LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ EX60-ზე 50 ათასზე მეტი შეკვეთა მიიღო, თუმცა მხოლოდ 5 ათასი ავტომობილის წარმოება შეძლო

136
ქირიას NEWS შაბლონი

შვედური ავტომწარმოებელი Volvo ახალი ელექტრო კროსოვერის, EX60-ის, წარმოების დაგეგმილ ტემპამდე გაზრდას ვერ ახერხებს. მოდელზე ევროპაში უკვე 50 ათასზე მეტი შეკვეთა გაფორმდა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 5 ათასი ავტომობილის აწყობა შეძლო. ამის შესახებ გამოცემა Autocar-ი წერს.

კომპანიაში წარმოების შეფერხებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირებენ. EX60 აგებულია SPA3 პლატფორმაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ბატარეის უშუალოდ ავტომობილის ძარის კონსტრუქციაში ინტეგრირებაა. ეს ტექნოლოგია, რომელსაც cell-to-body ეწოდება, ბატარეას ძარის სტრუქტურის ნაწილად აქცევს და წარმოების პროცესს მნიშვნელოვნად ცვლის.

Volvo-ს ხელმძღვანელობის განმარტებით, შეფერხების მთავარი მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფა არ არის, როგორც ეს უფრო დიდი ელექტრომობილის, EX90-ის შემთხვევაში მოხდა. სირთულეები ბატარეის მონტაჟის ავტომატიზებულ პროცესს უკავშირდება. აკუმულატორის დაახლოებით 100 ელემენტის დამონტაჟება ხელით შეუძლებელია, ამიტომ მათი აწყობა რთულ მექანიზებულ ხაზზე ხორციელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოების ტემპი თანდათან იზრდება, თუმცა დაგეგმილ მაჩვენებლებამდე მისვლას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

EX60 Volvo-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოდელია. კომპანიის ხელმძღვანელის, ჰოკან სამუელსონის განცხადებით, კროსოვერი ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ავტომობილად უნდა იქცეს, თუმცა წარმოების დაგვიანება მისი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებასაც აფერხებს. ავტომწარმოებელმა მოდელის წარმოებისთვის გოტენბურგთან მდებარე ტორსლანდის ქარხნის მოდერნიზაციაში დაახლოებით 750 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები