LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მაისის 35 წლის იუბილე

49

თბილისის „დინამოს” მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა 160-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა – „13 მაისის 35 წლის იუბილე”.

ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ქართული სპორტის მუზეუმში ვეტერან დინამოელებს ოთარ გაბელიას და ვლადიმერ გუცაევს უმასპინძლა.

„ქართული სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა. დღეს, თასების თასის მოგების 35 წლის იუბილეს ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემა მიუძღვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ. აი, წიგნს ვათვალიერებდი და თვალწინ გამირბინა 35 წლის წინანდელმა ამბებმა, იმ საოცარმა წუთებმა, როცა ყველამ ერთად ვიზეიმეთ „დინამოს” გამარჯვება. მიხარია, რომ დღეს ბატონ ვლადიმერს და ბატონ ოთარს უპრობლემოდ გამოვართვი ავტოგრაფი, წლების წინ საამისოდ დიდი გარჯა მჭირდებოდა”, – განაცხადა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასიხარულოა, რომ ახალი თაობა კვლავ აღნიშნავს იმ დიდი გამარჯვების იუბილეს, 35 წლის წინ რომ მოვიპოვეთ დიუსელდორფში. მიხარია, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთი ლამაზი გამოცემა მიუძღვნა „დინამოს” იმ გამარჯვებას. მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო 35 წლის იუბილეს ასე ლამაზად აღნიშვნისთვის”, – განაცხადა 1981 წლის 13 მაისს ფინალურ მატჩში დინამოელთა პირველი გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა.

„1981 წლის 13 მაისის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტრიუმფი მაინც ტკბილად მაგონდება. 35 წელი გავიდა და ახლა უფრო ვხვდები, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ მაშინ დიუსელდორფში! ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემით გაგვახარა და წიგნის ავტორებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს იუბილეს აღნიშნავს: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის მერიას და საკრებულოს, „დინამო თბილისს”, – განაცხადა „დინამოს” ვეტერანმა მეკარემ ოთარ გაბელიამ.

თბილისის „დინამოს” მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა 160-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა – „13 მაისის 35 წლის იუბილე”. წიგნის ავტორ-შემდგენელი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა.

35 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი პირობითად 35 ნაწილისგან შედგება – 34 წერილი და სტატისტიკური ბლოკი, რომელიც თან ერთვის თითოეულ მეტოქესთან მატჩების ამსახველ წერილს.

წიგნში თასების თასის მოგების შესახებ ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საუკეთესო წერილებია თავმოყრილი, რომელთა ავტორები ცნობილი ქართველი მწერლები, პუბლიცისტები და საფეხბურთო ჟურნალისტები არიან: ილია ბაბუნაშვილი, გიო ახვლედიანი, ირაკლი ბერიაშვილი, დათო ტურაშვილი, ბიძინა მაყაშვილი, დავით კაკაბაძე, კობა ინასარიძე, პაატა კვანტალიანი, მამუკა კვანტალიანი, კონსტანტინე გოგიშვილი. გამოცემაში შესულია ნაწყვეტები კოტე მახარაძის და დემიკო ლოლაძის წიგნებიდან.

გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული – წიგნში თასების თასის 1980-1981 წლების გათამაშებასთან დაკავშირებული ასზე მეტი ფოტოა თავმოყრილი, ასევე ფეხბურთელთა პირად არქივებში დაცული ფოტოები და კერძო კოლექციონერების საფეხბურთო პროგრამები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები