საქართველომ სამოა დაამარცხა – 20-16: ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი მოიგეს, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო არის ღირსი მას კარგი და დიდი გუნდებიც გაეჯიბრნონ. ამ მატჩის და გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დასანანად მოჩანს იაპონიასთან კვირის წინანდელი ჯახი, არადა რა მაგარი იქნებოდა ახლა ორიდან ორი მოგება რომ ჩაგვეწერა.
სამოასთან კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული ბრძოლა წავიდა და იყო იმის საშიშროებაც, რომ ბოლოს წაგვეგო კიდევ, თუმცა ამჯერად ჩვენმა ბიჭებმა გაუძლეს მეტოქის მოწოლას და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
პირველი ტაიმი ქართველთა უპირატესობით წარიმართა. ჩვენები წინ საჯარიმო ლელოს ხარჯზე გავიდნენ, რადგან ზედ ლელოს ხაზზე სტუმრებმა შერკინება ჩაშალეს და ამის გამო დასაჯნენ. მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა. მეკომ მოგვიანებით მეორე ლელოც გარდასახა და ტაიმის მიწურულს საჯარიმოც გაიტანა. მეორე ლელო კი ასევე შერკინებას მოჰყვა – 5 ქულა ბექა ბიწაძის ანგარიშზეა. ამ მომენტებს შორის კი იყო სამოელთა თითო ჯარიმა, ლელო და გარდასხვა. შესვენებაზე გუნდები 17:10 ანგარიშით გავიდნენ “ბორჯღალოსანთა” სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში უპირატესობას უკვე სტუმრები დაეუფლნენ (იაპონიასთანაც ასე იყო), მაგრამ მასპინძლებმა თავი წარმატებით დაიცვეს. მეორე ნახევარში მხოლოდ სამი ჯარიმა გავიდა, ორი ჩვენს კარში, ერთი სტუმართა კარში – ეს კი, მოსაგებად საკმარისი გამოდგა.
საქართველო ნოემბრის ტესტებს ერთი კვირის თავზე, ქალაქ კილმარნოკში შოტლანდიასთან საგარეო თამაშით დაასრულებს.
საქართველო – სამოა 20:16 (17:10)
ქულები: ბიწაძე (ლ), კვირიკაშვილი (2გ, 2ჯ)