LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

106 წლის სარბოლო Ballot-ს 6 მილიონ ევროდ ყიდიან

113
orig (2)

იანვრის ბოლოს, პარიზში გამართულ Gooding Christie’s-ის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ სარბოლო ავტომობილს Ballot 3/8 LC, რომელიც 1920 წელს არის გამოშვებული. მსოფლიოში შემორჩენილი სამი ეგზემპლარიდან ეს მანქანა ექსპერტების შეფასებით ყველაზე მეტად ორიგინალურ მდგომარეობაშია. სპეციალისტების ვარაუდით, ვაჭრობის პროცესში ლოტის ფასი 6 მილიონ ევრომდე შეიძლება გაიზარდოს.

ამ ავტომობილისთვის ინჟინერმა ერნესტ ჰენრიმ შექმნა ძრავა, რომელსაც თითო ცილინდრზე ოთხი სარქველი, ორი გამანაწილებელი (DOHC) და ნახევარსფერული წვის კამერები აქვს. ითვლება, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი ძრავა, რომელმაც ამ ტექნოლოგიების ასეთი კომბინაცია გააერთიანა. სამ ლიტრიანი რიგითი „რვა ცილინდრიანი“ ძრავა გამოიმუშავებს 108 ცხენის ძალას და აღჭურვილია ორი Zenith-ის კარბურატორით. ძალა უკანა ბორბლებს გადაეცემა მექანიკური, ოთხ საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის მეშვეობით. 

სამივე Ballot 3/8 LC-მ თავი გამოიჩინა 1920 და 1921 წლების რბოლებში. ისინი არაერთხელ იყვნენ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს, ხოლო 1921 წლის იტალიის გრან-პრში ერთ-ერთმა ავტომობილმა პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, წლების გასვლის გამო ზუსტად დადგენა, რომელმა კონკრეტულმა ეგზემპლარმა მოიგო რბოლა, დღეს რთულია. იმ დროისთვის გამარჯვებულის საშუალო სიჩქარე 144 კმ/სთ იყო.

ამის შემდეგ ავტომობილმა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მონაწილეობა მიიღო კიდევ ათეულობით რბოლაში, სადაც არაერთი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე წლის წინ მანქანამ სრული რესტავრაცია გაიარა. 106 წლის ასაკისთვის Ballot შესანიშნავ მდგომარეობაშია და გადასარევად მუშაობს.

გასულ წელს RM Sotheby’s-ის ავტომობილების აუქციონებზე 75 ლოტი რეკორდულ ფასად გაიყიდა. 2025 წლის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი გახდა Mercedes-Benz Streamliner 1954 წლის გამოშვების, რომლისთვისაც ახალმა მფლობელმა 51,2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები