულ სისუფთავეს ყურადღებას? – ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მშობლების პოზიცია ამ თემაზე. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„ძირითადად გასართობი პროგრამებით ვარ ხოლმე დაინტერესებული, იმ პროგრამით, რომლის მიხედვითაც შემდეგ დაბადების დღე წარიმართება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სისუფთავე. კარგი იქნებოდა ვინმე აკონტროლებდეს აღნიშნულ პროცესს, რადგან ზოგ მშობელს ჰგონია, რომ სისუფთავის მხრივ უზრუნველყოფილია გარემო, რაც შეიძლება ასე არ იყოს.“

„ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას და ძირითადად ისეთ დაბადების დღის ცენტრებს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც სარდაფში ან ნახევარსარდაფში არ არის განთავსებული. ყურადღებას ვაქცევ საკვები პროდუქტების ხარისხსაც.“

„დეზინფექციაზე სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. ძირითადად, ვიზუალური სისუფთავით ვინტერესდებოდი – საპირფარეშო, ხელსაბანი.“

„ძალიან დიდ მნიშვნელიბას ვანიჭებ სანიტარიას, ვიზუალურ მხარეს, პრაქტიკულად ეს ფაქტორი გადამწყვეტია ჩემთვის, ცენტრის შერჩევისას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ვგულისხმობ ინფექციური და სეზონური დაავადებების პერიოდებს.“

“სიმართლე გითხრათ, რამდენიმეჯერ რომ დავინტერესდი და დამაკმაყოფილებელი ვერ მივიღე, აღარც ვკითხულობ ხოლმე და ვცდილობ თავი ავარიდო დაბადების დღის ცენტრში ბავშვის წაყვანას. იშვიათად კი მიწევს ხოლმე მაინც წაყვანა, მაგრამ ვცდილობ ადგილზე თვალყური ვადევნო, რომ იატაკზე ხელი არ დაადოს და შემდეგ პირში არ ჩაიდოს.

ხშირად მინახავს სათამაშო ზონაში მშობლები ფეხსაცმლებით, კარგი იქნება თუ გააფრთხილებენ მაინც, რათა უარესად არ დაბინძურდეს სათამაშო ზონის იატაკი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები