შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.
მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ.
როგორ იცვლება წესები მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, როგორ რთულდება გამოცდები? “ავტორადიოს” სტუმარი იყო მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.
ბატონო იმედა, რა ინფორმაციას მოგვაწვდით სიახლესთან დაკავშირებით?
2022 წლის 26 აპრილიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაში შედის ცვლილება და გამოცდა ხდება ორეტაპიანი. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიდან.
იმ პირებს, ვინც 26 აპრილიდან ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ორ ეტაპად მოუწევთ. პირველ ეტაპზე კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდას ისევ დახურულ მოედანზე ჩააბარებს და თუ წარმატებით გაივლის ამ ეტაპს, ამის შემდეგ გადავა შემდეგ ნაწილზე. მეორე ეტაპი არის ქალაქის პირობებში, რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება. შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლენის შემდეგ კი მიიღებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.
რომ დავაკონკრეტოთ, რუსთავის და გორის მოედნები რჩება უცვლელად, აქ ჩაბარდება გამოცდები და შემდეგ გადავლენ ქალაქის გზებზე…
დიახ, არა მარტო რუსთავის და გორის მოედნები, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილს, გამოცდა ჩატარდება რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ოზურგეთში.
ანუ, ყველგან, სადაც აქამდე გამოცდები ბარდებოდა ჩვეულებრივად?
გამონაკლისი იქნება ზუგდიდი, თუმცა მხოლოდ ამ დროისთვის. სამომავლოდ ზუგდიდშიც დავიწყებთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას რეალურ მოძრაობაში.
რომელი ქალაქის გზებზე მოუწევთ კანდიდატებს გამოცდის ჩაბარება?
საგამოცდოდ მომზადდა ყველა ის ქალაქი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე. ხოლო თუ რომელ ქუჩებზე განხორციელდება კონკრეტულად საგამოცდო სვლა, ამას უკვე სამინისტრო დაამტკიცებს და ეს ინფორმაცია ნებისმიერი კანდიდატისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ცვლილება ყველა კატეგორიაზე ვრცელდება?
ამ ეტაპზე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი სავალდებულო იქნება მხოლოდ მხოლოდ B და B1 კატეგორიებისთვის, ანუ საუბარია მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებასა და მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაზე მისაბმელით.
დანარჩენი კატეგორიებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ეტაპია სავალდებულო, მოგვიანებით კი ცვლილება მათზეც გავრცელდება.