იყო ცნობილი ნიშნავს – იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში. ბევრისთვის ეს საკმაოდ მოსაბეზრებელია, ბევრი კი, ყოველთვის სიამოვნებით პოზირებს კამერებთან.
* დევიდ ბექჰემი, ფეხბურთელი
მართალია, დევიდ ბექჰემის სპორტული კარიერა წარსულში დარჩა, მაგრამ გემოვნებით და მოდურად ჩაცმაში მას დღემდე არ ჰყავს ბადალი. ბექჰემს არ ეშინია საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება და როგორც წესი, ყოველთვის წრმატებით გამოსდის. დევიდი იდეალურად უხამებს კოსტიუმებს და სპორტულ ფეხსაცმელს, ატარებს ელეგანტურ პალტოებს, მკაცრ პიჯაკებს და ეფექტურ შავ ტანსაცმელს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ბრენდმა H&M-მა მას მამაკაცის ტანსაცმლის საკუთარი ხაზის ჩაშვება შესთავაზა.
* ჰენრიკ ლუნდკვისტი, ჰოკეისტი
შვედმა ლუდკვისტმა კარგად იცის, რომ იდეალური სტილის შესაქმნელად მთავარი დეტალებია: ღია ნაცრისფერი პიჯაკის ჯიბეში თეთრ ცხვირსახოცს ატარებს, ზამშის პიჯაკს კი, ამავე მასალის ლოფერებს უხამებს. აშშ-ში გადასვლის შემდეგ, ჰოკეისტმა სწრაფად გაითქვა სახელი ვიწრო ჰალსტუხების და Ferragamo-ს პიჯაკების სიყვარულით. გარდა გემოვნებისა ლუდკვისტს ელეგანტურობის და სტილის გრძნობა აქვს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდურად ჩაცმა.
* ჰიდეტოსი ნაკატა, ფეხბურთელი
ფეხბურთელის კარიერაზე ნაკატამ საკმაოდ ადრე, 29 წლის ასაკში თქვა უარი, თუმცა, ჟურნალისტების ყურადღება მას დღესაც არ აკლია, რაც პირველ რიგში, მისი ჩაცმის სტილის დამსახურებაა. ელეგანტურ ტანსაცმელს ნაკატა როგორც წესი, წარმატებულად ავსებს ექსცენტრიული დეტალებით: გრძელ შარფებს იკეთებს, შარვალს კოჭებთან იკეცავს და აქსესუარად ქოლგა-ტროსტს ატარებს.
* ლებრონ ჯეიმსი
რთულია არ მიიქციო ყურადღება, როცა 2 მეტრის სიმაღლის ხარ, თუმცა ჩაცმის სტილით თუ ვიმსჯელებთ, ლებრონი არც ცდილობს დაიკარგოს ბრბოში და ყოველდღიურ ტანსაცმელს თვალშისაცემი დეტალებით ამდიდრებს. თუმცა, კალათბურთელს არც ზომიერების გრძნობა აკლია – მისი სტილი არასდროსაა სასაცილო და ყოველთვის ორიგინალობით გამოირჩევა.
* ტაისონ ჩენდლერი
ჩენდლერს უნიკალური ნიჭი აქვს ატაროს პიჯაკები ისევე თავისუფლად, როგორც სპორტული ტანსაცმელი. თუმცა, სპორტსმენს არც ნაკლებად ფორმალური ტანსაცმლის მორგება უჭირს და ყოველთვის იცის, როგორ გაამდიდროს დეტალებით.
* ვიქტორ კრუზი, ფეხბურთელი
რომ არა ვიქტორ კრუზი, ალბათ ვერასდროს გავიგებდით როგორ უხდება ჯინსის პერანგს შავი ბაფთა, მაისური კი – ორბორტიან პალტოს. ექსპერიმენტები საკუთარ თავზე კრუზს ყოველთვის კარგად გამოსდის, თუმცა მისი სტილის კოპირებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ვიწრო შარვლისა და მძიმე ფეხსაცმლის ტანდემისგან უკეთესია თავი შეიკავოთ, თუ რა თქმა უნდა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ან Givenchy-ს სახე არ ხართ.