13 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე “ა-სტუდიო” წარდგება მაყურებლის წინაშე. “Check In Georgia”-ს ფარგლებში, მათი კონცერტი კომპანია “კვარტალ კონცერტი საქართველომ” დაგეგმა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, რატი აბზიანიძემ “ფორტუნას” განუცხადა, სიამოვნებით გამოეხმაურნენ სახელმწიფოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ მსურველს, ივლისიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე შეუძლია დაგეგმოს ღონისძიება ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, სადაც მათთვის ტექნიკური აღჭურვილობა და სივრცე უფასო იქნება.
რატის თქმით, “ა-სტუდიო” გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს, ისინი საათნახევრიან პროგრამას წარადგენენ და ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.
კომპანია ასევე აპირებს სხვა კონცერტების გამართვასაც, მათ შორის ჯგუფი “მგზავრები” და პოტაპი და ნასტიაც იქნებიან.
რატი აბზიანიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ივენთ-კომპანოებისთვის.
“Check In Georgia”-ს წარმომადგენელი, გვანცა კილასონია აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ბევრი სხვა კონცერტიც იგეგმება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, ანრი ჯოხაძე გახლდათ, რომელიც ასევე წარდგება ბათუმში მაყურებლის წინაშე.