ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის კუთვნილი Ferrari 550 Maranello 24 წლიანი გაუჩინარების შემდეგ აღმოაჩინეს. საკოლექციო ავტომობილი წლების განმავლობაში კალიფორნიაში, კერძო ავტოფარეხში ინახებოდა და საზოგადოების თვალს იყო მოფარებული.
ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც ჯორდანმა 1997 წელს, NBA-ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, სტადიონი დატოვა. იმ დროს Ferrari 550 Maranello მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ავტომობილის ძიება კოლექციონერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს. ისინი ათობით ავტოსახელოსნოს დაუკავშირდნენ, სანამ ერთ-ერთმა მექანიკოსმა მანქანის ამჟამინდელ მფლობელზე არ მიუთითა. ავტომობილის იდენტიფიცირება იშვიათი Rosso Barchetta მუქი ბორდოსფერი შეფერილობის წყალობით გახდა შესაძლებელი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ავტომობილი სპეციალურად იყო ადაპტირებული 1,98 მეტრიანი ჯორდანისთვის – Ferrari-მ მძღოლის სავარძლის სამაგრები შეცვალა, რათა სპორტსმენისთვის კომფორტული მართვა უზრუნველეყო.

მფლობელი თავდაპირველად ავტომობილის გაყიდვაზე უარს ამბობდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. Ferrari-ს მხოლოდ 27 000 კილომეტრი აქვს გავლილი, შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია და მასთან ერთად შემორჩენილია საგარანტიო წიგნაკი, რომელსაც თავად მაიკლ ჯორდანის ხელმოწერა ამშვენებს, ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც ავტომობილის წარმომავლობას ადასტურებს.
შეძენის შემდეგ უნიკალური Ferrari ჩიკაგოში, მაიკლ ჯორდანის ყოფილი სახლის წინ გადაიყვანეს ფოტოსესიისთვის. საინტერესოა, რომ ეს 29 მაისს მოხდა – ზუსტად 29 წლის შემდეგ, რაც ლეგენდარულმა კალათბურთელმა ავტომობილი შეიძინა.