აშშ–ში, კალიფორნიის შტატში, 12 წლის ბიჭმა მშობლების ყველგანმავალი მოიპარა და ყოფილი სკოლისკენ 110 კმ/სთ სიჩქარით გაემართა. ამის შესახებ New York Post წერს.
ინციდენტი საკრამენტოში, ორშაბათს, 22 სექტემბერს მოხდა. პოლიციელებმა სკოლის ტერიტორიაზე შენიშნეს ავტომობილი, რომელსაც მოზარდი მართავდა. მათ მისი შეჩერება სცადეს, თუმცა ბიჭი პოლიციას არ დაემორჩილა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოოდ, პატარა მძღოლმა პატრულთან ნამდვილი შეჯიბრება მოაწყო. მისი მანქანა 110 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდა. გზაში ის ჯერ ქუჩაში გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი პოლიციის ავტომობილს შეასკდა და გაჩერდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბიჭმა პოლიციას უთხრა, რომ მშობლების ავტომობილი სკოლაში დასაბრუნებლად მოიპარა — იმ სკოლაში, სადაც ადრე სწავლობდა. რატომ უნდოდა იქ დაბრუნება, არ დაუკონკრეტებია.
ბავშვს ბრალად ედება:
- ავარიის ადგილიდან მიმალვა;
- პოლიციაზე თავდასხმა;
- ავტომობილის მოპარვა;
- უპასუხისმგებლო მართვა.
კალიფორნიაში კანონი განსაზღვრავს, რომ 12 წლიდან ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა, ამიტომ პატარა მძარცველს სასამართლო ელოდება.
გარდა ამისა, მისი მშობლები ვალდებულნი იქნებიან შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალიც აანაზღაურონ.