დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა წონის დასაკლები პრეპარატის, Wegovy-ს ტაბლეტების გაყიდვებით მესამე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. ამის ფონზე კომპანიამ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა და ამით ამერიკულ კონკურენტ Eli Lilly-სთან პოზიციების გამყარებისკენ გადადგა ნაბიჯი.
Wegovy-ს ტაბლეტები აშშ-ის ბაზარზე მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა. მესამე კვარტალში მისმა გაყიდვებმა 5.39 მილიარდი დანიური კრონა (დაახლოებით 810 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 53%-ით აღემატება. ანალიტიკოსები 4.62 მილიარდ კრონას პროგნოზირებდნენ. გაყიდვებიდან 4.18 მილიარდი კრონა აშშ-ის ბაზარზე მოდის, ხოლო 1.22 მილიარდი – საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ში Wegovy-ს ტაბლეტებზე კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 3.6 მილიონი რეცეპტი გაიცა, ხოლო ბაზარზე გამოსვლის დღიდან მათი რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებს.
Novo Nordisk-მა 2026 წლისთვის კორექტირებული გაყიდვებისა და საოპერაციო მოგების პროგნოზიც შეცვალა. ახალი შეფასებით, მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში ორივე მაჩვენებელი შესაძლოა 2%-ით გაიზარდოს ან შემცირდეს. წინა პროგნოზი კი 0-დან 6%-მდე კლებას ითვალისწინებდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წლიური ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა. გადაწყვეტილების მიზეზად GLP-1 ჯგუფის პრეპარატებზე, როგორც აშშ-ის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, გაზრდილი მოლოდინები დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ Wegovy-ს ტაბლეტები კომპანიის მოსალოდნელი გაყიდვების მხოლოდ დაახლოებით 6%-ს შეადგენს, ანალიტიკოსები მას Novo Nordisk-ის ზრდის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად მიიჩნევენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიას მოგების პროგნოზების რამდენჯერმე გადახედვა და ხელმძღვანელობის ცვლილება მოუწია. ამასთან, აშშ-ში საინექციო Wegovy-ს გაყიდვები მუდმივი გაცვლითი კურსის პირობებში 13%-ით შემცირდა, თუმცა პრეპარატის გაყიდვების საერთო მაჩვენებელი, ტაბლეტების ჩათვლით, 21%-ით გაიზარდა.
კომპანია ცდილობს შეამციროს ჩამორჩენა ამერიკულ კონკურენტ Eli Lilly-სთან, რომლის წონის დასაკლებმა საინექციო პრეპარატებმა გაყიდვების ზრდა უზრუნველყო. გასულ კვირას Eli Lilly-მაც გააუმჯობესა შემოსავლების პროგნოზი. ამასთან, ბაზარზე კონკურენციას ამძაფრებს მისი ახალი ტაბლეტირებული პრეპარატი Foundayo, რომელიც წონის დასაკლებ მედიკამენტებზე გაცემულ ახალ რეცეპტებში სულ უფრო დიდ წილს იკავებს.
წყარო: Reuters
