LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ი გერმანიაში 12 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

142
ქირიას NEWS შაბლონი (6)

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen-ი 2030 წლამდე გერმანიაში დამატებით 12 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. ეს რაოდენობა იმ 35 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ემატება, რომელთა შემცირებაც კომპანიამ პროფკავშირთან 2024 წელს მიღწეული შეთანხმებით უკვე განსაზღვრა. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Spiegel-ი წერს.

ახალი გეგმის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელობამ და თანამშრომელთა წარმომადგენლებმა ჰანოვერში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. დაგეგმილი ცვლილებები Volkswagen AG-ის გერმანულ ქვედანაყოფებს შეეხება.

სექტემბერში, კონცერნის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმეს ხელმძღვანელობით, კომპანიამ მსოფლიოში დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა დაამტკიცა. ეს მაჩვენებელი მანამდე შეთანხმებული პროგრამების მიღმა განსაზღვრულ შემცირებას გულისხმობს, ხოლო გერმანიაში დაგეგმილი 12 000 სამუშაო ადგილის გაუქმება ამ ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია. კონკრეტული ზომები და მათი განხორციელების პირობები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

თანამშრომელთა შემცირების შედეგების შესამსუბუქებლად Volkswagen-ი სპეციალური ორგანიზაციების შექმნას განიხილავს. ისინი თანამშრომლებს პროფესიული გადამზადებისა და ახალი სამსახურის მოძიებაში დაეხმარებიან. ამ ორგანიზაციებში გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო ხარჯების ნაწილის დაფარვა შესაძლოა გერმანიის დასაქმების ფედერალურმა სააგენტომ იკისროს.

კონცერნი პერსონალზე დანახარჯების შემცირებას სხვა გზებითაც აპირებს. მათ შორისაა თანამშრომლების ნებაყოფლობით წასვლის წახალისება კომპენსაციების გადახდით და ვადამდე პენსიაზე გასვლის პროგრამები. ამასთან, Volkswagen-ი აცხადებს, რომ დაიცავს მოქმედ შეთანხმებას, რომელიც 2030 წლის ბოლომდე იძულებით დათხოვნას გამორიცხავს.

კომპანიის გეგმებს მკვეთრად ეწინააღმდეგება გერმანიის გავლენიანი პროფკავშირი IG Metall-ი. მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის სპეციალური სტრუქტურების შექმნა, განსაკუთრებით სახელმწიფო დაფინანსების გამოყენებით, წინა შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. პროფკავშირი მოითხოვს, რომ შემცირებასთან დაკავშირებული ხარჯები Volkswagen-ის აქციონერებმა დაფარონ და არა გადასახადის გადამხდელებმა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები 24 ნოემბერს დაიწყება.

სამუშაო ადგილების შემცირების გარდა, Volkswagen-ი 2030 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომელთა უმრავლესობის ხელფასების გაყინვასაც გეგმავს. კონცერნმა ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა ჩეხურ ავტომწარმოებელ Škoda-საც მოსთხოვა, თუმცა ამ კომპანიის პროფკავშირმა მოთხოვნა კატეგორიულად უარყო.

Volkswagen-ის მიერ დაგეგმილი ცვლილებები კონცერნის ხარჯების შემცირებისა და საქმიანობის რესტრუქტურიზაციის უფრო ფართო პროცესის ნაწილია. კომპანიაზე ზეწოლას ზრდის ჩინელი ავტომწარმოებლების კონკურენცია, ელექტრომობილებზე გადასვლის მაღალი ხარჯები და ბაზარზე არსებული ეკონომიკური სირთულეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები