თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს.
ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ინიციატივით გამოსვლამდე, მოიძიოს მეტი ინფორმაცია და შეწყვიტოს პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ლექვინაძის თქმით, თბილისის მერია უკვე მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მერიის სამსახურები აქტიურად არიან ჩართულნი გარევაჭრობის წესის შემუშავებაში.
„ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, იყოს კორექტული განცხადებების გაკეთების დროს და მეტად ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, საკრებულოში ამ წესის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.