LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე კვარტალური შედეგი დააფიქსირა, თუმცა აქციების ფასი მაინც გაიზარდა

145
ქირიას NEWS შაბლონი (8)

Volkswagen Group-მა 2026 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიისთვის ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მწარმოებელმა 5,86 მილიარდი ევროს საოპერაციო ზარალი მიიღო. მსგავსი მასშტაბის დანაკარგი Volkswagen-ს ბოლოს 2015 წლის ბოლოს, ე.წ. „დიზელგეიტის“ სკანდალის დროს ჰქონდა.

კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად იმოქმედა: ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირებამ, ჩინური მწარმოებლების მხრიდან კონკურენციის გამწვავებამ, აშშ-ის იმპორტის ტარიფებმა და ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებულმა მაღალმა ხარჯებმა. დამატებითი ფინანსური დარტყმა Porsche-ში Volkswagen-ის წილის ღირებულების შემცირებამაც გამოიწვია.

მნიშვნელოვანი ნაწილი ზარალისა ერთჯერად ხარჯებს უკავშირდება. მათ შორის ყველაზე მსხვილი Porsche-ში კომპანიის წილის გაუფასურებაა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 6,4 მილიარდი ევროს ჩამოწერა გახდა საჭირო. მთლიანობაში, მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებზე ერთჯერადმა ხარჯებმა დაახლოებით 7,8 მილიარდი ევროს გავლენა მოახდინა.

ამავე პერიოდში Volkswagen-ის შემოსავალი წლიურად 6,3%-ით შემცირდა და 75,28 მილიარდი ევრო შეადგინა. მომხმარებლებისთვის მიწოდებული ავტომობილების რაოდენობა კი 14%-ით დაეცა და 1,89 მილიონ ერთეულს გაუტოლდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩინეთში, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. ადგილობრივი მწარმოებლები სულ უფრო აქტიურად აფართოებენ პოზიციებს და მომხმარებლებს ელექტრომობილებს შედარებით დაბალ ფასად სთავაზობენ, რაც გერმანული ბრენდის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელექტრომობილების მიმართულებით გაწეული ხარჯებიც ართულებს. Volkswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ელექტრომობილების გაყიდვიდან მიღებული მოგება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების მაჩვენებელს ჩამორჩება. ამასთან, კომპანიას უწევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და წარმოების მოდერნიზაციაში.

ფინანსური სირთულეების ფონზე Volkswagen-ი მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას გეგმავს. კომპანიის გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 100 000-ით უნდა შემცირდეს. ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ Volkswagen-ს, არამედ Audi-სა და Porsche-საც. გერმანიაში შესაძლოა ოთხამდე საწარმო დაიხუროს, რასაც პროფკავშირების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები