LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფეხბურთელი, რომელიც “მილანმა” არ დააფასა და მერე გაიხსნენ

60409926

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი “მილანი” დღეს უკანა პლანზეა და საუკეთესო დროება არ უდგას და შესაბამისად არ აქვს საშუალება სუპერვარსკვლავები წაიყვანოს. არადა იყო დრო, ამ გუნდში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც ყველაფერს იგებდნენ. ტრანსფერი კი ისეთი რამაა, ან ათიანში მოარტყამ ან პირიქით, იმედით მისული ფეხბურთელი ვერაფრით გაგიმართლებს. არც “მილანია” გამონაკლისი, “როსონერიშიც” ყოფილან ფეხბურთელები, რომლებიც ამ გუნდში ვერ გაიხსნენ, არადა მერე კარგი ფეხბურთი ითამაშეს.

წარმოდგენილი ათეულის გარდა, “მილანში” შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაიხსნენ უკვე კარიერა ნათამაშები ვარსკვლავებიც – კრისტიან ვიერი, რივალდო, პრინციპში რონალდინიოც და თუნდაც ბექჰემი.

 

ჯოვანი ელბერი

“მილანში” (1990-1994): “მილანის” სკაუტებმა 18 წლის ფორვარდს ბრაზილიურ “ლონდრინეში” მიაგნეს. 0 მატჩი 4 წლის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში. სამი წელი იჯარით “გრასჰოპერსში” გაატარა.

“მილანის” შემდეგ: ტოპ დონეზე ელბერი “შტუტგარტში” გავიდა და “ბაიერნმაც” ჯიბეზე ხელი გაიკრა. ბრაზილიელმა მიუნხენში 6 საუკეთესო წელი გაატარა – 138 გოლი, 4-ჯერ ბუნდესლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

 

 

პატრიკ ვიეირა

“მილანში” (1995-1996): 90-იანი წლების მაგარ “მილანში” ფეხი ვერ მოიკიდა და სულ 5 მატჩი ითამაშა.

“მილანის” შემდეგ: “არსენალში” გატარებული 9 წლის გამო “მეთოფეების” ლეგენდა გახდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონატი. შემდეგ ისევ იტალია, ოღონდ “იუვენტუსი” და “ინტერი”. საფრანგეთის ნაკრებში კი ყველაფერი მოიგო.

 

 

ედგარ დავიდსი

“მილანში” (1996-1998): 23 წლისამ “აიაქსში” თითქმის ყველაფერი მოიგო და “მილანში” ახალი გამარჯვებებისთვის მივიდა, მაგრამ სათადარიგო სკამიდან მხოლოდ 19-ჯერ წამოდგა.

“მილანის” შემდეგ: “მილანიდან” შუა სეზონში 8 მილიონად გაუშვეს და იმავე წელს მოიგო სკუდეტო, მერე ეს ორჯერ კიდევ გააკეთა. ლეგენდა და კუმირი სწორედ “იუვენტუსში” გახდა.

 

 

მიკაელ რაიციგერი

“მილანში” (1996-1997): “აიაქსიდან” მისულს ტრავმები დასჩემდა და მალევე გაუშვეს 5.6 მილიონად “ბარსელონაში”.

“მილანის” შემდეგ: კატალონია ყველაზე ჰოლანდიური პერიოდისთვის ემზადებოდა და მანაც შვიდი წელი გაატარა მარჯვენა ფლანგზე. მართალია ბევრი არაფერი მოუგია (ორი ჩემპიონობა, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი), მაგრამ კარგი სახელი დატოვა.

 

 

პატრიკ კლუივერტი

“მილანში” (1997-1998): თავისუფალი ტრანსფერით გადასვლა მეგაწარმატებულად მიიჩნეოდა, მაგრამ არაფრის მაქნის ტალანტად იქცა. პატრიკმა ავტოავარიაში ფეხით მოსიარულე შეიწირა და სამუდამოდ ჩამოერთვა მართვის მოწმობა, კიდევ გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, თუმცა გაამართლეს.

“მილანის” შემდეგ: უსიამოვნება “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ დასრულდა. ის, რისი იმედიც “მილანის” ქომაგებს ქონდათ, “ბარსას” შეხვდა. 120 გოლი 6 სეზონში. არ გაუმართლდა იმაში, რომ ის “ბარსა” დიდი ვერაფერი იყო და ერთი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

 

 

იენს ლემანი

“მილანში” (1998-1999): პატარა აღარ იყო, როცა იტალიაში ჩავიდა, მაგრამ სრული ფიასკო ელოდა: სულ რაღაც 5 მატჩის შემდეგ მიხვდნენ, რომ გერმანელი სათანადო დონის არ იყო.

“მილანის” შემდეგ: წარუმატებლობა მალე დასრულდა. დორტმუნდში გადასულმა ბუნდესლიგა მოიგო და უეფას თასის ფინალამდე მივიდა. მერე “არსენალში” გადავიდა და წაუგებლად მოიგო პრემიერლიგა. ლემანს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მსოფლიო ჩემპიონატი ელოდა პირველი მეკარის სტატუსით.
კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.

 

რობერტო აიალა

“მილანში” (1998-2000): აიალამდე “მილანში” 30 წელი არგენტინელი არ ყოფილა და არც რობერტო დასჭირვებიათ მაინც და მაინც. ორ სეზონში მხოლოდ 24 მატჩი ითამაშა.

“მილანის” შემდეგ: “ვალენსიაში” გადასვლით მეჯლისზე მოხვდა. პირველივე სეზონი ჩემპიონთა ლიგის ფინალით დაასრულა. შემდეგ კი მოიგო უეფას თასი და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონობა. იმ პერიოდში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ რობერტო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.

 

 

კლას-იან ჰუნტელაარი

“მილანში” (2009-2010): “რეალიდან” იტალიაში დიდი ხნით მიდიოდა (4 წლიანი კონტრაქტი), მაგრამ მაშინდელი მწვრთნელი ლეონარდო დიდად არ ენდობოდა და ჰოლანდიელმა მხოლოდ 7 გოლი გაიტანა.

“მილანის” შემდეგ: ფორვარდი გერმანიაში წავიდა და “შალკეში” დაცემა-აღზევების მიუხედავად გოლები საკმარისად გაქონდა, ახლა კი მშობლიურ “აიაქსში” ასრულებს კარიერას.

 

 

მატეო დარმიანი

“მილანში” (2006-2010): მატეო “მილანის” სისტემაში 11 წელი იყო, დებიუტი 16 წლისას ქონდა, როდესაც სათასო მატჩში “ბრეშიასთან” კახა კალაძე შეცვალა. თუმცა ძირითად გუნდში სერია ა-ში მხოლოდ 4 მატჩი მოდის. ბოლოს “პალერმოში” გაყიდეს სულ რაღაც 800 ათასად.

“მილანის” შემდეგ: არც სიციალიაში აეწყო საქმეები და “ტორინომ” წაიყვანა. იქ კი ძირითადის ფეხბურთელი გახდა, 4 წარმატებული სეზონი ჩაატარა და ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი. მერე კი თვით “მანჩესტერმა” აიყვანა 18 მილიონ ევროდ.

 

 

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

“მილანში” (2008-2011): ახალგაზრდულ გუნდში მაგრად ითამაშა ჩემპიონთა თსზე, 7 გოლი შეაგდო 6 მატჩში, მაგრამ “მილანის” ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია. სამი წელი იჯარით დაეხეტებოდა (დიჟონი, ლილი, მონაკო) და ბოლოს “სენტ ეტიენმა” გამოისყიდა.

“მილანის” შემდეგ: ორ ფრანგულ სეზონში 39 გოლი შეაგდო და 13 მილიონად “ბორუსიამ” იყიდა. დორტმუნდში კი თვალშისაცემი პროგრესი ქონდა და უამრავი გოლი გაქონდა, რის შემდეგაც ძალების მოსინჯვა ინგლისში გადაწყვიტა და დღეს უკვე “არსენალისთვის” გააქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები