ცნობილი მწერალი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტი სიუ ჯონსონი თავის ბესტსელერში “უფრო მაგრად ჩამეხუტე. 7 დიალოგი სიყვარულისთვის“ ურთიერთობების დამანგრეველ რამდენიმე მოდელზე საუბრობს. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს ურთიერთობას საფრთხე ემუქრება და როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა?..
„ვიპოვოთ დამნაშავე“
ეს მოდელი ალბათ ყველა ჩვენგანს გამოუყენებია და თან არაერთხელ. აღმოჩნდა, რომ ჩვევა, გაამართლო შენი ქცევა პარტნიორის დადანაშაულებით – დანაშაულის გრძნობის მოშორების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ „ქსელში“ მაშინ ვეხვევით, როცა ნამუსის დამშვიდებას ვცდილობთ და პარტნიორს პასუხისმგებლობის აღებას ვაიძულებთ.
პრობლემის მოსაგვარებლად დამნაშავის ძებნა უნდა შევწყვიტოთ და კონფლიქტის არსი გავაანალიზოთ.
„ნეგატიური ცეკვა“
ეს მოდელი თავისი განმეორებადობით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში ისევე როგორც ცეკვაში ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და შეყვარებულებს ერთმანეთის დადანაშაულება უსასრულოდ შეუძლიათ. მუდმივი დაძაბულობის ფონზე ნდობაც იკარგება.
ასეთ ქცევას იმის გამოწვევა შეუძლია, რომ ერთი მხარე მეორეს პროვოცირებით ემოციურ სიახლოვეს გრძნობს, რა დროსაც მეორე მხარე თავის თავში უფრო მეტად იკეტება. პრობლემის მოგვარება მოსმენის უნარით და ღიად საუბრით შეიძლება, პარტნიორის დადანაშაულების ნაცვლად სიტუაცია განიხილეთ და პრობლემა ერთობლივი ძალებით გადააგორეთ.
„გაშეშდი – გაიქეცი“
ეს მოდელი გულისხმობს პარტნიორებს, რომლებიც ნეგატიურ ურთიერთობაში არიან ჩაფლული და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ. ისინი ამჯობინებენ თავის მოთხოვნებზე არ ისაუბრონ და მათი მოგვარების გზები დამოუკიდებლად ეძებონ, რაც როგორც წესი ღალატის და ურთიერთობის დანგრევის მიზეზი ხდება ხოლმე.
ეს მოდელი მაშინ ვითარდება, როდესაც უყურადღებობით დაღლილი ერთი მხარე საპასუხო რეაქციის მიღებას აღარ ცდილობს და საკუთარ თავში იკეტება. ემოციური სიშორის გადალახვის საუკეთესო გზა ხშირი კონსტრუქციული დიალოგია, რომლის დროსაც თქვენი ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს განიხილავთ.